Baby Bag

ჩვენი წარმატების უკან არ ვდგავართ მარტო ჩვენ

ჩვენი წარმატების უკან არ ვდგავართ მარტო ჩვენ

შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანის წარმატება რომელი პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება ყველაზე ნაკლებად განსაზღვროს მისი პროფესიული უნარების განვითარების დონემ და უფრო მეტად იმ პიროვნულმა თვისებებმა, რომელიც რთულია ყურადღების მიღმა დარჩეს და ასევე რთულია მხოლოდ საქმის ცოდნამ, „ხელოსნობამ“ მოგცეს.

კეთილი, ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანები, რომლებიც იმის უფლებასაც სიამოვნებით გიტოვებენ, გახვიდე მათი ზრუნვის სივრციდან ჩემს კეთილგანწყობასაც მეტად იმსახურებენ. კეთილგანწყობის გამოწვევის ეს უნარი ამ სამყაროში, სადაც ადამიანი მუდამ სტატისტიკაში იკარგება, სადაც ადამიანის „როლი“ საზოგადოებაში, სახლსა თუ ოჯახში წინასწარ განსაზღვრულია, მეტად უნდა ფასობდეს ვიდრე ნებისმიერი რამ.

ჯერ კიდევ პოლიტიკის მეცნიერებების სწავლისას წარმოდგენაც არ მქონდა, რომ 3 წლის შემდეგ სამოქალაქო განათლების მასწავლებლად ვიმუშავებდი, თუმცა მაშინვე პოლიტიკურ თეორიებზე მეტად იმ ადამიანთა ისტორიები მაინტერესებდა, რომელთა სახელებიც ზოგისთვის ძალაუფლების ქონის ჩემთვის კი წარმატების სიმბოლო, რომელთა უკანაც იდგნენ სვა ადამიანები, რომლებიც შესაძლოა არც ჩანდნენ, მაგრამ არ იმსახურებდნენ დავიწყებას. წლების წინ აღფრთოვანებული დავრჩი უინსტონ ჩერჩილით, რომელიც თურმე დღეში ათასობით წერილს აგზავნიდა საკუთარი თანამშრომლებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვებისთვის შესაძლოა შეუმჩნევლებიც კი ყოფილიყვნენ. როცა შეგიძლია იცოდე ყველა თანამშრომლის სახელი და გვარი და არა მხოლოდ მათი, მათი ოჯახის წევრების შვილების, შვილიშვილების, ძაღლის, კატის. შეგიძლია. შობის მისალოც წერილებს ერთნაირი ყურადღებითა და პატივისცემით უგზავნიდე კოლეგა დიპლომატებს, შენს მექანიკოსსა და მაღაზიის კონსულტანტს, რომელიც შესაძლოა, სულ რამდენჯერმე გყავს ნანახი, უკვე გასაგებია, შენ გჯერა, რომ შენი წარმატება არ გეკუთვნის მხოლოდ შენ და ამის გააზრებითაც ხარ წარმატებული. ასეთი ადამიანები არა მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ, მისაბაძებიც ხდებიან. ყოველთვის ვიცოდი, რომ მთავარი, რითაც წარმატებულები ხდებოდნენ, მაღალი IQ კი არა,  ის თვისებები იყო, რომლებიც არავის რჩებოდა შეუმჩნეველი, ხასიათი, რომლის გამოც შეგიყვარებდნენ და ასევე ხასიათი, რომლის გამოც შენი ზიზღიც შეეძლოთ.

ჩემმა დაკვირვებამ და ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თავისი საქმის პროფესიონალები (აქვთ თუ არა მათ სახელი და წარმატება) მაღალი ყურადღების მქონენი არიან და თუ ამ თვისებას კიდევ ემატება სხვა დადებითი პიროვნული თვისებებიც მათგან წამოსული ენერგიაც გადამდები ხდება, რადგან ძლიერ მოტივაციას გაძლევენ, ჩერჩილის მსგავსად მიგითითებენ, როგორი მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ხარ. მათ შექებაც შეუძლიათ და შენიშვნის მოცემაც, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, არც კარგი გამორჩეთ, არც ცუდი.

​ჩვენს პროფესიაშიც ზუსტად ასეა. ისინი, ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლებაც აქვს და პასუხისმგებლობაც, დირექტორები მაგალითად, იმითაც იმსახურებენ ჩვენს პატივისცემას, რამდენად შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების გარკვეული მომენტებისა და ეტაპების (ასეთი მომენტები მოსწავლეებსაც აქვთ, მასწავლებლებსაც და თავად დირექტორებსაც) აღქმა და ჩვენი შემჩნევა, თანადგომა. ყველანი ვისურვებდით,  ყველა დირექტორი ჩერჩილის მსგავსი ყურადღებითა და პატივისცემით გვეპყრობოდეს, ჩვენს თვისებებს აფასებდეს და უფრო მეტიც, მხოლოდ პროფესიულ განვითარებას კი არა პიროვნულსაც მოითხოვდეს, რადგან ესმოდეს, რომ ჩვენი სიტყვები და დამოკიდებულებები ჩვენს ქცევაში ვლინდება, ჩვენი ქცევა აყალიბებს მათ ფსიქიკას, ვისაც ვასწავლით. მთელი ეს პროცესი კი პეპლის ეფექტია, კარგი დირექტორები სწორედ ასეთები არიან, ჩერჩილის მსგავსად არაფერი რჩება მათი ყურადღების მიღმა, იმის ცოდნა, რომ ასეთი ადამიანები დგანან ჩვენ უკან ძლიერი მოტივაცია, რომელიც ყველას გვჭირდება და, რომლის ქონასაც ყველა მასწავლებელი თანაბრად იმსახურებს. 

ავტორი: სამოქალაქო განათლების პედაგოგი მზეო შველიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მას დაჰპირდა, რომ საშუალო სკოლის პროგრამაში გალობას და ხალხურ სიმღერს შეიტანენ. ამის შესახებ პატრიარქმა ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, - განაცხადა ილია მეორემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება:

„ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.

წაიკითხეთ სრულად