Baby Bag

ეს ვარჯიშები ყველა დედამ ჩვილს აუცილებლად უნდა ჩაუტაროს - ფიზიკური თერაპევტის მაია ხვიჩიას რჩევები მშობლებს

ეს ვარჯიშები ყველა დედამ ჩვილს აუცილებლად უნდა ჩაუტაროს - ფიზიკური თერაპევტის მაია ხვიჩიას რჩევები მშობლებს

ფიზიკურმა თერაპევტმა მაია ხვიჩიამ მშობლებს ბავშვისთვის სასარგებლო საინტერესო ვარჯიშები გააცნო, რომლის შესრულება სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი:

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვილებს ხშირად აწუხებთ მუცლის შებერილობა და ეს ვარჯიში ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარება. ტერფების დამუშავება შეგვიძლია ნაზი ხელსმით გავაკეთოთ. აუცილებლად ვეფერებით ჩვენს შვილს. ერთი, რაც არ შეიძლება, შიდა ზედაპირებზე არ ვეხებით. მხოლოდ გარედან ვაკეთებთ მასაჟს. ყველა მშობელი ამბობს, რომ მასაჟის მერე გადასარევად სძინავს ბავშვს.“

მაია ხვიჩიას თქმით, მასაჟი კანის სიმშრალის წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანი საშუალებაა:

„ახლა ძალიან ხშირია კანის სიმშრალე ბავშვებში და ათას დამატენიანებელ საშუალებას ვხმარობთ, მასაჟი საოცრად კარგად მოქმედებს, იმიტომ, რომ ცხიმქვეშა ქსოვილზე ვმოქმედებთ და ეს იწვევს კანის დატენიანებას.“

„მშობლებს შეუძლიათ ბურთის შეძენა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ბურთზე ვარჯიში. ბაყაყის პოზაში ვაჯენთ ბავშვს ბურთზე. ვაკეთებთ ცურვის იმიტაციას. სამი თვიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვი ბურთზე ავარჯიშოთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ხვიჩიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა განსხვავებაა ცელქობასა და ქცევით დარღვევას შორის? - ფსიქოლოგი სალომე გაბაძე

რა განსხვავებაა ცელქობასა და ქცევით დარღვევას შორის? - ფსიქოლოგი სალომე გაბაძე

ბავშვთა ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი სალომე გაბაძე გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ქცევითი დაღვევების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოცემული პრობლემა მნიშვნელოვნად განსხვავდება უბრალო ცელქობისგან. სალომე გაბაძის თქმით, მშობლებს ცელქობისა და ქცევითი დარღვევების ერთმანეთისგან გამიჯვნა უნდა შეეძლოთ:

„მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავშალოთ ეს თემა. დიფერენცირება უნდა გავაკეთოთ, თუ რას ნიშნავს ქცევითი დარღვევა, გავიაზროთ როდის ხდება ის პრობლემა და რით განსხვავდება უბრალო ცელქობისგან. რეალურად ქცევით დაღვევაზე ჩვენ ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ქცევა ბავშვს და მის გარშემომყოფებს გარკვეულ სირთულეებს უქმნის. მთავარი სირთულე არის მის განვითარებასთან დაკავშირებით. თუ ქცევა ხელს უშლის ბავშვის განვითარებას, ხელს უშლის დასწავლის პროცესს, მშობლებს ქცევიდან გამომდინარე არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ბავშვს ახალი ინფორმაცია მიაწოდონ, საქმე ქცევით დარღვევასთან გვაქვს.“

სალომე გაბაძის თქმით, ქცევითი დარღვევების პრობლემის მქონე ბავშვთან ქცევა ხშირად თვითდაზიანების გამომწვევი ხდება, რასაც ბავშვი ზოგჯერ მშობლის მანიპულირებისთვის წარმატებით იყენებს:

„შესაძლოა, ბავშვის ქცევა იყოს თვითდამაზიანებელი და დესტრუქციული, მაგ. გარემოს დესტრუქცია ან სხვა ადამიანებისკენ მიმართული აგრესია. გარემოს დაზიანებაში იგულისხმება საკუთარი ან სხვისი ნივთების მიზანმიმართული დაზიანება, გარდა ამისა, შესაძლებელია იყოს სხვა ადამიანის ფიზიკური დაზიანების ეპიზოდები, მაგ. დაარტყას ბავშვმა სხვა ადამიანს, უკბინოს, უჩქმიტოს და ა.შ. ასევე შესაძლებელია იყოს თვითდაზიანების ეპიზოდებიც. თვითდაზიანების ნაწილში მნიშვნელოვანია დიფერენცირება გავაკეთოთ მხოლოდ მანიპულაციურ ქცევასა და რეალურ თვითდაზიანებას შორის. ხშირად ბავშვები მანიპულირებენ, მშობელს აჩვენებენ, რომ ვითომ თავს იზიანებენ. ამ გზით ისინი ცდილობენ მიიღონ მათთვის სასურველი შედეგი. ისინი ამით მშობელს აშანტაჟებენ. შესაძლებელია ბავშვი მივიდეს კედელთან, მშობელს შეხედოს, ვითომ თავი მიარტყას კედელს. სინამდვილეში ის არ იზიანებს თავს. ამით მშობელს იწვევს, რომ შეუსრულოს ის, რასაც ბავშვი იქამდე ითხოვდა.“

სალომე გაბაძე აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვი თავს რეალურად იზიანებს, რაც საყურადღებოა:

„არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვი რეალურად იზიანებს თავს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ განვითარების სხვადასხვა დარღვევაზე, ზოგჯერ ტკივილის ზღურბლი არის ძალიან მაღალი, ბავშვი ტკივილს ვერ გრძნობს სათანადოდ. ამ შემთხვევაში თვითდამაზიანებელი ქცევა თუ ვლინდება, შესაძლოა, ბავშვმა თავი ისე დაიზიანოს, რომ რეალურად ტკივილი ვერც იგრძნოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა.“

„რას ვაქცევთ ყურადღებას ბავშვის ქცევითი დაღვევის გამოვლენისას? ეს არის დასწავლის პრობლემა, მეორე არის სხვისი დაზიანება. ბავშვის ქცევამ სხვას არ უნდა შეუქმნას დისკომფორტი და ასევე არ უნდა შეუქმნას დისკომფორტი მის მიკროსოციუმს, მაგ. ოჯახის წევრებს. ქცევის დარღვევის მქონე ბავშვი პრაქტიკულად არღვევს ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს,“ - აცხადებს სალომე გაბაძე.

იხილეთ გადაცემა სრულად, სადაც საუბარია, როგორც პრობლემაზე, ასევე პრობლემის გადაჭრის გზებზე​პირადი ექიმი - მარი მალ​აზონია

წაიკითხეთ სრულად