საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლებლების ჯგუფი.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.
ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.
ცვლილებების თანახმად:
მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება.
განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები.
დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა.
ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით).
ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა).
გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში.
კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი.
თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა.
კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით).
ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.
აქვე მოგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება.