Baby Bag

ქართველ მოსწავლეთა ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

ქართველ მოსწავლეთა ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთში მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური გამოგონების ნომინაციაში გაიმარჯვა, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება - ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და, შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.

განათლების სამინიტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს გაიმართა და მასში ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად თბილისის 175-ე და ბათუმის მე-16 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, სადაც საქართველოს სახელით საკუთარი პროდუქტი წარადგინეს.

„ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგანის - მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ სასკოლო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში ყალიბდება. საგნის შესწავლაში სკოლებს ხელს უწყობს Junior Achievement Georgia, აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროექტით „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მოსწავლეებს სასწავლო მასალებით უზრუნველყოფს, ის ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

სწორედ მეწარმეობის ფარგლებში „Junior Achievement“-ის ორგანიზებით, ყოველწლიურად, იმართება შეჯიბრებები. მათ შორისაა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც ევროპის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. JA Estonia და JA Georgia საქართველო ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მხარს უჭერენ მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსებში ჩამბას. მიმდინარე პროექტის მიზანია საქართველოში „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ „Helmet vision“ მეხანძრეთათვის „ჭკვიანი ჩაფხუტი“ შექმნა, ხოლო ბათუმის 16-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ „The smell of thread“ ხელნაკეთი ნივთები, რომელზეც მოქსოვილია ცხოველთა გამოსახულებები და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი პროდუქტი სხვადასხვა არომატიზატორით.

   

Junior Achievement Georgia ამჟამად ორგანიზებას უწევს კონკურსს „საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“, რომელიც გაიმართება 2020 წლის 29 მარტს, ხოლო გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას.
ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

წაიკითხეთ სრულად