Baby Bag

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

რომელ კლასებში ჩატარდება გაზაფხულზე გამოცდები?

მე-4, მე-6 კლასებში შეფასებები პილოტირების რეჟიმში, 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდება და მთლიანად ელექტრონული ფორმატის იქნება.  მე-10 კლასში კი პილოტირება 2021 წლისთვის იგეგმება. აღნიშნულის შესახებ 1TV-ის ​გადაცემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ისაუბრა. 

როგორც სოფო გორგოძე აცხადებს, მე-4 და მე-6 კლასებში შეფასებითი ტესტები სრულად, სავარაუდოდ, 2021 წელს დაინერგება: 

ჩვენ გვსურს, რომ შეფასებები, რომლებსაც დავიწყებთ მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. გვინდა, რომ სკოლაში ჩავატაროთ და ტესტი სრულად კომპიუტერული იყოს, ანუ მოსწავლეს არ ჰქონდეს პასუხების ფურცელი. თუმცა ტესტები  მხოლოდ ე.წ შემოსახაზი სახით არ იქნება, არამედ ღია ბოლოიანი დავალებებიც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ეს უნარები გააჩნდეთ. 

შეფასების მთავარი მიზანი იქნება ის, რომ შემდეგ სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა მიიღონ ანგარიში, თუ სად გაუჭირდათ და რა მიმართულებები დაძლიეს წარმატებით. ამ შეფასებებით ასევე სახელმწიფოს უნდა მივცეთ მონაცემები, თუმცა არა თითოეული მოსწავლის ან სკოლის დონეზე, რომ შემდგომ ამას რაიმე დასჯის მექანიზმი არ მიებას, არამედ სოფლისა და ქალაქის სკოლებში რა ხდება, დიდ და პატარა სკოლებში რა მდგომარეობაა. ამ მიმართულებით მივაწვდით სამინისტროს ანალიზს, რომ შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს სწავლის გაუმჯობესება,“ - აღნიშნა ნაეკის დირექტორმა. 

სოფო გორგოძე ასევე განმარტავს, თუ რატომ ხდება აღნიშნული შეფასებები მე-4 კლასიდან:

„მე-4 კლასში ვაკეთებთ, რადგან უფრო ადრეულად შევძლოთ ინტერვენციების განხორციელება, რადგან მეექვსე კლასში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს, რადგან მეექვსე კლასამდე თუ ისე მივიდა ბავშვი, რომ წერა-კითხვას ვერ ახერხებს ნორმალურად, შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს,“ - დასძინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა. 



შეიძლება დაინტერესდეთ

„ცნობილი გახდა, რომ გამოცდები არ ჩატარდება შემოდგომაზე და იგეგმება მისი გადატანა 2021 წლისთვის“ - პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადება

„ცნობილი გახდა, რომ გამოცდები არ ჩატარდება შემოდგომაზე და იგეგმება მისი გადატანა 2021 წლისთვის“ - პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კულუარული ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ გამოცდები არ ჩატარდება შემოდგომაზე და იგეგმება მისი გადატანა 2021 წლისთვის. გთავაზობთ პროფკავშირებით განცხადებას:

​„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი ელოდება პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში შესული ცვლილებების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, ჰქონდა უფლება, აემაღლებინა მასწავლებლის სტატუსი 2020 წლის შემოდგომაზე. მასწავლებელთა ინტერესების და პროფესიული უფლებების გათვალისწინებით მიღებული ამ გადაწყეტილების შესრულება ჭიანურდება, რის გამოც სისტემაში მოქმედი, უკვე სტატუსშეწყვეტილი 4 700-მდე მასწავლებელი მოლოდინის რეჟიმშია. ისინი ზარალდებიან ფსიქოლოგიურად და მატერიალურად, ალბათ, რაც მთავარია კარგავენ ნდობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მთლიანად რეფორმის მიმართ. სამინისტროს ყველა დონის გადაწყვეტილების მიმღებებთან ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ შევძელით გაგვერკვია გამოცდების ჩატარების კონკრეტული თარიღი. დაპირება იყო გამოცდები ჩატარდებოდა ტრადიციულად ზაფხულში, რომელიც არ ჩატარდა და გადატანილი იქნა შემოდგომაზე. კულუარული ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ გამოცდები არ ჩატარდება არც შემოდგომაზე. იგეგმება მისი გადატანა 2021 წლისთვის. ყოველივე ამის მიზეზია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია, რომელმაც ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადატანა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ვერ ასწრებდა პრაქტიკოსი პედაგოგების გამოცდების ჩატარებას, ეროვნული და მასწავლებლობის მაძიებლების გამოცდების პარალელურად. გაურკვეველი მოტივით, მანვე განაცხადა უარი შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდების ჩატარებაზე.

მივმართავთ ქალბატონ სოფიო გორგოძეს, გამოცდების მომლოდინე 4 700-მდე პედაგოგს და მთლიანად საზაოგადოებას განგვიმარტოს:

1. რა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადადება შემოდგომისათვის და შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდების - 2021 წლისათვის, მაშინ, როდესაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის არსებობისა და რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, მასწავლებელთა გამოცდები ტარდებოდა ყოველთვის დაგეგმილ დროს - ზაფხულში, მაგალითისთვის, 2016-2017 წლებში მასწავლებელთა გამოცდები ჩატარდა ორჯერ, ზაფხულშიც და ზამთრის პერიოდშიც. ამ ყველაფრის მიზეზად კორონავირუსის დასახელება მიუღებელია.

2. საინტერესოა, აქვს თუ არა გააზრებული გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს, გამოცდების გადატანით, რა დისკომფორტს უქმნის გამოცდების მომლოდინე მასწავლებლებს და საერთოდ პედაგოგიურ კოლექტივებს;

3. იცის თუ არა, ქალბატონმა სოფიო გორგოძემ, რომ ზაფხულის გამოცდების გადადების გამო, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 4 700-მდე პედაგოგს შეუჩერდა სტატუსი და ისინი, დღეს, დროებითი ხელშკრულების საფუძველზე აგრძელებენ მუშაობას. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ უხეშად დაარღვია პედაგოგთა პროფესიული და შრომითი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ კარიერული წინსვლისა და მატერიალური პირობების გაუმჯობესების შეფერხებაზე.

დაგეგმილ დროს - ზაფხულში რომ ჩატარებულიყო გამოცდები, წარმატებული შედეგების მქონე მასწავლებლები მიიღებდნენ უფროსის სტატუსს და სტატუსის დანამატს, 470 ლარის ოდენობით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი სოფიო გორგოძე იგნორირებას უკეთებს პედაგოგთა ინტერესებს. მსოფლიო პანდემიის პირობებში, გამოცდებზე გასვლის მსურველ პრაქტიკოს მასწავლებელთა ნაწილმა, სხვადასხვა ტექნიკური და ობიექტური მიზეზით, ვერ გაიარა ონლაინ რეგისტრაცია, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, კარანტინის პერიოდში. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზაობა მასწავლებელთა გამოცდებზე დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაშიც, დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადების წინააღმდეგი წავიდა ქალბატონი სოფიო გორგოძე. შედეგად, 1 570 მასწავლებელთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მასწავლებლის დეფიციტია.

ჩვენთვის გაუგებარია განათლების სამინისტროს ხელმძღვანელების პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვთ პედაგოგთა სასარგებლოდ, მათი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები, კერძოდ, შეტანილია ცვლილებები სქემაში პრაქტიკოსი მასწავლებლებისათავის დამატებითი ვადების განსაზღვრის თაობაზე, რატომ ეთანხმება, უკრიტიკოდ და პრობლემის შესწავლის გარეშე, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას, რითაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ზარალდებიან სკოლები და მასწავლებლები.

იმედს გამოვთქვამთ, ქალბატონი სოფიო გორგოძე და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელები გააკეთებენ სათანადო განმარტებებს შექმნილ მდომარეობასთან დაკავშირებით.

ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, თუ არ დადასტურდება კულუარული ინფორმაცია შემოდგომის გამოცდების გადადების შესახებ და თუ დაინიშნება გამოცდები შემოდგომაზე, მაშინ, მზად ვარ საჯაროდ მოვიხადო ბოდიში პედაგოგთა ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად