Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ​„ჩემი გამარჯვება ჩემი მოსწავლეების გამარჯვებაა“ - წარმატებული პედაგოგები მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

    ​„ჩემი გამარჯვება ჩემი მოსწავლეების გამარჯვებაა“ - წარმატებული პედაგოგები მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

    რამდენიმე კვირის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ​მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი მიენიჭა.

    ​MomsEdu.ge  რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმატებულ პედაგოგებს გაესაუბრა.

    ირმა ვაშაკიძე უკვე ოცი წელია, რაც სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლის. ფრანგული ენის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება და ბავშვობიდანვე ყველაზე ხშირად საკუთარ თავს მთარგმნელად ან პედაგოგად მოიაზრებდა. სკოლაში სწავლის დროს ძალიან უყვარდა ფრანგული ნაწარმოებების კითხვა და ამან უფრო მეტად გააღვივა მასში ამ ენისადმი ინტერესი და სიყვარული.

    „ვფიქრობ, რომ პროფესიის დიდმა სიყვარულმა, ერთგულებამ და შრომამ განაპირობა ჩემი წარმატებები. მთავარ მიღწევად მივიჩნევ, ფრანგული ენის გაძლიერებას სკოლაში, რისთვისაც, დიდი გზა გამოვიარე, ბევრი ვიბრძოლე, თავდაუზოგავად ვიშრომე. სკოლაში ფრანგული ენის ატმოსფეროს შექმნაში დამეხმარა პროფესიული სტაჟირება საფრანგეთში, ფრანგ პედაგოგთან თანამშრომლობა, ფრანგულ კოლეჯებთან სკოლის დამეგობრება, პროექტების განხორციელება, კონკურსებში მიღწეული წარმატებები. მინისტრის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. სასიხარულო და ამასთანავე ძალიან საპასუხისმგებლოა, ვიყო 2019 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებული და მენტორი მასწავლებელი. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავ საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, გაწეული შრომის აღიარებისა და დაფასებისათვის“ - აღნიშნა პედაგოგმა.

    მისი ხელმძღვანელობით სკოლაში უკვე სამი წელია რაც ფრანგული კლუბი ფუნქციონირებს, რომელიც მაგალითი გახდა არა მხოლოდ სკოლის, არამედ რაიონის პედაგოგებისთვის, შეექმნათ მსგავსი ენის შემსწავლელი კლუბები და უფრო ეფექტურად ემუშავათ მოსწავლეებთან.

    „ჩემთვის იდეალური სკოლა, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტირებაა. იდეალურია სკოლა, სადაც ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა, მოსწავლეთა ინდივიდუალიზმია გათვალისწინებული. იდეალურია - ენთუზიასტი მასწავლებელი, რომლისთვისაც უმთავრესია კეთილგანწყობითი დამოკიდებულება და სიყვარული მოსწავლეებისადმი, რომელიც ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა პიროვნულ, ასევე შემოქმედებითი ზრდისათვის. იდეალურია - შრომისმოყვარე მასწავლებელი, რომელსაც ძალიან უყვარს საგანი, რომელსაც ასწავლის, რომელიც მუდამ ეძიებს და იყენებს მოსწავლის შესაძლებლობების შესაბამის ინოვაციურ მიდგომებს“.

    ჩვენთან საუბარი წარმატებულმა პედაგოგმა რჩევებით დაასრულა: „პედაგოგებს მინდა ვურჩიო - უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებისა და იმ საგანის სიყვარული და ერთგულება, რომელსაც ასწავლიან. ასევე, მუდმივად სწრაფვა სიახლეებისადმი და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე. ჰქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და იამაყონ მასწავლებლის პროფესიით“.

    „ჩემი პირველი მასწავლებლის დამსახურებაა, რომ პედაგოგობა გადავწყვიტე“ - ასე იწყებს საუბარს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელი იამზე ფანცულაია. „პირველი კლასიდან მინდოდა პედაგოგობა. ძალიან მომწონდა ეს პროფესია და მსურდა მეც მასწავლებელი ვყოფილიყავი“.

    პედაგოგი ამჟამინდელ სკოლაში 2002 წლიდან მუშაობს ბიოლოგიის მასწავლებლად. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მის საგნებს პირველი-მეექვსე კლასის ბუნება და მე და საზოგადოებაც დაემატა და უკვე წლებია პედაგოგის ყოველი დღე ბავშვებთან ურთიერთობით იწყება.

    მისი არჩევანი, ყოფილიყო პედაგოგი, გამართლდა, რადგან მინისტრის გადაწყვეტილებამდე და წამყვანის სტატუსის მინიჭებამდე, იამზე ფანცულაია 2019 წელს ბუნებისმეტყველების საგნის საუკეთესო პედაგოგადაც დასახელდა.

    „ჩემი წარმატებები ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა, ჩემი გამარჯვებები - მათი გამარჯვებაა. ჩემს პროფესიულ განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი იმან, რომ თავის დროზე გამოცდები მაღალ დონეზე ჩავაბარე და მომეცა თავდაჯერება, მეზრუნა უფრო მეტი თვითგანვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანი, რომელსაც ასწავლი, ძალიან კარგად იცოდე. ამის გარდა, უმნიშვნელოვანესია, რომ მოსწავლეებთან და მშობლებთან დაამყარო საუკეთესო ურთიერთობა. უნდა იყო გამგები, მომთმენი, მიზანდასახული. იცით, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება პედაგოგისთვის? - როცა მშობლებს სურს, რომ მათ შვილებს შენ ასწავლიდე, უნდათ, რომ მათი შვილების კლასში შენ შედიოდე. ეს უდიდესი მიღწევაა“.

    როგორც პედაგოგი გვიყვება, მინისტრის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო: „ამას არ ველოდი არანაირად და არც მქონია პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც გვაძლევს წინსვლის საშუალებას. იმუშავებ - შედეგი გექნება, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. მოსწავლეებს უყვარხარ და გაფასებენ. რა არის იმაზე უკეთესი, როცა ყოფილი მოსწავლეები მირეკავენ და მკითხულობენ, მათ თითოეულ სიტყვას ჩემთვის დიდი ძალა აქვს და ყოველთვის ძალიან მიხარია მათი დანახვა და მოსმენა. ამიტომაც ვამბობ, რომ სულ, სულ თავიდან, რომ ვირჩევდე პროფესიას, მე იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი, მე კვლავ მასწავლებელი ვიქნებოდი“.

    ნადია (ნანა) დაბრუნდაშვილი უკვე 29 წელია, რაც ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პედაგოგის მიზანი პროგრამისტად მუშაობა იყო, თუმცა იმის გამო, რომ იმდროინდელი ელექტრონული გამომთვლელი მანქანები მხოლოდ დედაქალაქში იყო, მას რაიონში დაბრუნება მოუწია. „მუშაობა დავიწყე ჩემი რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში, სადაც ვასწავლიდი მათემატიკას და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ეს ის დრო იყო, როცა პერსონალური კომპიუტერები იქმნებოდა, მოსწავლეებს თვალით არ ჰქონდათ ნანახი და დაფაზე გვიწევდა მისი შემადგენელი ნაწილების დახაზვა-დახატვა. აქედან გამომდინარე, ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის განუყოფელი ნაწილი მათემატიკის გარდა, კომპიუტერული ტექნოლოგიებიცაა“.

    სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო პედაგოგისა და მოსწავლეების ის ურთიერთობა, რომელსაც იოლად ვერავინ თმობს, რადგან ბავშვებთან მუშაობას სირთულეებთან ერთად სულ სხვა ხიბლი და მიმზიდველობა აქვს.

    ნადია დაბრუნდაშვილისთვის მინისტრის გადაწყვეტილება არც თუ ისე მოულოდნელი ყოფილა, რადგან პედაგოგი უკვე წლებია თავის სფეროში წარმატებით ასპარეზობს: „ვერ მოგატყუებთ, ეს გადაწყვეტილება მართლა ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი პროფესიული მიღწევების თუ განვითარების, ასევე, მოსწავლეებთან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას კომისიის წევრები გულდასმით გაეცნობოდნენ და შეისწავლიდნენ. მიხარია რომ ჩათვალეს, რომ მენტორის სტატუსს ღირსეულად ვიმსახურებდი“. მისი პროფესიული წარმატებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, რომელსაც ლაიტმოტივად პედაგოგის შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმისადმი სიყვარული გასდევს (მასწავლებლის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://nadiadabrundashvili.blogspot.com).

    პედაგოგისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი: „ეს პერიოდი დიდი გამოწვევა იყო ყველა მასწავლებლისთვის და მივიჩნევ, რომ ამ რთულ პერიოდში შევძელი უამრავი მასწავლებლის გაერთიანება და ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო კომპიუტერული ტექნოლოგიების ინსტრუმენტების გაცნობის, შესწავლის და გამოყენების შესწავლაში მათთვის დახმარების გაწევა და ეს პროცესი ახლაც აქტიურად გრძელდება“.

    პანდემიის პერიოდში პედაგოგი სხვა მოხალისე პედაგოგებთან ერთად მასწავლებლებს ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისა და დისტანციური სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში ეხმარებოდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა შეექმნა facebook ჯგუფი: „ონლაინ სწავლება და ტექნოლოგიები“, რომელიც უკვე მერამდენე თვეა პედაგოგებს, მშობლებსა თუ მოსწავლეებს ტექნოლოგიური პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.

    როგორც აღნიშნავს, მისთვის იდეალური სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი კმაყოფილია. „სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეს უხარია სიარული, რადგან მასზე ზრუნავენ და სიღრმისეულად ეცნობა მისთვის საინტერესო საკითხებს და ჩართულია სხვადასხვა წრეში, მშობელი ხედავს, რომ მისი შვილი უსაფრთხო გარემოშია, დაცულია და იღებს იმ ცოდნას, რომელსაც მომავალში რეალურად გამოიყენებს და მას არ დასჭირდება სკოლის გარეთ დამატებითი მასწავლებლების ძებნა, ხოლო მასწავლებელს ახარებს ის, რომ მის კლასში არიან მისი საგნით დაინტერესებული მოსწავლეები და მას შეუძლია მოსწავლეები უზრუნველყოს ყველა იმ რესურსით, რომელიც დასჭირდება ამა თუ იმ სასწავლო აქტივობის განსახორციელებლად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ჩემი მოსწავლეების წარმატებები. ბედნიერი ვარ, როცა ყოფილი მოსწავლეები მწერენ ან მეუბნებიან ხოლმე, რომ მათი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მქონდა მათზე პოზიტიური გავლენა, მათთვის ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას და მათ წარმატებებშიც რაღაც წვლილი მიმიძღვის“.

    წარმატებული პედაგოგი ახალგაზრდა პედაგოგებსაც უხვად უზიარებს რჩევებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით: „მასწავლებლობა ნამდვილად არ არის იოლი, თქვენ მოგიწევთ ძალიან ბევრ სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის ბავშვთან ურთიერთობა, ყველას თავისი დარდი, სიხარული, ტკივილი თუ საფიქრალი დააქვს გულით და თქვენ გეძლევათ შანსი თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალოთ, ასწავლოთ, დაამშვიდოთ, მხარი დაუჭიროთ, გზა უჩვენოთ, შეგიძლიათ სიხარულის გრძნობაც კი დაუბრუნოთ. შესაძლოა, ზოგჯერ მოსწავლის ქცევამ გული გატკინოთ, მაგრამ არასდროს იფიქროთ შურისძიებაზე, ნუ დაკარგავთ მათ ნდობას და საკუთარი ქცევით აჩვენეთ, არა მხოლოდ საგნის მცოდნე და პროფესიონალის, არამედ ადამიანობის მაგალითებიც, ამას ისინი აუცილებლად დააფასებენ. მოგიწევთ ალბათ თქვენს მიმართ გულსატკენი განცხადებების მოსმენაც, ზოგჯერ სამართლიანი საყვედურები და ზოგჯერ უსამართლო ცილისწამებებიც, მაგრამ ამან არ უნდა გაგაბოროტოთ, მთავარია, საკუთარ თავთან იყოთ მართალი და თქვენი საქმის სიყვარულით, ერთგულებით და გულწრფელობით აჩვენოთ სხვებს, სინამდვილეში რას იმსახურებთ. ბოლოს, მინდა ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს კი უახლოეს მომავალში სკოლაში უსაფრთხო დაბრუნება და საყვარელი საქმიანობის მონატრებულ საკლასო სივრცეში გაგრძელება“.

    მასწავლებლობა რთული საქმეა, რომელიც დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პროფესიაში მოიძებნებიან ისეთი უშიშარი ადამიანები, რომლებიც ამ გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდებიან და რაც მთავარია, მათ გაწეული შრომა უფასდებათ, რომელიც თავის მხრივ, საკმაოდ დიდი მოტივაცია და სტიმულია დანარჩენი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ პროფესიას დაუღალავად ემსახურებიან. 

    ავტორი: მარიამ მაშა გვარამია 

    წაიკითხეთ სრულად