Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ,,სტა­ტუსს მათ ეტა­პობ­რი­ვად არ მი­ვა­ნი­ჭებთ...'' - მანანა რატიანი გარე დაკვირვებაზე

    ,,სტა­ტუსს მათ ეტა­პობ­რი­ვად არ მი­ვა­ნი­ჭებთ...'' - მანანა რატიანი გარე დაკვირვებაზე

    ,,სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს, ვინც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კას, ყვე­ლა ერ­თი­ა­ნად მი­ი­ღებს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს. სტა­ტუსს მათ ეტა­პობ­რი­ვად არ მი­ვა­ნი­ჭებთ'' - აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა ​​,,ახალ განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

    ,,იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა სის­ტე­მა ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და, გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა გა­და­ი­დო. რად­გან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი პან­დე­მი­ა­ზე გახ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მივ­ხ­ვ­დით, რომ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა შე­მოდ­გო­მა­ზეც გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ შეგ­ვექ­მ­ნა ონ­ლა­ინ გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კა, რო­მელ­საც პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში დავ­ტეს­ტავ­დით სკო­ლებ­ში. მა­ი­სის და­საწყის­ში 12 სკო­ლას ვთხო­ვეთ რუბ­რი­კის აპ­რო­ბა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა (შე­ვარ­ჩი­ეთ რე­გი­ო­ნის, ქა­ლა­ქის, სოფ­ლის, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი, მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ა­ნი და მა­ღალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი). უშუ­ა­ლოდ დი­რექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ულე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად მას­წავ­ლებ­ლებ­ი, რო­მელ­თაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, არ იც­ნობ­დ­ნენ რუბ­რი­კის კრი­ტე­რი­უ­მებს, უბ­რა­ლოდ იცოდ­ნენ, რომ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თილ­ზე. ამის შემ­დეგ, მათ გა­ვა­ცა­ნით კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ისე და­ვაკ­ვირ­დით. დი­რექ­ტო­რებს ვთხო­ვეთ, ჩვენ­თვის მო­ე­წო­დე­ბი­ნათ სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან მი­ი­ღეს. შემ­დეგ, სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, და­იხ­ვე­წა და სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს მო­ერ­გო. ტეს­ტი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბით შეგვე­ფა­სე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მას შემ­დეგ, რაც კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა აღი­არ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, დაგ­ვემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა ონ­ლა­ინ გა­რე ­დაკ­ვი­რე­ბის რუბ­რი­კა და ფორ­მა­ლუ­რა­დაც შე­საძ­ლებ­ლია, უკ­ვე კა­ნო­ნი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ რუბ­რი­კა. ამ­დე­ნად, გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბა ა­ღარ გა­და­ი­დე­ბა და ამ სე­მეს­ტ­რის­თ­ვის უკ­ვე მზად ვართ, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­უ­რად წა­რი­მარ­თე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს ონ­ლა­ინ რეჟ­მ­ში და­ვაკ­ვირ­დეთ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1-დან 5 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე გა­ივ­ლი­ან რე­გის­ტ­რა­ცი­ას და გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან 5 თან­მიმ­დევ­რულ გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას (რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა), ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში და­ვიწყებთ რუბ­რი­კას, მაგ­რამ იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც სწავ­ლა პი­რის­პირ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ცხა­დია, პე­და­გო­გებს საკ­ლა­სო ოთახ­ში და­ვაკ­ვირ­დე­ბით. პრო­ცე­სი მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა და რო­გორც გითხა­რით, იმის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ, რა სი­ტუ­ა­ცი­აც იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში,'' - აღნიშნა მანანა რატიანმა. 

    მისივე თქმით, ეცნობიან მასწავლებლების საჭიროებებს და აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ პირველი ოქტომბრიდან დაიწყება ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გის გა­დამ­ზა­დე­ბა (ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­და­ში, ორ-სამ კვი­რა­ში) თიმ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში:

    ,,შე­სა­ბა­მი­სად, ესეც ერ­თ­გ­ვა­რი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის. კი­დევ ერ­თხელ მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, გა­და­ვამ­ზა­დებთ ყვე­ლა იმ ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელს, სა­დაც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს,'' - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ. 

    ​განაგრძეთ კითხვა

    წაიკითხეთ სრულად