Baby Bag

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

ტექსტში ბევრი რჩევაა, თუ არ გიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა და გირჩევნია შენსავე შეცდომაზე ისწავლო, ნუ წაიკითხავ, ჩემიანი ხარ.

კოლფილდივით, სელინჯერის პერსონაჟივით, შევდივართ ახალგაზრდა მასწავლებლები საკლასო ოთახებში: „მე მინდა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში უამრავ მოთამაშე ბავშვს ვუყურებდე და როგორც კი რომელიმე მათგანი გადავარდნას დააპირებს, ვიჭერდე“ - ზუსტად ამ ენთუზიაზმით. ძალიან გვინდა სწავლა-სწავლების პროცესი თამაშს ჰგავდეს, თამაში ხომ წარმოსახვაა, თავისუფლება, ბევრი სივრცე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უყვართ და სჭირდებათ განვითარებისთვის. ჰოლდენმა იცის, რომ გადავარდნის საფრთხე გარდაუვალია, უნდა რომ უყურებდეს მათ და იჭერდეს - მეტი არაფერი.

მაშ, პირველი და მთავარი რჩევა: დაივიწყე ეს ენთუზიაზმი, ჯერ უნდა მიგიღონ. პრაგმატულად შეხედე ყველაფერს და შეისწავლე სიტუაცია, ოღონდ არ დაგავიწყდეს მთავარი: შენ მაგალითი ხარ მოსწავლეებისთვის, როგორადაც მოიქცევი, ისე მოგექცევიან, ამიტომ იყავი ზრდილობიანი, პატივი ეცი მათ წინარე ცოდნას, სურვილებს, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს. მოსწავლეს ვერ „აჯობებ“! არც მოინდომო, რომ ხმას აუწევ და ასე გააჩუმებ. საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმა კი არა, ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეს, ნუ დათრგუნავ მათ, ასე პატივისცემას დაკარგავ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.

გაიცანი. დააცადე, რომ გაგიცნონ. მაშინათვე ნუ გამოიყენებ შენს ახალ მეთოდებს, სტილს, უნივერსიტეტში ნასწავლის დამკვიდრებას ნუ შეეცდები. იქ ხომ იმასაც გვასწავლიდნენ, რომ თითოეულ კლასს თავისი დინამიკა აქვს, წარსული გამოცდილება, ღირებულებათა სისტემა. ხოდა, ეცადე, დააკვირდე და შეისწავლო. მხოლოდ შემდეგ მიხვდები, რა უნდა შეცვალო და როგორ. იყავი დამკვირვებლის პოზიციაში, მეტად მოისმინე. ზოგიერთი კლასი მაშინვე მიგიღებს, ზოგიერთი - ვერ, დრო დასჭირდება.

შენ თუ გსიამოვნებს კონკრეტულ თემაზე საუბარი, კონკრეტული გაკვეთილის ახსნა, არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს სჭირდებათ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, გქონდეს გეგმა, დღის, კვირის, თვის მიზნები. გაკვეთილის დასრულებისთანავე საკუთარ თავს ჰკითხე, უახლოვდები თუ არა მიზანს, გაზომე შედეგები, იკვლიე მოსწავლეების საჭიროებები, იმოქმედე ამის მიხედვით.

კარგად გაეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, იკითხე პროფესიული ლიტერატურა. ხშირად გადაიკითხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დააკვირდი: იქ არსად წერია, რომ ზმნის ყველა კატეგორიის სწავლა სავალდებულოა თითოეული მოსწავლისთვის, სამაგიეროდ, აუციელებელია ერთმანეთის პატივისცემას, მოსმენას მივაჩვიოთ და ა. შ. ხშირად დაფიქრდი გეგმის თითოეულ პუნქტზე.

ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები და მაქსიმალურად დეტალურად ახსნილი დავალების პირობა. მხოლოდ გვერდებს ნუ მიუთითებ. აუხსენი, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ. მათ უნდა იცოდნენ, რაში და როგორ ვაფასებთ. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეებში უსამართლობის განცდას აგარიდებს. თავადაც შექმნან კრიტერიუმები. მოიფიქრე აქტივობები (საკლასო, საშინაო), რომლებიც შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობას გააზრებინებს მოსწავლეებს. 

გაიხსენე ბლუმის ტაქსონომიაც. ნუ დასვამ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციაზე ორიენტირებულ კითხვებს. გაიაზრონ, გამოიყენონ, შეაფასონ, გამოთქვან საკუთარი აზრი, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, პირად გამოცდილებასთან. ჩვენ ხომ ცოდნასთან ერთად უნარებსა და ღირებულებებზე ვმუშაობთ. ნუ იქნები რამდენიმე ბავშვზე ორიენტირებული. თუკი რამდენიმეს „ამოიჩემებ“, მათ მოაყოლებ ხოლმე, (ადექი, მოყევი, დაჯექის პრინციპით) ზარიც „მოგისწრებს“ და ამ დროს სინდისი არ შეგაწუხებს, ეს პროფესია შენი არ არის. არ მომერიდება იმის დაწერის, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცევი. ბავშვობის ტრავმები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს. მასწავლებელი ავითარებს თავდაჯერებულობის განცდას. ნუ მიაწებებ იარლიყებს, შეეცადე მრავალი მხრიდან შეხედო მათ შესაძლებლობებს. არ დაჩაგრო სიტყვებითა და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ქმედებებით. რწმენა გაუღვივე, რომ გარემოებების მიუხედავად შეუძლია წარმატებული და ბედნიერი მომავლის შექმნა - ეს განცდა ბავშვობიდან ყალიბდება. ამისთვის საკმარისია, გაკვეთილზე საჭიროდ, დაფასებულ და პატივსაცემ მოსწავლეებად იგრძნონ თავი.

განვითარდი, იკითხე, იკვლიე. გამოყავი ნახევარი საათი დღის ბოლოს, რომ ჩაიწერო, რა ხდებოდა ამა თუ იმ კლასში, რა მოლოდინი გქონდა, რატომ გამართლდა ან რატომ ვერ გამართლდა. გახსოვდეს, რომ ის რესურსები, რომლებსაც მოსწავლეებს სთავაზობ, უმნიშვნელოვანესია. თავადაც შექმენი. წიგნი ერთ-ერთი რესურსია და მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობი. გადადე ხოლმე, თუ შენი მოსწავლეების საჭიროებებს ვერ მოარგებ ამა თუ იმ საკითხსა და სავარჯიშოს. 

ყველაზე გულწრფელი ოცნებების, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, უცნაური წყენების, ზოგჯერ იმედგაცრუებების, მძაფრი ემოციების, თავგადასავლების და თავდავიწყებით შეყვარების ადგილია საკლასო ოთახი. გილოცავ ამ მუდმივ თავგადასავალს. პირადად მე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი იქნება პარალელურად. ჯერ იქნება სკოლა, მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. 

დაბოლოს, ეს ტექსტი ჩემს შეცდომებზე დაკვირვების შედეგია. ახლა უფრო გვესმის მე და სელინჯერის გმირს ერთმანეთის. ვიცი, ბევრი შეცდომა იქნება მომავალშიც (სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია), მაგრამ მიმიღეს და მომცეს თამაშში ჩართვის უფლება და საშუალება. კონსტრუქტივიზმი ჰქვია თამაშს - თვითონ აღმოაჩენენ, თვითონ აგებენ, თვითონ ეძებენ და არც ფიქრობენ, რომ სადმე გადავარდნის საფრთხეა.

ეს უდიდესი მიზნების სფეროა, დაუჯერე შენს მიზნებს და ხელისშემშლელი ფაქტორები ვერაფერს დაგაკლებს. 

ავტორი: ნანა სამუშია 

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსის პანდემიის გამო 10 მილიონამდე ბავშვი, შესაძლოა, სკოლაში ვერასდროს დაბრუნდეს

კორონავირუსის პანდემიის გამო 10 მილიონამდე ბავშვი, შესაძლოა, სკოლაში ვერასდროს დაბრუნდეს

სახელმწიფოების ფინანსური შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება და სიღარიბის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, განათლების სისტემას უდიდეს საფრთხეს უქმნის. შესაძლოა, წლის ბოლომდე ათ მილიონამდე ბავშვი სკოლის მიღმა დარჩეს. კოვიდ 19-ის უარყოფითი ეფექტები განსაკუთრებით გოგონებზე აისახება. მდედრობითი სქესის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლებს იძულებით დატოვებენ, ნაადრევი ქორწინების საფრთხე ემუქრებათ, ბევრ მათგანს, შესაძლოა, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებაც მოუხდეს.

საქველმოქმედო ორგანიზაციები მთავრობებს მოუწოდებენ, განათლების სფეროში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადონ. რამდენიმეთვიანი შეზღუდვების შემდეგ, სკოლები მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან. დაბალბიუჯეტიან სახელმწიფოებს განათლების სისტემის დაფინანსება განსაკუთრებით გაუჭირდებათ. ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისთვის განათლება ნათელი მომავლის ერთადერთი იმედია.

ეკონომისტების ვარაუდით, მომდევნო 18 თვის მანძილზე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში განათლების სისტემისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს დაახლოებით 77 მილიარდ დოლარამდე თანხა მოაკლდება. თუ მოვლენები ცუდი სცენარით წარიმართება და სახელმწიფოებს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დამატებითი თანხების მობილიზება დასჭირდათ, შესაძლოა, აღნიშნული თანხა 2021 წლის ბოლოსთვის 192 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდეს.

გლობალური მასშტაბით განათლების სისტემის ბიუჯეტის მოსალოდნელი კრახის მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აღმოჩნდა, რომ მსოფლიო მასშტაბით 1,8 მილიარდამდე ბავშვი სკოლის მიღმა დარჩა. სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია. შესაძლოა, 10 მილიონამდე ბავშვმა სკოლაში დაბრუნება ვერასდროს შეძლოს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით გამიჯნავს ერთმანეთისგან ღარიბებსა და მდიდრებს. დაბალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ოჯახის შვილებს სკოლებში დაბრუნება გაუჭირდებათ. ისინი უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, რადგან დისტანციური სწავლების დროს თითქმის ნახევარი აკადემიური წლის განმავლობაში ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ.

კორონავირუსის პანდემიამდე მსოფლიო მასშტაბით 258 მილიონი ბავშვი უკვე სკოლის მიღმა იყო დარჩენილი. პანდემიის დასრულების შემდეგ დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის 12 ქვეყნის, ასევე ავღანეთისა და იემენის სკოლებში მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. გლობალური პანდემიის გამო მილიარდზე მეტი ბავშვი სკოლისა და სასწავლო პროცესების მიღმაა დარჩენილი.

მსოფლიოს უღარიბეს 12 ქვეყანაში გენდერული და კლასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები კოვიდ-19-ის პანდემიამდეც არსებობდა, თუმცა აღნიშნული პრობლემა პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობების ძალისხმევის მიუხედავად მილიონობით ბავშვი ვერ ახერხებდა დისტანციურად სწავლას. ბევრ მათგანს ხელი არ მიუწვდებოდა ინტერნეტსა და ტელევიზიაზე, ნაწილს კი არ ჰყავდა განათლებული მშობლები, რომლებიც მათ დახმარებას შეძლებდნენ. სწავლაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენის გამო ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში დაბრუნებას, სავარაუდოდ, აღარ მოისურვებს.

სკოლების დახურვასთან ერთად ბავშვებმა დაკარგეს უსაფრთხო ადგილებში მეგობრებთან ერთად თამაშის შესაძლებლობა, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობები. მასწავლებლები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მთავარ დამცველებად გვევლინებიან. სკოლების დახურვის გამო ბავშვებმა მასწავლებლების სახით მფარველები და მხარდამჭერები დაკარგეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობებს მოუწოდებენ ბავშვების ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენონ, რადგან განათლების მიღება ნებისმიერი ბავშვის უფლებაა. ბავშვებს უნდა მიეცეთ განვითარების და უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობებს ურჩევენ, რომ განათლება მთავარ პრიორიტეტად დასახონ და განათლების სისტემის დაფინანსება გაზარდონ, რათა ღარიბი ბავშვები სკოლის მიღმა არ დარჩნენ.

მომზადებულია: ​savethechildren.org-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად