Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“ - ეკატარინე ტიკარაძე

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ და ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება:

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად