Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ,,ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სე­ბის მოთხოვ­ნა მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს...ეს პრო­ცე­სი და­უს­რუ­ლებ­ლად ვერ გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და''

    ,,ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სე­ბის მოთხოვ­ნა მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს...ეს პრო­ცე­სი და­უს­რუ­ლებ­ლად ვერ გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და''

    ყოფილი პრაქტიკოსების შესახებ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­ი ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე ​,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სე­ბის მოთხოვ­ნა მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს: 

    ,,​პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ არ­სე­ბობს. ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი და­ვუშ­ვით. ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სა­გა­ნი 10 კრე­დიტ­ზე აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, სის­ტე­მი­დან გაგ­ვეშ­ვა, მა­თი და­კარ­გ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამ მო­საზ­რე­ბით და­იშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი მათ­თ­ვის, ვი­საც 10 კრე­დიტ­ზე აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გა­მოც­და და ვი­საც ორი­ვე გა­მოც­და აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, ას­წავ­ლის მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში ან მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში. მათ აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი აქვთ, მით უფ­რო, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და კრე­დი­ტე­ბის შევ­სე­ბი­სას ჰქონ­დათ გა­მოწ­ვე­ვე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამ მას­წავ­ლებ­ლებს, იან­ვ­რი­დან, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბათ. ასე­თი სულ 700-მდე ადა­მი­ა­ნია.

    რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სე­ბის მოთხოვ­ნას, მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს. 2015 წელს, უფ­რო ად­რეც, მას­წავ­ლებ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ 2019 წელს სქე­მა მთავ­რ­დე­ბო­და და ამ პე­რი­ოდ­ში მათ, უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, 19 კრე­დი­ტი უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ. თუმ­ცა, პან­დე­მი­ის გა­მო, ორი წლით გა­და­ვად­და ეს პრო­ცე­სი, ანუ კი­დევ ორი წე­ლი მი­ე­ცათ და­მა­ტე­ბი­თი დრო სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ორ­ჯერ გა­ვიდ­ნენ გა­მოც­და­ზე. ეს პრო­ცე­სი და­უს­რუ­ლებ­ლად ვერ გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და.

    ყო­ფი­ლი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 პრო­ცენ­ტია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ­დენ­მა პრო­ცენ­ტ­მა ვერ აიმაღ­ლა სტა­ტუ­სი. ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბობს ამ­დე­ნიც და ამა­ზე მე­ტი პრო­ცენ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით ვერ იმაღ­ლე­ბენ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა. მე­ო­რე მხრი­დან თუ შევ­ხე­დავთ სა­კითხს, იმ ადა­მი­ა­ნებს რას ვპა­სუ­ხობთ, ვინც კომ­პე­ტენ­ცია და­ა­დას­ტუ­რა და პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლა სურს? მათ­თ­ვი­საც ხომ უნ­და გა­იხ­ს­ნას და­საქ­მე­ბის „კა­რი“? თუ სკო­ლამ, ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ აიყ­ვა­ნა, მა­შინ ყო­ფილ პრაქ­ტი­კოს­თან იმა­ვე პი­რო­ბე­ბით აგ­რ­ძე­ლებს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად არა­ფერს კარ­გავს, მას ისევ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ვი­დეს გა­მოც­და­ზე, ჩა­ა­ბა­როს და და­ა­დას­ტუ­როს კომ­პე­ტენ­ცია,'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ. 

    წაიკითხეთ სრულად