Baby Bag

ბრიტანული თვითმფრინავი გერმანიის ნაცვლად შოტლანდიაში ჩაფრინდა

ბრიტანული თვითმფრინავი გერმანიის ნაცვლად შოტლანდიაში ჩაფრინდა

ბრიტანულმა თვითმფრინავმა მგზავრები გერმანიის ნაცვლად შოტლანდიაში ჩაიყვანა - ამის შესახებ ​BBC წერს. 

„კეთილი იყოს თქვენი ედინბურგში ჩამობრძანება,“ - აღნიშნული განცხადების შემდეგ, მგზავრება გააანალიზეს, რომ ისინი არასწორ აეროპორტში ჩაფრინდნენ. 

პილოტის განცხადებით, მას აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს. ერთ-ერთი მგზავრის, 24 წლის სოფიას თქმით, თავიდან ყველას ხუმრობა ეგონა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს შეცდომა იყო და ისინი მართლა შოტლანდიაში ჩაფრინდნენ. 

რეისს გერმანული კომპანია WDL ასრულებდა, რომელიც თვითმფრინავს British Airways-სთან ლიზინგური ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ინციდენტის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა, რომელიც პილოტებს და დისპეტჩერთა სამსახურებს ლონდონის აეროპორტში დაურიგეს. 

ედინბურგში ორსაათიანი მოცდის შემდეგ თვითმფრინავი დიუსელდორფში გაფრინდა. 

იხილეთ ასევე:

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოზარდებში აგრესიას განაპირობებს სიყვარულის, ზრუნვის და უფროსებთან ურთიერთობის დეფიციტი,“ - მარიამ წიკლაური

„მოზარდებში აგრესიას განაპირობებს სიყვარულის, ზრუნვის და უფროსებთან ურთიერთობის დეფიციტი,“ - მარიამ წიკლაური

პოეტმა მარიამ წიკლაურმა მოზარდებში აგრესიის მომძლავრების პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვები გამუდმებით აგრესიას უყურებენ, რის გამოც თავადაც მსგავს ქცევას ავლენენ:

„ის, რაც ინთხევა, გადმოდის, გაუთავებელი, ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელი საუბარი, ბავშვს შეუძლია დაინახოს, რომ გალანძღონ, ელემენტარულად საუბარი არ აცალონ ერთმანეთს. ​ეს გაუთავებელი ლანძღვა, აგრესია, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. შეიძლება ყველაფრის ჩვენება ეკრანიდან?! ბავშვი გამუდმებით უყურებს მკვლელობას, სისხლს, გლეჯვას. სულ პატარა ბავშვებისთვის ისეთ რაღაცებს ამზადებენ, მე არ ვიცი ვის ტვინში იხარშება ეს. კაცობრიობა არასწორი გზით რომ მიდის, ამას ვიტყვი.“

მარიამ წიკლაურმა აღნიშნა, რომ მოზარდებში აგრესიის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ზრუნვის და სიყვარულის დეფიციტია:

„მერე უკვე გვიკვირს,​ რატომ არიან ეს ბავშვები აგრესიულები. მოზარდებში აგრესიას რა განაპირობებს? ამას განაპირობებს სწორედ დეფიციტი სიყვარულის, ზრუნვის და უფროსებთან ურთიერთობის. თუ ბავშვს გამოვაცალეთ მშობლები, გავუშვით სხვაგან პურის ფულის საშოვნელად, თუ ტელეეკრანიდან მარტო აგრესია ვაყურებინეთ, თუ არავინ ამ ადამიანებს არ დაელაპარაკა, თუ მათ საყრდენი არ იპოვეს, ამას თუ ვერაფერს მოვახერხებთ, რა გამოვიდა მაშინ?!“

„ხომ გაგვიგონია, რომ განსაკუთრებით კულტურულ, ზნეობრივ ადამიანზე იტყოდნენ, მეცხრამეტე საუკუნის კაციაო. ​ჩვენ რა რეალობაში ვართ? ათასწლეული გარდატყდა ჩვენზე. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად ახალ ადამიანურ მენტალიტეტს აყალიბებს, სრულიად ახალ ინტელექტუალურ სვლებს, ახალ კავშირებს. ჩვენ ვერ ვართ ამისთვის მზად. ვერც ახალგაზრდებს განვაწყობთ საამისოდ, რომ სწორად, ადვილად იპოვონ გზა. ისინი თავიანთ გზებს ეძებენ და ხშირად ჩვენზე ბევრად უკეთესად, მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის. დიდი დანაკარგებით მივდივართ წინ, ან საერთოდ ვერ მივდივართ წინ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ წიკლაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

წყარო:​ „შემდეგი გაჩერება“

წაიკითხეთ სრულად