Baby Bag

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

მე-4, მე-6 კლასებში შეფასებები პილოტირების რეჟიმში, 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდება და მთლიანად ელექტრონული ფორმატის იქნება.  მე-10 კლასში კი პილოტირება 2021 წლისთვის იგეგმება. აღნიშნულის შესახებ 1TV-ის ​გადაცემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ისაუბრა. 

როგორც სოფო გორგოძე აცხადებს, მე-4 და მე-6 კლასებში შეფასებითი ტესტები სრულად, სავარაუდოდ, 2021 წელს დაინერგება: 

ჩვენ გვსურს, რომ შეფასებები, რომლებსაც დავიწყებთ მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. გვინდა, რომ სკოლაში ჩავატაროთ და ტესტი სრულად კომპიუტერული იყოს, ანუ მოსწავლეს არ ჰქონდეს პასუხების ფურცელი. თუმცა ტესტები  მხოლოდ ე.წ შემოსახაზი სახით არ იქნება, არამედ ღია ბოლოიანი დავალებებიც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ეს უნარები გააჩნდეთ. 

შეფასების მთავარი მიზანი იქნება ის, რომ შემდეგ სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა მიიღონ ანგარიში, თუ სად გაუჭირდათ და რა მიმართულებები დაძლიეს წარმატებით. ამ შეფასებებით ასევე სახელმწიფოს უნდა მივცეთ მონაცემები, თუმცა არა თითოეული მოსწავლის ან სკოლის დონეზე, რომ შემდგომ ამას რაიმე დასჯის მექანიზმი არ მიებას, არამედ სოფლისა და ქალაქის სკოლებში რა ხდება, დიდ და პატარა სკოლებში რა მდგომარეობაა. ამ მიმართულებით მივაწვდით სამინისტროს ანალიზს, რომ შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს სწავლის გაუმჯობესება,“ - აღნიშნა ნაეკის დირექტორმა. 

სოფო გორგოძე ასევე განმარტავს, თუ რატომ ხდება აღნიშნული შეფასებები მე-4 კლასიდან:

„მე-4 კლასში ვაკეთებთ, რადგან უფრო ადრეულად შევძლოთ ინტერვენციების განხორციელება, რადგან მეექვსე კლასში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს, რადგან მეექვსე კლასამდე თუ ისე მივიდა ბავშვი, რომ წერა-კითხვას ვერ ახერხებს ნორმალურად, შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს,“ - დასძინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა. 



შეიძლება დაინტერესდეთ

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის - ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას.

უწყების ცნობით, პროექტის პრეზენტაცია 186-ე საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში რინა კალიურანდმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნეს, მათთან დისკუსია გამართეს და ახლადაშენებული სკოლა დაათვალიერეს.

ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა განათლების უფლების დაცვაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა განათლების სფეროს სიახლეებზე და ხარისხიან, უწყვეტ განათლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მათი მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო და ხელი შევუწყოთ შეიძინონ ცოდნა და უნარები თვითრეალიზაციისთვის ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად განვითარებულ სამყაროში.“

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო სისტემატურად მუშაობს სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ახალი სასწავლო წლისთვის აშენდა, რეაბილიტირდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა არაერთი საჯარო სკოლა, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წამომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წამომადგენლები მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან. პროექტი, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის რევიზიასაც გულისხმობს.

„დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება, 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში გადაიხედა I-IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა. 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად