Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    2021-2022 სასწავლო წლიდან სკოლებში პროექტი „შემოაღე კარი მეცნიერებაში“ ახალ ეტაპზე გადადის

    2021-2022 სასწავლო წლიდან სკოლებში პროექტი „შემოაღე კარი მეცნიერებაში“ ახალ ეტაპზე გადადის

    ახალი სასწავლო წლიდან პროექტი „შემოაღე კარი მეცნიერებაში“, რომელიც სკოლებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლობას გულისხმობს, ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მათ მიერვე შერჩეულ კვლევით ინსტიტუტს ეწვევიან, მეცნიერთა საქმიანობას გაეცნობიან და მიიღებენ უახლეს ინფორმაციას მიმდინარე კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების შესახებ. „შემოაღე კარი მეცნიერებაში“, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში ხორციელდება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა პროექტით დაინტერესებული სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების, სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

    ნუნუ მიცკევიჩმა შეკრებილ საზოგადოებას აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად პროექტის განხორციელების გზები და შესაძლებლობები განიხილა. მინისტრის მოადგილის თქმით, 2020 წელს შეიქმნა ინტერნეტპლატფორმა „შემოაღე კარი მეცნიერებაში“, სადაც განთავსებულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ამსახველი ვიდეოსიუჟეტები და წარმატებული მეცნიერების მონათხრობები. პლატფორმამ მოსწავლეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

    ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ფონდის კონკურსები გააცნო. მან აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსები უახლოეს მომავალში გამოცხადდება, კერძოდ, „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩი“. აღნიშნულ კონკურსებში მოსწავლეებთან ერთად კონკრეტულ დარგში მოღვაწე მეცნიერებიც აქტიურად იქნებიან ჩართული.

    პროექტს მეცნიერების კალენდარი – 2021“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. პროექტის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის) და გულისხმობს მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენას და ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება იმართება.

    წაიკითხეთ სრულად