Baby Bag

„ოჯახში ახალბედა დედის რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

„ოჯახში ახალბედა დედის რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

გინეკოლოგმა არსენ გვენეტაძემ ახალბედა დედებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დედებს ხშირად საკუთარი განცდების რცხვენიათ და ვერ ამხელენ, რომ ცუდად არიან:

„როდესაც ფაქტობრივად გამოვლინდება, მერე დავუძახებთ ჩვენ მძიმე შემთხვევას, მაგრამ მის გონებაში რა აზრები ტრიალებს, ამაზეა საუბარი. ჩვენი პაციენტების უშვილობის წლოვანება 2-დან 25 წლამდეა. ელოდება ხალხი შვილს 5 წელი, 7 წელი, გაჩნდა ბავშვი. ბედნიერება თითქოს ზეზღვრულია. ამ დროს ბავშვი ტირის, აქვს შფოთვა. დედა ამბობს: როგორ, მთელი ცხოვრება ამას ველოდი და მისი ტირილისგან როგორ შეიძლება გონება მემღვრეოდეს, არ მინდოდეს და უძილობას ვერ ვუძლებდე?! მერე არის სირცხვილის შეგრძნება, რომ ეს როგორ ვუთხრა ვინმეს, ქმარს, ნათესავს, მეზობელს, დედამთილს?!“

არსენ გვენეტაძის თქმით, ახალბედა დედას ყველა ყველაფერს ასწავლის, თუ რა როგორ გააკეთოს:

„ყველა ყველაფერს ასწავლის ახალბედა დედას, ეს ასე უნდა გააკეთო, ისე უნდა გააკეთო. ოჯახში, მით უმეტეს ახალბედა დედის მძიმე, რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის. მოვიდნენ შენი ნათესავები, მოვიდნენ ჩემი ნათესავები, დღეს ცოტანი მოდიან, მაგრამ მაინც ხომ არის, არა?! უახლოეს ბებიას და ბაბუას ამას ვერ დაუშლი. ამის შემდეგ რჩება მეუღლე, რომელიც ვერანაირად ვერ ერკვევა, ვერც ბავშვს ჰკიდებს ხელს. მე მინახავს ჩემი მეგობრები, ამბობენ: „ვერ ვკიდებ პატარა ბავშვს ხელს.“ ვერ ეხმარება დედას ამაში. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის, რომ გაერკვე საკუთარ ემოციებში."

„ფერიტინის განსაზღვრაც, უმარტივესი ანალიზის, თუ ის არის ნორმაზე დაბლა ერთი აბი რკინის მიცემა სულ 3-6 კვირაში მოიყვანს ნორმაში და 42-დან 60%-მდე მოხსნის ამ პრობლემას,“- აღნიშნულ საკითხზე არსენ გვენეტაძემ ტელეკომპანია „POSTV”-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვერც ბებია და ვერც ძიძა ვერ ანაცვლებს მშობელთან ურთიერთობას,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

„ვერც ბებია და ვერც ძიძა ვერ ანაცვლებს მშობელთან ურთიერთობას,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის აღზრდაში მშობლის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორივე მშობლის როლს შვილის ცხოვრებაში:

„ბავშვს სასურველია ზრდიდეს ორივე მშობელი. უამრავი კვლევა არსებობს, თუ რატომ არის ეს სასურველი. კვლევებით მტკიცდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ზრდასრულ ასაკში ბავშვის აკადემიურ მიღწევაზე გავლენას ახდენს უფრო დედასთან ურთიერთობა, ხოლო ​ემოციურ ჩამოყალიბებაზე - მამასთან ურთიერთობა. ბავშვის აღზრდასთან მიმართებაში მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, თუ მშობლები აღზრდაში აქტიურად ვერ მონაწილეობენ, სასურველია ეს როლი ბებია-ბაბუამ იტვირთოს:

„იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, სასურველია ბებია და ბაბუა იღებდნენ მონაწილეობას აღზრდაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ბებია-ბაბუა ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, უკვე გადავდივართ ძიძაზე. რა თქმა უნდა, ​ვერც ბებია და ვერც ძიძა ვერ ანაცვლებს მშობელთან ურთიერთობას.“

„ძალიან ​მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა დღეში ერთი საათი მაინც გამოყოს კონკრეტულად ბავშვთან ურთიერთობისთვის. ეს დრო უნდა გამოვყოთ არა ჯგუფური აქტივობებისთვის, არამედ კონკრეტულად „მე და ჩემი შვილი.“ ეს ურთიერთობა სასურველია, რომ იყოს ყოველდღიურად დღეში ერთი საათი მაინც,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა Music Box-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Music Box

წაიკითხეთ სრულად