Baby Bag

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV).

ტესტის მოკლე აღწერა

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი ზღვარი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით. საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:

  • არჩევითპასუხებიანი;
  • შესაბამისობის;
  • ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.);
  • კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;
  • ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმ​ულზე.

საგამოცდო ტესტთან და პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ“

„სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ“
სკოლებში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით შერეულ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საგაკვეთილო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვასთან ერთად ონლაინ სწავლებასაც მოიცავს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატარინე დგებუაძემ სკოლებში სტუმრობისას განაცხადა. 
მისივე თქმით, სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ხოლო მათ, ვისაც სურვილი აქვთ, დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ სწავლა, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ სწავლების პორტალზე.
მინისტრის მოადგილემ მშობლებს თხოვნით მიმართა, რომ ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში აწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, რაც გულისხმობს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ან მთლიანად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ან წერტილოვნად - კონკრეტული კლასი/სართული.

წაიკითხეთ სრულად