Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.

II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


​დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, დროულად მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა შეუფერხებლად შეძლონ.

წაიკითხეთ სრულად