Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „ბავშვები უკვე ზღვარზე არიან, თუ ჩვენც მივემატეთ მათ, რა ვითარება შეიქმნება ოჯახში?! რომ არ გავგიჟდეთ, მოვნახოთ გამოსავალი,“ - შალვა ამონაშვილი

    „ბავშვები უკვე ზღვარზე არიან, თუ ჩვენც მივემატეთ მათ, რა ვითარება შეიქმნება ოჯახში?! რომ არ გავგიჟდეთ, მოვნახოთ გამოსავალი,“ - შალვა ამონაშვილი

    აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი პანდემიის პირობებში მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის საინტერესო რჩევებს აძლევს. ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მაქსიმალური სარგებლის მიღება უნდა შევძლოთ და პესიმიზმს არ მივეცეთ:

    „ეს პერიოდი მართლაც უცნაურია ჩვენთვის, მოულოდნელია. ​გამოცდილება არ გვაქვს ამ საქმეში და იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერც შევემზადეთ. ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, უნდა მივიღოთ. ვეცადოთ, მოვძებნოთ ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება, რას გამოვრჩეთ მისგან. ის მოვიდა, მოვლენა უკვე მოხდა, პანდემიაში უკვე ვართ, შეზღუდულები ვართ, ერთმანეთს ისე ვეღარ ვხვდებით. გვეშინია, რომ ვირუსი არ გადაგვედოს, სხვას არ გადავდოთ, ყველაფერი ეს უკვე არსებობს. რომ ვიწუხოთ, ეს რა მოხდა, რატომ მოხდა და ვინ არის დამნაშავეო, ეს მივანდოთ იმათ, ვინც მართლა გამოიკვლევს და გვიჩვენებს მერე, ვინ იყო დამნაშავე და რატომ მოხდა ეს ასე.“

    შალვა ამონაშვილის თქმით, პანდემია ურთიერთობების განმტკიცებისა და შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად უნდა გამოვიყენოთ:

    „ჩვენ როგორ მოვიქცეთ? მგონი, უნდა გამოვცადოთ ჩვენი თავი. ამ პირობებში რა შეგვიძლია, რომ ​ჩვენი შემოქმედება გამოვავლინოთ, ურთიერთობა განვამტკიცოთ ოჯახში, ერთმანეთთან. ღმერთმა ეს საოცარი ტექნიკა გამოგვიგზავნა. შეგვიძლია თუ არა, რომ ეს ტექნიკა სასიკეთოდ გამოვიყენოთ?! ამ ტექნიკას შეიძლება ბოროტადაც მოვექცეთ, ბოროტი საქმეებიც განვახორციელოთ, მაგრამ შეგვიძლია სასიკეთოდაც. ერთმანეთს ვესიყვარულოთ, ვესაუბროთ, გავუგზავნოთ საუკეთესო ცნობები, საუკეთესო გაკვეთილები ვაჩუქოთ ბავშვებს. უნდა დავაგროვოთ პირველი გამოცდილება. შეიძლება ბევრი რამ შეგვეშალოს, კიდევ გვეშლება ბევრი რა ახლა, ჯერ კიდევ ვერ ავითვისეთ ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ.“

    შალვა ამონაშვილი პანდემიას ადამიანობის გამოცდად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თავადაც ამ გამოცდას აბარებს:

    „ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის ეს პანდემია გამოცდაა. ეს არის გამოცდა ადამიანობაში, მოქალაქეობაში, ჩვენი სიყვარულის გამოცდაც არის. იმაშიც არის გამოცდა, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს გავუძლოთ. ერთია, როდესაც ხანდახან ხვდები ადამიანს და გიხარია, მერე ისევ დაცილდები და შეხვდები. როდესაც ხანგრძლივად ვართ ერთმანეთთან, შეიძლება ჩვენი ხასიათები ყოველმხრივ არ შეეწყოს ერთმანეთს. ამრიგად ეს არის ჩვენი გამოცდა. შეგვიძლია, რომ გამოცდა ჩავაბაროთ ადამიანურობაში? მე ამ გამოცდის პერიოდში ვარ. გირჩევთ, რომ ჩემზე უკეთესად ჩააბაროთ ეს გამოცდა.“

    შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს ურჩევს ბავშვებთან დისტანციური სწავლებისას ეფექტიანი და საინტერესო მეთოდები გამოიყენონ:

    „უცნაური გაკვეთილები გამოგვდის ჯერჯერობით. ჩვენი გამოცდა აქაც ჩასაბარებელი გვაქვს. ჩაჩურჩულება, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა უძლიერესი მეთოდიკური ხერხებია. ეკრანიდან ხელს ვერ გამოიწვდი, რომ ბავშვს მოეფერო, თვალებში ისე ჩახედო, რომ იგრძნო მისი თვალები, ეს ყველაფერი გამოირიცხა. ამ მხრივ ​ძალიან დასუსტდა განათლების საქმე. გვაქვს ეს ტექნიკა, მეტი გამოსავალი ხომ არ არის?! ჩვენ ყველანი გამოფენილები ვართ უკვე საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ არ იცოდა, როგორები ვიყავით ჩვენ კლასში. ახლა ყველას შეუძლია უყუროს ჩვენს პედაგოგიურ პროცესს. იმ ხერხებს და არსენალს, რომელსაც ვიყენებდით, ვეღარ გამოვიყენებთ, მაგრამ ​არის სხვა ხერხები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო: ლამაზი პრეზენტაციები, ღიმილი. რა გვიჭირს, რომ გაუღიმოთ ბავშვს?!  მოვიკითხოთ ოჯახი, ბავშვები, თვალებში შევხედოთ, რაღაც მოვუწონოთ. ვუთხრათ ბავშვს, როგორ მინდა ახლა ხელი ჩამოგართვა, მოგეხვიო, თვალებში ჩაგხედო. ყველაფერ ამას რომ ვეტყვით, სიტყვასაც თავისი ძალა აქვს. ეს ყველაფერი გამოვაჩინოთ, რომ საზოგადოებამ დაგვინახოს, როგორი მოსიყვარულე, როგორი კეთილი მასწავლებლები ვართ.“

    შალვა ამონაშვილი დედებს ამხსნევებს და ურჩევს, რომ ბავშვების მდგომარეობა მაქსიმალურად გაითვალისწინონ, მათი ემოციები გაიზიარონ:

    „თუ ჩვეულებრივ დილით გაისტუმრებდნენ ხოლმე ქმარს, შვილებს და ქალები სახლში რჩებოდნენ. ისინი ოჯახის საქმეებს მართავდნენ და დღის განმავლობაში არ იყვნენ დაკავებული ბავშვებთან. ბავშვებთან დაკავებულობა სულ სხვა სფეროა ჩვენი საქმიანობისა და ცხოვრების. ბავშვი მთელს ჩვენს ძალებს ისრუტავს. ის ითხოვს, რომ მასთან ერთად ვიყოთ და მისი ცხოვრებით ვიცხოვროთ. რასაკვირველია, ეს გვიმძიმს, ჩვენ ჩვენი განცდები და საქმეები გვაქვს. რომ არ გავგიჟდეთ, მოვნახოთ გამოსავალი. ​თუ გავგიჟდებით, ბავშვებიც გადაგვერევიან. ისედაც ისინი უკვე ზღვარზე არიან, თუ ჩვენც მივემატეთ მათ, რა ვითარება შეიქმნება ოჯახში, ხომ?! ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს თავს, როგორც ნებისყოფის ადამიანს.“

    „ ჩვენ ხომ ვამბობთ ხოლმე: „ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი შვილისთვის თავსაც გავწირავ.“ გაწირეთ ახლა თავი, აი, ეს დრო მოვიდა ახლა. თავგანწირვა მარტო ის კი არ არის, რომ წყალში გადავეშვათ, ყელში დანა გამოვისვათ. როდესაც ბავშვს უნდა თქვენი ძალების უკანასკნელი წვეთი, ეს წვეთი უნდა გაიღოთ. ამისთვის დაგვჭირდება თავშეკავებულობა, მოთმინება. ეს თავშეკავებულობა და მოთმინება უნდა შეგვიმსუბუქოს სიყვარულისა და მოვალეობის განცდამ. ​ხშირად გავიდეთ ბუნებაში, გალაღდნენ ბავშვები, გაიქცნენ-გამოქიცნენ. იქ არ შეეყრებათ პანდემია, ასეთი რაღაცები არ მოხდება იქ. ჩვენც სუფთა ჰაერს ჩავისუნთავთ, ხეებს გავესაუბრებით. აკეთებთ ამას, ჩემო კარგებო? თუ აკეთებთ, გილოცავთ და კიდევ გაახშირეთ ეს. თუ არ აკეთებთ, უნდა გააკეთოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

    წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

    წაიკითხეთ სრულად