Baby Bag

„ნამდვილი თუ მოგონილი“ - მე-10 და მე-11 კლასელებისთვის კონკურსი გამოცხადდა

„ნამდვილი თუ მოგონილი“ - მე-10 და მე-11 კლასელებისთვის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ​ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარება.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ახალი ამბავი, უნდა წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად კი, მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა.

„ნამდვილი თუ მოგონილის“ გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემენ.

I ადგილზე გასული მოსწავლე პრიზის სახით MacBook Pro-ს, II ადგილზე - iPhone XS, ხოლო III ადგილზე - iPad Pro + Apple Pencil-ს მიიღებს.

მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - tiny.cc/oggb6y.

დავალების შესრულებისთვის დეტალურ და სასარგებლო ინფორმაციას ისინი კონკურსის გვერდზე ფეისბუქზე: ნამდვილი თუ მოგონილი - fb.com/namdvilitumogonili და კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge შეძლებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ნიუ-იორკის სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით Zoom-ის გამოყენება აკრძალეს

ნიუ-იორკის სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით Zoom-ის გამოყენება აკრძალეს
კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო სკოლები თითქმის ყველა ქვეყანაში დაცარიელდა, თუმცა მოსწავლეები განათლების მიღებას დისტანციურად მაინც ახერხებენ. ნიუ-იორკის სკოლებში დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისის Zoom-ის გამოყენება აკრძალეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი ვიდეო კონფერენციების სერვისთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები დასახელდა.

„სკოლების უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვებისთვის უსაფრთხო დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდებაა. უსაფრთხოების საკითხების სათანადოდ შესწავლის შემდეგ გადაწყდა, რომ სკოლებმა Zoom-ის სერვისის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. დისტანციური სწავლების შესახებ ცნობებს ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ.“ - ნათქვამია ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის დანიელე ფილსონის განცხადებაში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სკოლები დისტანციური სწავლებისთვის Zoom-ის ნაცვლად Microsoft Teams-ის სერვისს გამოიყენებენ, რომელსაც Zoom-ის მსგავსი შესაძლებლობები აქვს, თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით მას ბევრად აღემატება. აღნიშნული აკრძალვა ნიუ-იორკის 1800 სკოლასა და 1,1 მილიონ მოსწავლეს შეეხება. სკოლებში Zoom-ის გამოყენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებმა მიიღეს, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით Zoom-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

კომპანიას ბოლო დროს საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ. მას შემდეგ, რაც მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სამუშაო სახლიდან შეესრულებინა, Zoom-ს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ჩინეთის გავლით განხორციელებული ვიდეოზარების გამო, რადგან კიბერ უსაფრთხოების ექსპერტთა ცნობით, მსგავსი ტიპის ზარების განხორციელება ჩინეთის ხელისუფლებას ინფორმაციის არალეგალურად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. Zoom-ის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ჩინეთის გავლით განხორციელებული ზარები დაცულ ფორმატში განხორციელდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნული სიცრუის გამოც მოიხადა ბოდიში.

Zoom-ის სერვისის გამოყენებით განხორციელებულ ვიდეოზარებში უცხო ადამიანები თვითნებურად ხშირად ერთვებოდნენ, რაც სისტემის დაუცველობაზე მიანიშნებდა. კომპანიამ ვიდეოზარების პარამეტრები შეცვალა და კონფერენციების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზარებს ავტომატური პაროლები დაადო.

ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ყველა სკოლა არ იზიარებს. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთი სერვისიდან მეორეზე გადანაცვლება მარტივი არ იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლები 16 მარტს დაიხურა. მას შემდეგ Zoom-ის სერვისი ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობდა. ბრუკლინში მდებარე ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ Zoom-ის ნაცვლად Microsoft Teams-ის გამოყენება დისტანციური სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

ნიუ-იორკის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სკოლები Microsoft Teams-ის გამოყენებისთვის რამდენიმე კვირის მანძილზე ემზადებოდნენ. ნიუ-იორკში არ გამორიცხავენ, რომ Zoom-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები კვლავ განაახლონ. ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სკოლებს ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაციას დროულად მიაწვდიან. 

მომზადებულია​ ​t​echcrunch.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად