Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ,,მხოლოდ საგნის ცოდნა ვერ დაეხმარება მასწავლებელს ბავშვთან წამოჭრილი პრობლემების აცილებასა თუ მოგვარებაში...'' - პედაგოგი უდაბნოს საჯარო სკოლიდან

    ,,მხოლოდ საგნის ცოდნა ვერ დაეხმარება მასწავლებელს ბავშვთან წამოჭრილი პრობლემების აცილებასა თუ მოგვარებაში...'' - პედაგოგი უდაბნოს საჯარო სკოლიდან

    „ფოტოგრაფმა გვანცა თვარაძემ ფოტოპროექტზე – „მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან”, მუშაობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. გაგაცნობთ პროექტის პირველ მონაწილეს, უდაბნოს საჯარო სკოლის მასწავლებელს ფიქრია ხაჩიძე, რომელიც ქალაქიდან სოფელში მომავალი თაობისთვის ქართულის სასწავლებლად წავიდა.

    ​MomsEdu.ge-ს მკითხველმა გვანცა თვარაძის ფოტოპროექტის შესახებ ​უკვე იცის. პროექტის მიზანია უკეთ გაგაცნოთ ის მასწავლებლები, რომელთა უმეტესობამ დატოვა ქალაქის სკოლები და უფრო რთულ, თუმცა საინტერესო გზად, კარიერის გასაგრძელებლად, რეგიონის სკოლები მიიჩნია, სადაც ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ განათლების მაღალი ხარისხი და კვალიფიციური პედაგოგები.

    როგორც გვანცა ამბობს: „კრიტიკა ისედაც ბევრი ისმინეს, დამსახურებულად და დაუმსახურებლად. ვფიქრობ, დროა, ყველამ რეალურად შევაფასოთ და დადებითი მხრიდან შევხედოთ მასწავლებლის პროფესიას. ფოტოკადრებით მოთხრობილი ისტორიებით ყველას შეეძლება ნახოს ამ ადამიანების ყოველდღიურობა, მათი ყოფა, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა მიზნები აქვთ, მათი თვალით დაინახონ ის გარემო, სადაც ისინი სირთულეებს უმკლავდებიან.

    P.S. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი სოფელ უდაბნოს სკოლის დირექტორს – მაია გელაშვილს და მის კოლექტივს, ასევე არაჩვეულებრივ ბავშვებს, რომლებმაც ჩემი სკოლაში გატარებული წლები გამახსენეს.”

    ფიქრია ხაჩიძე

    მე ვარ ფიქრია ხაჩიძე, სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მასწავლებლობამდე რთული გზის გავლა მომიხდა. ვთვლი, რომ ეს საჭირო და სავალდებულო იყო. პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ მხოლოდ ეს ცოდნა საკმარისი არ არის სკოლაში სამუშაოდ. მხოლოდ საგნის ცოდნა ვერ დაეხმარება მასწავლებელს ბავშვთან წამოჭრილი პრობლემების აცილებასა თუ მოგვარებაში. მასწავლებელი უნდა ფლობდეს პედაგოგიკის თეორიას, ისტორიას, საგნის მეთოდიკას, ასაკობრივ ფსიქოლოგიასა და ინკლუზიური განათლების სპეციფიკას. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ეს ცოდნა, რასაკვირველია, არ მიმიღია. რადგან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მასწავლებელი გავმხდარიყავი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა. ამ პროგრამამ უზრუნველყო, დავუფლებოდი ზემოთხსენებულ საჭირო თეორიებსაც და კარგი პრაქტიკაც გამევლო რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ასევე წარმატებით გავიარე საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, ჯერ – I-VI და შემდეგ – VII-XII კლასების. ამჟამად პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საშუალო საფეხურზე ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას.

    პროფესია მასწავლებელი

    მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ის გაცილებით მეტ ვალდებულებას გულისხმობს, პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობას. რადგან საქმე გვაქვს ბავშვებთან, რომელთაც ძალიან ბევრი რამ აქვთ სასწავლი და შესაცნობი. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს პერიოდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს მასწავლებლის როლი და გავლენა მათზე. მასწავლებელს ამ გზაზე არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება.

    წარმატების ფორმულა

    მასწავლებლის პიროვნული თვისებები, საგნის ზედმიწევნით ცოდნა და პროფესიული უნარები, ერთნაირად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. კომუნიკაცია, დიალოგი საკუთარ მოსწავლეებთან, მათ გვერდით დგომა მაშინ, როცა ამის საჭიროება დგას – ალბათ, ესაა ავტორიტეტის მოპოვებაც და შენარჩუნებაც.

    ​განაგრძეთ კითხვა

    წაიკითხეთ სრულად