Baby Bag

ახალციხე - აღმოსავლური ზღაპრიდან გადმოსული ქართული ქალაქი

ახალციხე - აღმოსავლური ზღაპრიდან გადმოსული ქართული ქალაქი

ამ სტატიაში საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქ ახალციხეზე გესაუბრებით და აქვე დარწმუნებით გეტყვით იმასაც, რომ სტატიის დასასრულს, თქვენს სამოგზაურო სიას კიდევ ერთი მარშრუტი შეემატება.

საქართველოს ულამაზესი მხარე მესხეთი და მისი გული, ახალციხე, ღირსშესანიშნაობებით თუ უბრალოდ ულამაზესი ბუნებით, ყოველთვის ახერხებდა დამთვალიერებლის მოხიბლვას. აქ მკვეთრადაა შერწყმული აწმყო და წარსული, ქრისტიანობა და ისლამი, კულტურა და ისტორია.

ამიტომ სანამ მის მონახულებას გადავწყვეტთ, ახალციხის ისტორიასაც გადავხედოთ, რომელიც მეცხრე საუკუნიდან იწყება.

თავდაპირველად, ქალაქი ახალციხე ლომსიად იწოდებოდა, მეთორმეტე საუკუნიდან კი, ისტორიულ წყაროებში ის უკვე ახალციხის სახელითაა მოხსენიებული. სახელის ცვლილება, სავარაუდოდ, ჯაყელებს უნდა უკავშირდებოდეს.

თავად მესხეთი, სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ხშირად იყო მტრის სამიზნეში. ამის მაგალითები კი ისტორიიდან მრავლად გვაქვს.

1579 წელს სამცხე საათაბაგო ოსმალების ბატონობის ქვეშ მოექცა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ახალციხის გარდაქმნა და ქართული ქალაქის მუსულმანურ კულტურასთან შერწყმა.

ოსმალთა ბატონობის დროს, პატარა ქალაქ ახალციხეში, კერძოდ რაბათში, (რომელიც მანამდე ჯაყელების რეზიდენცია იყო), აშენდა მეჩეთი, მინარეთი და მედრესე(სასწავლებელი, სადაც ისლამურ რელიგიას ასწავლიან).

მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში კი, რუსულ-ქართულ და თურქულ ჯარებს შორის ბრძოლებისას ციხე-სიმაგრე დაზიანდა.

რაბათის აღდგენა 2011 წელს მოხდა და სწორედ აქედან იწყება მისი ახალი სიცოცხლეც.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ალბათ თავადაც მიხვდებით, რომ ახალციხეში ჩასულმა პირველი სწორედ რაბათის ციხე უნდა მოინახულოთ, რომელიც ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს.

რაბათის ციხე


​აქ მოსულ დამთვალიერებელს შეუძლია რაბათის, როგორც ისტორიული ასევე თანამედროვე მხარე გაიცნოს. 
ციხეში კვლავ ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი, რომელშიც დაცულია ეპიგრაფიკული ძეგლები, ძველი ხელნაწერები, იარაღები, სამკაულები, ტანისამოსი, მუზეუმში ყველაფერია რასაც შეუძლია ქალაქის ისტორია თავად გიამბოთ.

მუზეუმის ექსპონატები


​აქვეა მეჩეთი, ჰარამხანა, ციტადელი და სხვა შენობები. 
გადაღლილ დამთვალიერებელს კი შეუძლია სუვენირების მაღაზიაში, ღვინის სახლში ან თუნდაც სასტუმროში დაისვენოს.

მეჩეთი რაბათში


ციხე აღდგენილია აღმოსავლურ სტილში. შესაბამისად, ულამაზესი შადრევნები, მოპირკეთებული შენობები, ორნამენტები, ეს ყველაფერი თავს მართლაც 1001 ღამის ზღაპარში გაგრძნობინებთ.

აქვეა საქორწინო სახლიც, ასე რომ, თუ დაოჯახება გადავწყვიტეთ, რაღა დაგრჩენიათ გარდა იმისა, რომ თქვენი დასამახსოვრებელი დღე ამ ულამაზეს გარემოში გაატაროთ.

ნუ იფიქრებთ, რომ მოსანახულებელი ადგილების ნუსხა დამთავრდა.

ეს პატარა ქალაქი კიდევ უამრავ საინტერესო ადგილს იტევს და მათ შორისაა, ახალციხის დრამატული თეატრი, უამრავი მაყურებლითა და ნიჭიერი მსახიობებით. თუ თქვენი სტუმრობა სპექტაკლის დღეს დაემთხვა, ბილეთის სასწრაფოდ აღებას გირჩევთ, რადგან შეიძლება, მას ვერც კი მიუსწროთ.

მესხეთის დრამატული თეატრი


​ახალციხის ნებისმიერ ქუჩაზე ჩავლისას აივანზე გამოკიდულ ფერად ყვავილებს და ულამაზეს, ფერად სახლებს რომ შეეჩეხებით,

მიხვდებით, რომ ეს პატარა ქალაქი სხვანაირად გიზიდავთ და აქ სულ სხვანაირი სიყვარული ტრიალებს.

თუ ქალაქის ფეხით დათვალიერებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადააწყდებით უამრავ ძეგლს, მათ შორის, შოთა რუსთაველის და თამარ მეფისას, რომელიც პირველად საქართველოში სწორედ ახალციხეში დაიდგა.

​თამარ მეფის ძეგლი ახალციხეში

შოთა რუსთაველის ძეგლი ახალციხეში

და ბოლოს, არ შეგვიძლია, არ გირჩიოთ, რომ აუცილებლად გასინჯოთ ცნობილი მესხური „ტენილი“ ყველი, რომელიც დამზადების ტექნელოგიითა და გემოთი ნამდვილად გამორჩეულია. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ „ტენილი" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობოს ნუსხაშია შესული.

საბოლოო ჯამში, აღმოსავლური და ქართული კულტურის შერწყმა, წარსულისa და აწმყოს ნაზავი, გამორჩეული კლიმატი და ბუნება დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილად ღირს თქვენი ცხოვრების მცირე ნაწილი მაინც ამ ულამაზეს ქალაქს, ახალციხეს დაუთმოთ.

ავტორი: მარიამ მახარაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ არგენტინის უდაბნოში დაკარგული 5 წლის ბიჭი იპოვეს. ბენჯამინ სანჩეზს გაუჩინარების ადგილიდან 21 კილომეტრში მიაგნეს. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

5 წლის ბიჭი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. მას 1000-მდე პოლიციელი, სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე ეძებდა.

„მესმოდა დედა როგორ მეძახდა, მე კი გავრბოდი. შემდეგ დავიკარგე. მციოდა, ცუდად მეძინა, ქვებზე ვიწექი“, - იხსენებს ბენჯამენი, რომლესაც მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და თხელი შარვალი ეცვა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბალახს ჭამდა და ნაკადულის წყალს სვამდა.

გამოცემის ცნობით, რაიონში, სადაც ბიჭი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება - დღისით +30°С ღამით კი - 0 °С.

ბენჯამენ სანჩეზი, ორშაბათს, დეჰიდრატაციის სიმპტომებით სან ხუანის საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს, ხოლო სამშაბათს გამოწერეს.

წაიკითხეთ სრულად