Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

კერძოდ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წარსადგენ დოკუმენტებში არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შეიცვალა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები:

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპზეც ასევე იცვლება რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დაამტკიცებენ საქმისწარმოების ახალ წესს, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, ,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველკლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).


იხილეთ საჯარო სკოლების ელექტრონული ფოსტების მისამართები

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და „პირველი არხი – განათლების“ მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ამ მიზნით საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება.

ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები.

მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ მოაწერეს.

წაიკითხეთ სრულად