Baby Bag

მასწავლებლის სახლის განმარტებები „პრაქტიკოსი“ მასწავლებლების სტატუსთან დაკავშირებით

მასწავლებლის სახლის განმარტებები „პრაქტიკოსი“ მასწავლებლების სტატუსთან დაკავშირებით

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მასწავლებლის სახლი დამატებით განმარტებებს ავრცელებს „პრაქტიკოსი“ მასწავლებლების სტატუსთან დაკავშირებით. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მასწავლებლის სახლის განცხადებას:

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების თანამხად, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ვერ აიმაღლებდა სტატუსს (ვერ დააგროვებდა 19 კრედიტქულას) გაუუქმდებოდა „პრაქტიკოსი მასწავლებლის“ სტატუსი და სკოლა ვალდებული იყო შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. 2015 წლიდან დღემდე, პრაქტიკოს მასწავლებლებს არაერთხელ ჰქონდათ წინსვლის საშუალება.

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების შესაბამისად, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრულ პირობებს, მიენიჭათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და განესაზღვრათ მაქსიმუმ ოთხწლიანი (3 წელი + 1 პილოტირების წელი) ვადა შემდგომი სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად, სხვა აქტივობებთან ერთად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ ვალდებულება, ჩაებარებინათ საგნის გამოცდა (გადაელახათ 60%-იანი ზღვარი).

​„მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის N35 დადგენილებით, შეიცვალა სტატუსის მინიჭების გზები. კერძოდ, მათ მიეცათ საშუალება, ნაწილობრივ დაედასტურებინათ საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე (იხ. ცხრილი, რომელშიც მოცემულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი მაქსიმალური ქულის შესაბამისობა კრედიქტულებთან).

​ამ ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ეთვლებოდა, თუ ტესტური დავალების მაქსიმალური ქულის 30%-ს მაინც გადალახავდა (მაგ. თუ გამოცდის მაქსიმალური ქულა იყო 80, პრაქტიკოს მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ჩაეთვლებოდა მინიმალური 24 ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი და მოიპოვებდა 1 კრედიტქულას) და საჭირო 19 კრედიტქულას შეივსებდა სხვა აქტივობებით. მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები (საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურების გარდა) ფასდებოდა და მათ კრედიტქულები ენიჭებოდათ სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ.



2020 წელს კვლავ განხორციელდა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილმდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად, მიეცათ შესაძლებლობა, კვლავ ნაწილობრივ დაედასტურებინათ კომპეტენცია (1, 4, 7, 10 კრედიტზე), გამოცდაზე უკეთესი შედეგის მიღების (დაიშვა პრეცედენტი, შეენარჩუნებინათ წინა წლებში მიღებული უკეთესი შედეგები) და 5 კრედიტიანი ტრენინგის წარმატებით გავლის გზით შეევსოთ 19 კრედიტქულა და შეეცვალათ სტატუსი.პრაქტიკოს მასწავლებელთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა 2-ჯერ - ზაფხულში და შემოდგომაზე (წინა წლებში ტარდებოდა ერთხელ). ასევე, 2-2-ჯერ მიეცათ მათ შესაძლებლობა, აეტვირთათ და გამოექვეყნებინათ სკოლის ბაზაზე განხორციელებული აქტივობები, ხოლო სკოლის შეფასების ჯგუფებს ჰქონდათ საშუალება მიენიჭებინათ კრედიტქულები და წარედგინათ წინადადება კონკრეტული მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ.

​იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და არ მიეცათ 2020 წლის ზაფხულში გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა (არსებული პანდემიური მდგომარეობიდან)

გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდა პანდემიურ გარემოში, რამაც გაახანგძლივა გამოცდის პერიოდი და საბოლოო შედეგების გამოცხადება, მთავრობის დადგენილებაში (სქემაში) კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და დარეგისტრირებულნი იყვნენ გამოცდაზე და ზემოაღნიშნული გზით ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე.

2015 წელს, პირველადი გადანაწილებით, სისტემაში იყო 45354 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომლებსაც წლების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდათ სტატუსის ცვლილების საშუალება. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართულ სექტორზე დასაქმებულია 4000-მდე მასწავლებელი, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილმდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად და 1 კრედიტზეც კი ვერ შეძლეს პროფესიული და/ან საგნობრივი კომპეტენცის დადასტურება,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის განცხადებაში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავ​ლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, შეფასების ორი სავალდებულო ფორმა განისაზღვრა - რა განსხვავებაა მათ შორის?

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, შეფასების ორი სავალდებულო ფორმა განისაზღვრა - რა განსხვავებაა მათ შორის?

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - ​განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. 

რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის? - განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში, ხოლო განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

უფრო კონკრეტულად: 

განმსაზღვრელი შეფასება

მისი მიზანია მოსწავლეთა მიღწევების დონის შემოწმება სასწავლო მიზნებთან შეფარდებით. მაგ. განმსაზღვრელი შეფასებაა ქულა, რომელსაც მასწავლებელი წერს გაკვეთილის დროს და რომელსაც არ ახლავს თან განმარტება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შედეგი გაუმჯობესდეს. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება სემესტრის ბოლოს, თემის დამთავრების შემდეგ, წლის ბოლოს და ა. შ. ისეთი სტანდარტიზებული ტესტები, როგორიცაა GRE, TOEFL და ა. შ. - არის განმსაზღვრელი შეფასების მაგალითები. მაგალითად, „რესტორნის მზარეულის მიერ საჭმლის გასინჯვა" არის განმავითარებელი შეფასება, რადგან ის სინჯავს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მისი პროდუქტი. მისი „კლიენტის მიერ საჭმლის გასინჯვა" არის განმსაზღვრელი შეფასება რადგან ის უბრალოდ ადგენს, რამდენად კარგია საბოლოო პროდუქტი. განსაზღვრებით შეფასებას „სწავლის შეფასებასაც" უწოდებენ.

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება. მასწავლებლის მიზანია: ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა) და, ამავე დროს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ, რათა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება ემსახურება სწავლების დარეგულირებას - დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. განმავითარებელ შეფასებას „სწავლისათვის შეფასებასაც" უწოდებენ. განმავითარებელი შეფასების ყველაზე გავრცელებული ფორმებია წერილობითი კომენტარები, შეფასება ცხრილების (რუბრიკების) საშუალებით და სხვ.

იხილეთ ასევე:

სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის - ​განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება

წაიკითხეთ სრულად