Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

გათავისუფლდებიან თუ არა მასწავლებლები საშემოსავლო გადასახადისგან

გათავისუფლდებიან თუ არა მასწავლებლები საშემოსავლო გადასახადისგან

მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღების ინსტრუქცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - ​stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა, სადაც გაწერილია, თუ ვინ ისარგებლებს შეღავათით და ვინ - ვერა. 

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება 

2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები და აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საჯარო სკოლის წარმომადგენლები იმ სიაში მოხვდნენ, ვინც ვერ ისარგებლებენ შეღავათით. 

საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:

► ყველა სამინისტროს;

► სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სსიპ-ებს (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ;

► მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა);

► სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურებს;

► სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოების შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;

► ეროვნულ ბანკს;

► ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს.

წაიკითხეთ სრულად