Baby Bag

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

მე-4, მე-6 კლასებში შეფასებები პილოტირების რეჟიმში, 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდება და მთლიანად ელექტრონული ფორმატის იქნება.  მე-10 კლასში კი პილოტირება 2021 წლისთვის იგეგმება. აღნიშნულის შესახებ 1TV-ის ​გადაცემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ისაუბრა. 

როგორც სოფო გორგოძე აცხადებს, მე-4 და მე-6 კლასებში შეფასებითი ტესტები სრულად, სავარაუდოდ, 2021 წელს დაინერგება: 

ჩვენ გვსურს, რომ შეფასებები, რომლებსაც დავიწყებთ მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. გვინდა, რომ სკოლაში ჩავატაროთ და ტესტი სრულად კომპიუტერული იყოს, ანუ მოსწავლეს არ ჰქონდეს პასუხების ფურცელი. თუმცა ტესტები  მხოლოდ ე.წ შემოსახაზი სახით არ იქნება, არამედ ღია ბოლოიანი დავალებებიც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ეს უნარები გააჩნდეთ. 

შეფასების მთავარი მიზანი იქნება ის, რომ შემდეგ სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა მიიღონ ანგარიში, თუ სად გაუჭირდათ და რა მიმართულებები დაძლიეს წარმატებით. ამ შეფასებებით ასევე სახელმწიფოს უნდა მივცეთ მონაცემები, თუმცა არა თითოეული მოსწავლის ან სკოლის დონეზე, რომ შემდგომ ამას რაიმე დასჯის მექანიზმი არ მიებას, არამედ სოფლისა და ქალაქის სკოლებში რა ხდება, დიდ და პატარა სკოლებში რა მდგომარეობაა. ამ მიმართულებით მივაწვდით სამინისტროს ანალიზს, რომ შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს სწავლის გაუმჯობესება,“ - აღნიშნა ნაეკის დირექტორმა. 

სოფო გორგოძე ასევე განმარტავს, თუ რატომ ხდება აღნიშნული შეფასებები მე-4 კლასიდან:

„მე-4 კლასში ვაკეთებთ, რადგან უფრო ადრეულად შევძლოთ ინტერვენციების განხორციელება, რადგან მეექვსე კლასში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს, რადგან მეექვსე კლასამდე თუ ისე მივიდა ბავშვი, რომ წერა-კითხვას ვერ ახერხებს ნორმალურად, შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს,“ - დასძინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა. 



შეიძლება დაინტერესდეთ

„დროა, საერთოდ გადავიდეთ განმავითარებელ შეფასებაზე“ - მზია კახაძე

„დროა, საერთოდ გადავიდეთ განმავითარებელ შეფასებაზე“ - მზია კახაძე

ოგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე ონლაინ სწავლების შემდეგ და რა პროცესები გამოკვეთა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განათლების სფეროში, ამ თემებზე ​Momsedu.ge სასკოლო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მასწავლებელს, მზია კახაძეს ესაუბრა. იგი ღურტის (ხულოს მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ასწავლის.

- ქალბატონო მზია, თითქმის 2 თვეა, სწავლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. რა სირთულეებს გადააწყდით დისტანციური სწავლებისას?

- მსოფლიოში არსებულმა რეალობამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, პედაგოგებმა ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ და გადავედით ონლაინ სწავლების რეჟიმზე. COVID-19-მდე ჩვენ სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამოცდილება არ გვქონდა, თავისთავად წარმოიქმნა როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი პრობლემები, თუმცა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შესაძლებლობები მოგვეცა, სრულყოფილად ვისარგებლოთ შემოთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა, რაც ითვალისწინებს კოლაბორაციული სწავლების ელემენტებს და ეს ძალიან კარგია. საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა სკოლისათვის აქამდე უცხო პროგრამის Microsoft office 365-ის გაგება, თუმცა შეიქმნა რაიონული ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები პროგრამა TEAMS-ში, რომლის მეშვეობითაც ასევე ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების ექსპერტები კონსულტირებას გვიწევენ ჩვენ, პედაგოგებს. ასევე აქტიურად არის ჩართული ხულოს რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელობა, რომ სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტად წარიმართოს და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ნაპოვნი იქნას გამოსავალი.

- რა პროცესები გამოკვეთა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განათლების მიმართულებით?

- ხარისხიანი ონლაინ სწავლების დანერგვა მოითხოვს წინასწარი მომზადების პროცესს, რაც გულისხმობს არა მარტო ადამიანურ, არამედ ტექნიკურ რესურსებს. სამწუხაროდ, ქართულ სოციუმში გვაქვს „ციფრული უთანასწორობა“, რადგან მაღალმთიანი რეგიონების სოფლების უმრავლესობა ინტერნეტის გარეშეა და საკმაოდ მწვავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი კომპიუტერითა და ინტერნეტით. ტელეფონის ინტერნეტი ძვირი უჯდებათ მშობლებს, რაც საკმაოდ უხერხულ სიტუაციას მიქმნის მე პირადად და ვცდილობ, გაკვეთილი შევამცირო, რომ მოსწავლემ არსებული ანგარიშით შეძლოს სხვა გაკვეთილის მოსმენაც. მიუხედავად სტრესული მდგომარეობისა, წარმოქმნილმა კრიზისმა ბევრ გამოწვევასთან ერთად საინტერესო პროცესები გამოკვეთა, რაც აუცილებლად მისცემს ბიძგს განათლებაში მიმდინარე პროცესებს. კარგი იქნება, პროცესის დასტაბილურების შემდეგ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კომპიუტერული წიგნიერების განვითარების კუთხით, რასაც შედეგად მოჰყვება საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლის, მაღალმთიანი სოფლების ჩათვლით, შესაბამისი ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა.

- ქალბატონო მზია, საინტერესოა თქვენი მოსაზრება მოსწავლეთა შეფასებასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე ონლაინ სწავლების შემდეგ?

- ონლაინ სწავლების დროს არ ვიყენებთ განმსაზღვრელ შეფასებას და მე მგონი, დროა, საერთოდ გადავიდეთ განმავითარებელ შეფასებაზე. საგანამანთლებლო სისტემაში მიმდინარე ყველა რეფორმის მთავარი საზრუნავი არის შეფასების სისტემის დახვეწა-გაუმჯობესება. ეს საკითხი დღეს უფრო მწვავედ დგას, რადგან მოცემულ სიტუაციაში, შეფასების დროს უამრავი რამ არის გასათვალისწინებელი, განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ობიექტურობას იქნება მოკლებული. მოდი ვიმსჯელოთ, რას განიცდის მოსწავლე, როდესაც მაღალ ქულებს ვუწერთ? ბედნიერია, საკუთარ თავში დარწმუნებულია, რა თქმა უნდა, უკეთესად სწავლის სურვილი აქვს, თუმცა მცირე კრახიც მძიმე გადასატანია მისთვის და მოტივაცია მხოლოდ გარეგანია, ის ეჩვევა სწავლას მხოლოდ ნიშნისთვის და არა სწავლისთვის. რას განიცდის მოსწავლე, როდესაც დაბალ ქულებს ვუწერთ? არ უხარია გაკვეთილზე დასწრება, უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი, შურით უყურებს წარჩინებულებს და მშობლებთანაც არ არის გულახდილი, ცხოვრების შიში უჩნდება, რომ ვერასდროს იქნება წარმატებული. აქ მხოლოდ მშრალი ციფრებია. განმავითარებელი შეფასების გამოყენების დროს გაკეთებული კომენტარებით კი, თუ ჩვენ მასში ჩვენს კეთილგანწყობას გამოვავლენთ, ბავშვი წარმატების მიღწევის იმედს არ დაკარგავს. თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც სამინისტროსგან ველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მოხდეს მოცემულ სიტუაციაში მოსწავლეთა შეფასება.

წაიკითხეთ სრულად