Baby Bag

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

„მოსწავლეს ვერ აჯობებ“ - რჩევები დამწყებ პედაგოგებს

ტექსტში ბევრი რჩევაა, თუ არ გიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა და გირჩევნია შენსავე შეცდომაზე ისწავლო, ნუ წაიკითხავ, ჩემიანი ხარ.

კოლფილდივით, სელინჯერის პერსონაჟივით, შევდივართ ახალგაზრდა მასწავლებლები საკლასო ოთახებში: „მე მინდა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში უამრავ მოთამაშე ბავშვს ვუყურებდე და როგორც კი რომელიმე მათგანი გადავარდნას დააპირებს, ვიჭერდე“ - ზუსტად ამ ენთუზიაზმით. ძალიან გვინდა სწავლა-სწავლების პროცესი თამაშს ჰგავდეს, თამაში ხომ წარმოსახვაა, თავისუფლება, ბევრი სივრცე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვებს უყვართ და სჭირდებათ განვითარებისთვის. ჰოლდენმა იცის, რომ გადავარდნის საფრთხე გარდაუვალია, უნდა რომ უყურებდეს მათ და იჭერდეს - მეტი არაფერი.

მაშ, პირველი და მთავარი რჩევა: დაივიწყე ეს ენთუზიაზმი, ჯერ უნდა მიგიღონ. პრაგმატულად შეხედე ყველაფერს და შეისწავლე სიტუაცია, ოღონდ არ დაგავიწყდეს მთავარი: შენ მაგალითი ხარ მოსწავლეებისთვის, როგორადაც მოიქცევი, ისე მოგექცევიან, ამიტომ იყავი ზრდილობიანი, პატივი ეცი მათ წინარე ცოდნას, სურვილებს, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს. მოსწავლეს ვერ „აჯობებ“! არც მოინდომო, რომ ხმას აუწევ და ასე გააჩუმებ. საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმა კი არა, ბავშვების სილაღის, მათი თავისუფლების და აზრების ხმა უნდა გესმოდეს, ნუ დათრგუნავ მათ, ასე პატივისცემას დაკარგავ - „თუ ბავშვში ცელქს ჩაკლავ, ბრძენს ვეღარ აღზრდი“.

გაიცანი. დააცადე, რომ გაგიცნონ. მაშინათვე ნუ გამოიყენებ შენს ახალ მეთოდებს, სტილს, უნივერსიტეტში ნასწავლის დამკვიდრებას ნუ შეეცდები. იქ ხომ იმასაც გვასწავლიდნენ, რომ თითოეულ კლასს თავისი დინამიკა აქვს, წარსული გამოცდილება, ღირებულებათა სისტემა. ხოდა, ეცადე, დააკვირდე და შეისწავლო. მხოლოდ შემდეგ მიხვდები, რა უნდა შეცვალო და როგორ. იყავი დამკვირვებლის პოზიციაში, მეტად მოისმინე. ზოგიერთი კლასი მაშინვე მიგიღებს, ზოგიერთი - ვერ, დრო დასჭირდება.

შენ თუ გსიამოვნებს კონკრეტულ თემაზე საუბარი, კონკრეტული გაკვეთილის ახსნა, არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ეს სჭირდებათ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, გქონდეს გეგმა, დღის, კვირის, თვის მიზნები. გაკვეთილის დასრულებისთანავე საკუთარ თავს ჰკითხე, უახლოვდები თუ არა მიზანს, გაზომე შედეგები, იკვლიე მოსწავლეების საჭიროებები, იმოქმედე ამის მიხედვით.

კარგად გაეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, კანონს ზოგადი განათლების შესახებ, იკითხე პროფესიული ლიტერატურა. ხშირად გადაიკითხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დააკვირდი: იქ არსად წერია, რომ ზმნის ყველა კატეგორიის სწავლა სავალდებულოა თითოეული მოსწავლისთვის, სამაგიეროდ, აუციელებელია ერთმანეთის პატივისცემას, მოსმენას მივაჩვიოთ და ა. შ. ხშირად დაფიქრდი გეგმის თითოეულ პუნქტზე.

ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები და მაქსიმალურად დეტალურად ახსნილი დავალების პირობა. მხოლოდ გვერდებს ნუ მიუთითებ. აუხსენი, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ. მათ უნდა იცოდნენ, რაში და როგორ ვაფასებთ. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მოსწავლეებში უსამართლობის განცდას აგარიდებს. თავადაც შექმნან კრიტერიუმები. მოიფიქრე აქტივობები (საკლასო, საშინაო), რომლებიც შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობას გააზრებინებს მოსწავლეებს. 

გაიხსენე ბლუმის ტაქსონომიაც. ნუ დასვამ მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციაზე ორიენტირებულ კითხვებს. გაიაზრონ, გამოიყენონ, შეაფასონ, გამოთქვან საკუთარი აზრი, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ, პირად გამოცდილებასთან. ჩვენ ხომ ცოდნასთან ერთად უნარებსა და ღირებულებებზე ვმუშაობთ. ნუ იქნები რამდენიმე ბავშვზე ორიენტირებული. თუკი რამდენიმეს „ამოიჩემებ“, მათ მოაყოლებ ხოლმე, (ადექი, მოყევი, დაჯექის პრინციპით) ზარიც „მოგისწრებს“ და ამ დროს სინდისი არ შეგაწუხებს, ეს პროფესია შენი არ არის. არ მომერიდება იმის დაწერის, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცევი. ბავშვობის ტრავმები მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს. მასწავლებელი ავითარებს თავდაჯერებულობის განცდას. ნუ მიაწებებ იარლიყებს, შეეცადე მრავალი მხრიდან შეხედო მათ შესაძლებლობებს. არ დაჩაგრო სიტყვებითა და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ქმედებებით. რწმენა გაუღვივე, რომ გარემოებების მიუხედავად შეუძლია წარმატებული და ბედნიერი მომავლის შექმნა - ეს განცდა ბავშვობიდან ყალიბდება. ამისთვის საკმარისია, გაკვეთილზე საჭიროდ, დაფასებულ და პატივსაცემ მოსწავლეებად იგრძნონ თავი.

განვითარდი, იკითხე, იკვლიე. გამოყავი ნახევარი საათი დღის ბოლოს, რომ ჩაიწერო, რა ხდებოდა ამა თუ იმ კლასში, რა მოლოდინი გქონდა, რატომ გამართლდა ან რატომ ვერ გამართლდა. გახსოვდეს, რომ ის რესურსები, რომლებსაც მოსწავლეებს სთავაზობ, უმნიშვნელოვანესია. თავადაც შექმენი. წიგნი ერთ-ერთი რესურსია და მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობი. გადადე ხოლმე, თუ შენი მოსწავლეების საჭიროებებს ვერ მოარგებ ამა თუ იმ საკითხსა და სავარჯიშოს. 

ყველაზე გულწრფელი ოცნებების, მრავალფეროვანი შესაძლებლობების, უცნაური წყენების, ზოგჯერ იმედგაცრუებების, მძაფრი ემოციების, თავგადასავლების და თავდავიწყებით შეყვარების ადგილია საკლასო ოთახი. გილოცავ ამ მუდმივ თავგადასავალს. პირადად მე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერი იქნება პარალელურად. ჯერ იქნება სკოლა, მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. 

დაბოლოს, ეს ტექსტი ჩემს შეცდომებზე დაკვირვების შედეგია. ახლა უფრო გვესმის მე და სელინჯერის გმირს ერთმანეთის. ვიცი, ბევრი შეცდომა იქნება მომავალშიც (სწავლა-სწავლება ცოცხალი პროცესია), მაგრამ მიმიღეს და მომცეს თამაშში ჩართვის უფლება და საშუალება. კონსტრუქტივიზმი ჰქვია თამაშს - თვითონ აღმოაჩენენ, თვითონ აგებენ, თვითონ ეძებენ და არც ფიქრობენ, რომ სადმე გადავარდნის საფრთხეა.

ეს უდიდესი მიზნების სფეროა, დაუჯერე შენს მიზნებს და ხელისშემშლელი ფაქტორები ვერაფერს დაგაკლებს. 

ავტორი: ნანა სამუშია 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში
სასკოლო კურიკულუმებში, როგორც წესი, განსაკუთრებული ყურადღება ლიტერატურასა და მათემატიკას ეთმობა, ხელოვნება კი მსგავსი პრივილეგიებით არ ​სარგებლობს. ბავშვებში კრეატიულობის განვითარებას და მათთვის ვიზუალური სილამაზის აღქმის სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაზე პრიმიტიული შემოქმედებითი აქტივობაც კი ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში?

მოტორული უნარები: შემოქმედებითი აქტივობების უდიდესი ნაწილი ბავშვისგან ისეთი მოძრაობების შესრულებას ითხოვს, რომლებიც მის მოტორულ განვითარებაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს. ფუნჯის გამოყენებით ხატვა, ნახატების გაფერადება თუ პლასტილინით ძერწვა ბავშვის მოტორულ უნარებს მნიშვნელოვნად ხვეწს. 3 წლის ასაკის ბავშვს წრის შემოხაზვა უნდა შეეძლოს, გარდა ამისა ის მაკრატლის გამოყენებით ფურცლების უსაფრთხოდ დაჭრასაც უნდა ახერხებდეს. ოთხი წლის ასაკში ბავშვი კვადრატს თავისუფლად უნდა ხატავდეს, ხოლო მაკრატლის გამოყენებით ფურცელს სწორ ხაზზე ჭრიდეს. ნაადრევ ასაკში მაკრატლის გამოყენება ბავშვს წერისთვის საჭირო სიმარჯვესა და მოქნილობას უყალიბებს.

ენობრივ-კომუნიკაციური უნარები: მცირეწლოვან ბავშვებში შემოქმედებითი აქტივობა ან ხელოვნებაზე საუბარი მათი ენობრივ-კომუნიკაციური უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვები ფერების, ფორმებისა და გარკვეული მოქმედებების აღმნიშვნელ სიტყვებს სწავლობენ. უკვე ერთი წლის ასაკიდან მშობლებმა ბავშვის წარმოსახვის განვითარებაზე ზრუნვა უნდა დაიწყონ. მათ შეუძლიათ ფურცელი დაჭრან, შემდეგ მრგვალად შეფუთონ და ბავშვს უთხრან, რომ ეს ბურთია. სასკოლო ასაკის ბავშვს კი მარტივი სიტყვებით თავისი განცდებისა და ფიქრების გადმოცემა უნდა შეეძლოს. მან უნდა ისაუბროს თავის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ ნახატის მიმართ, უნდა აღწეროს რას ხედავს ნახატზე და რა განცდებს იწვევს მასში ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედება.

გადაწყვეტილების მიღება: შემოქმედებითი აქტივობა ბავშვს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს უვითარებს. გამოცდილება, რომელსაც ბავშვი ხელოვნების გაკვეთილზე იღებს, მას ცხოვრებაშიც გამოადგება. თუ ბავშვები ხელოვნების რომელიმე დარგს გულმოდგინეს იკვლევენ, ატარებენ ახალ ექსპერიმენტებს და აქვთ თავიანთი იდეები, ე.ი. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში კრეატიული და შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ.
ვიზუალური შემეცნება: ხატვა, ძერწვა, კუბებით სახლების შენება და სხვა მსგავსი აქტივობები ბავშვს ვიზუალური შემეცნების უნარებს უვითარებს. ბავშვები სივრცის სწორად აღქმას სწავლობენ. კითხვის სწავლამდე ბავშვი სამყაროს შესახებ ინფორმაციას სწორედ ვიზუალური აღქმის დახმარებით იღებს. თანამედროვე ბავშვები გრაფიკული გამოსახულების წყალობით გაცილებით მეტ ცოდნას იღებენ, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა.

გამომგონებლობა: როდესაც ბავშვებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა ეძლევათ და ისინი შემოქმედებითი აქტივობებით კავდებიან, როგორც წესი, მათ ინოვაციური იდეებზე ფიქრის სურვილი უჩნდებათ. საზოგადოების განვითარებისთვის გამომგონებელი და შემოქმედებითი ადამიანების არსებობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. სოციუმის წინსვლისთვის აუცილებელია ისეთი ადამიანების სიმრავლე, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, პრობლემის გადაჭრის ახალ გზებზე ფიქრობენ და ნებისმიერი საკითხის შესახებ თავიანთი განსახვავებული ხედვა აქვთ.

კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დაგროვება: თანამედროვე სამყაროში რასიზმისა და სექსიზმის გამოვლინებებს ძალიან ხშირად ვხვდებით. ბავშვი, რომელიც თოჯინით თამაშობს, შესაძლოა მის მიმართ აგრესიას ავლენდეს, რაც, შესაძლოა, თოჯინის თმის ან კანის ფერმა ან სხვა ფიზიკურმა მახასიათებელმა გამოიწვიოს. ბავშვს არჩევანის თავისუფლების შესახებ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. ხელოვნების გაკვეთილი კი ამის საშუალებას იძლევა, რადგან ბავშვი ხედავს, რომ მხატვარი სამყაროს თავისებური ხედვის გადმოსაცემად სხვა და სხვა ფერს და ფორმას იყენებს, ასევე იქცევიან არქიტექტორები და დიზაინერებიც. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ განსხვავებული ფერი ან წარმომავლობა არაფერს ცვლის, რადგან სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და მისი მშვენიერებაც სწორედ ამაშია.

აკადემიური მოსწრების ამაღლება: კვლევებით დასტურდება, რომ შემოქმედებითი წარმატება და სხვა სახის მიღწევები ერთმანეთთან დადებით კორელაციაშია. ბავშვები, რომლებიც ხელოვნების წრეებზე დადიან, როგორც წესი, სკოლაშიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. ისინი მათემატიკასა და ლიტერატურაშიც ავლენენ საკუთარ ნიჭს, რადგან ხელოვნება მრავალფეროვანი ინტერესების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ავტორი: ია ნაროუშვილი
წაიკითხეთ სრულად