Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „შვილებს მადლიერება ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, ბავშვს ნებისმიერ ასაკში ესმის ყველაფერი, რასაც უხსნი,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

    „შვილებს მადლიერება ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, ბავშვს ნებისმიერ ასაკში ესმის ყველაფერი, რასაც უხსნი,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

    ფსიქოლოგი ​მარინა კაჭარავა მადლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მადლობის თქმა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ:

    „ჩვენი, როგორც მშობლების პრობლემაა ის ყველაფერი, რაც ჩვენს შვილებს სჭირთ. ტრადიციულ ოჯახებში იყო წესი, რომ ჭამის წინ მადლობას ამბობდნენ: „მადლობა ღმერთს, რომ პური არსობისა გვაქვს ჩვენ დღეს.“ ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვს​ მადლიერება. წყალს რომ მიაწვდი ბავშვს, უნდა თქვას მადლობა, შენ რომ მოგაწვდის, უნდა უთხრა მადლობა. ეს მადლობა არ უნდა იყოს უაზროდ ნათქვამი ისეთ დროს, როდესაც ის არ არის ადეკვატური, ისევე, როგორც ბოდიში. მადლობა და ბოდიში ადამიანმა ბავშვობიდან უნდა ისწავლოს.​ ბავშვი სწავლობს მშობლის მაგალითით. თუ მშობელს სულ ცხვირ-პირი ჩამოსტირის, სულ რაღაცას განიცდის, უმადურია, სულ მეტი და მეტი უნდა, წუწუნებს, ეს პირდაპირ გადადის ბავშვზე. ბავშვს მუცლად ყოფნის დროს, ჩვლილობისას და ნებისმიერ ასაკში ესმის ყველაფერი, ყველა ენაზე ნათქვამი, სხვათა შორის.“

    ​მარინა კაჭარავას თქმით, ქართველი მშობლები ხშირად შვილებისთვის იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ, რაც ბავშვებს რეალობაზე არასწორ წარმოდგენას უქმნის:

    „ჩვენ ბავშვები რეალობაში უნდა ვაცხოვროთ. თუ მე დღეს არ მაქვს საშუალება, რომ ჩემს შვილს აიფონი ჰქონდეს, ამის გამო ვიღებ კრედიტს და ბავშვს ვუსრულებ სურვილს, ის დაჩაგრულია. ბავშვმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, ეს არის წუწუნის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ რაღაცები ამის გამო აღარ ექნებათ. მან იცის, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია. ჩვენ ეს სნობიზმი გვახასიათებს. თუ ბილ გეითსის შვილებს არ აქვთ ბოლო დონის პლანშეტები, რატომ უნდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს? ნაქირავებში ცხოვრებისას, მანქანას ვიყიდი განვადებით და ბავშვს აიფონს ვაჩუქებ, რადგან ვიფიქრებ, რომ ის მის გარეშე დაიჩაგრება. სინამდვილეში ბავშვი იჩაგრება ჩვენგან. ჩვენი ხელოვნურობით, ჩვენი განცდებით, რომელიც მასზე ტრანსლირდება. ბევრი საჩუქარი ერთად არ შეიძლება. ერთად მიღებული 10 საჩუქარი ბავშვს აღაფრთოვანებს და იქვე დაკარგავს თითოეული ფასს, მას არცერთი აღარ აინტერესებს. მერე მშობლებს სწყინთ, ამდენი რამ ვუყიდეთ და არ უხარიაო. ერთი რამ უყიდეთ ბავშვს, ის, რაც გაახარებს. იმით ითამაშოს, ის დაშალოს, ააწყოს.“

    მარინა კაჭარავა აცხადებს, რომ ბავშვი ყოველდღიურად არ უნდა დავასაჩუქროთ:

    „ცხოვრება არ მოგცემს ყოველდღე საჩუქარს. თუ ბავშვს საჩუქარი უნდა და ტირის, არაუშავს, იტიროს. ბუნებრივი და სადა ურთიერთობა არის საუკეთესო. იგივეა, ბავშვებს პანაშვიდს რომ არიდებენ, როდესაც ოჯახში მიცვალებულია. ესეც ცხოვრებაა. დაესწროს ბავშვი პანაშვიდს, თუ იქ წივილ-კივილი არ არის. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის ცხოვრება. ასე სწავლობენ ბავშვები, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში. როდესაც ბავშვს ვარიდებთ ასეთ ვითარებას, მას იმუნიტეტი უსუსტდება. იმუნიტეტი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური იმუნიტეტიც არსებობს. ბავშვი ვეღარ უმკლავდება სტრესს და მერე ხდება ისტერიული, პირველ რიგში, სახლში. ბავშვი ​მანიპულირებს და ჩვენ ვხვდებით მსხვერპლი საკუთარი სურვილის, რომ გვინდა ის გავახაროთ.“

    „შეიძლება ბავშვმა კოსმოსური ხომალდიც მოითხოვოს, ბავშვია და ითხოვს. მშობელმა მას უნდა აუხსნას ყველაფერი. ბავშვს ყველა ასაკში ესმის ახსნა. თვეების ბავშვსაც კი ესმის ახსნა. როდესაც ჩვილს ეუბნები: „დედა, მე წავალ და ხუთ საათში მოვალ,“ მას ბიოლოგიური დრო ერთვება და გელოდება. თუ ატყუებ ბავშვს, ის მერე შენ მოგატყუებს. ბავშვი არის პიროვნება, რომელიც პატივისცემას იმსახურებს და არა ყიდვას. ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს შვილებს საჩუქრებით, ფულით, ოღონდ გაჩუმდეს. „ოღონდ თავი დამანებე, ყველაფერი გაქვს,“ არ არის სწორი. არაფერი აქვს ამ დროს ბავშვს, ურთიერთობა არ აქვს, ​პატივისცემა არ აქვს, მას არ ეკითხებიან არაფერს,“ - აღნიშნავს მარინა კაჭარავა.

    წყარო: ​იმედის დღე

    წაიკითხეთ სრულად