Baby Bag

„ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა“ - ფილოლოგი გია მურღულია

„ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა“ - ფილოლოგი გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ, ლექციაზე „ოთხი კაცის ამბავი“, ისაუბრა პედაგოგების იმ ნაწილზე, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სჭირდებათ მუდმივი პროფესიული განვითარება.

„ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში გამოკითხეს მასწავლებლები. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი - რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ცხოვრებაში მუდმივ პროფესიულ განვითარებას? - 60%-ზე მეტმა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ პროფესიული განვითარება, რადგან დაამთავრეს უნივერისიტეტი და საკმარისი იციან, იმისათვის რომ ბავშვებს ასწავლონ. ჩემთვის, ალბათ ბევრისთვისაც, ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა. არც კი მინდა დავიჯერო, მგონია რომ გადაჭარბებულია, თუმცა ეს ოფიციალურად დაბეჭდილია.

მე ვიცნობ, ფანტასტიკურ მასწავლებლებს, „ფოიერვერკებს“ აწყობენ გაკვეთილებზე, მაგრამ ზუსტად ვიცი  რომ დიდი პრობლემები გვაქვს ამ კუთხით, ბევრი ადამიანი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს.

ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ, რაც ბევრს არ მოსწონს. ამბობენ, რომ თითქოს პატივს არ ვცემ მასწავლებელს. პატივს არ ვცემ კი არა, ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მიმაჩნია მთელ ქვეყანაზე.

ვარ ბედნიერი, როდესაც კარგ გაკვეთილს ვუყურებ და კარგ მასწავლებელს ვხვდები, ასევე ვარ ბედნიერი, როდესაც საშუალო მასწავლებელს ვხვდები, აწ უკვე. თუმცა, ვერ ვეგუები, ისეთ მასწავლებელს, რომელიც არაფერს აძლევს ბავშვებს.“

წყარო: ,,აზროვნების აკადემია"

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ბერიძე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და 30 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, პროფესიულ განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავს.

ცარო მაისურაძე მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ. ის გეოგრაფიას ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ასწავლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

ლუიზა ლომჯარია ინგლისური ენის მასწავლებელია. პედაგოგიური საქმიანობა 43 წლის წინ დაიწყო და თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დღემდე წარმატებით აგრძელებს.

შალვა ხუციშვილი თბილისის 219-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და უკვე 39-ე წელია მოსწავლეებს მათემატიკას წარმატებით ასწავლის.

მარინა მამულაშვილი თბილისის 140-ე საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგია,33 წლიანი სამუშაო სტაჟით.მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი, განსხვავებული და საინტერესოა.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

წაიკითხეთ სრულად