მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ხელოვანია
მასწავლებლები ხშირად იკარგებიან საკუთარ სწავლების სტილში მკაცრი, მზრუნველი, მეგობრული, განსხვავებული, უხეში, გულგრილი... უამრავი ტიპის მასწავლებელს შევხვედრილვართ, ბევრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც გვქონდა, თუმცა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მათი გულწრფელობა. ისინი ხომ ისე გვასწავლიდნენ როგორც ახალ ხასიათს და მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო შეიძლება ყოფილიყო, ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი მათ გულწრფელობაში. ალბათ, სწორედ ამიტომ ვირჩევთ ამ პროფესიას, ის ხომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი იდენტობით ვიმუშაოთ, ვიყოთ შემოქმედები და ისეთები, როგორიც ვართ. ხშირად გაბატონებულ წარმოდგენებს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე საკუთარი თავისუფალი ნების არსს. ხომ გვინახავს ისეთი მასწავლებლებიც სკოლის კართან რომ ტოვებენ საკუთარ პიროვნებას და სრულიად სხვა ადამინები ხდებიან სასწავლო დღის დასრულებამდე. ალბათ, სწორედ ამიტომ იწყება პროფესიული კრიზისიც, თუმცა არც ესაა პრობლემა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უკეთესი, მაგრამ არა სრულყოფილი. ხშირად საჭიროა, საკუთარ თავს შევახსენოთ, ვინ ვართ, მხოლოდ ასე შევძლებთ, ვუპასუხოთ ჩვენს მოლოდინებს, შეიძლება, დეპრესიაც გვქონდეს, თავი ცუდად ვიგრძნოთ, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვანები ვართ, კრეატიული და ყველაზე თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები. ყველაფერი კი, რაც ჩვენს თავს ხდება, გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც მთავარი იარაღია საჭირო საქმის საკეთებლად.
ავტორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მზეო შველიძე