Baby Bag

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომები ახასიათებს ცისტიტს და ​რა მოხდება, თუ დროულად არ მივმართავთ ექიმს?

რა სიმპტომები ახასიათებს ცისტიტს და ​რა მოხდება, თუ დროულად არ მივმართავთ ექიმს?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ცისტიტზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება, რომელიც ვითარდება ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შედეგად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს არაინფექციური ხასიათის.

მწვავე ცისტიტი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა, რომელიც დროული მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში გადადის ქრონიკულ ფორმაში, რომელიც პერიოდულად ატარებს გამწვავების სიმპტომებს!

რამდენად ხშირად ვითარდება ცისტიტი და რა სიმპტომები ახასიათებს?

არ მეგულება ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონია ცისტიტი. ქალებში ცისტიტი უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში, რაც განპირობებულია ანატომიური აგებულებით, კერძოდ კი ქალების შარდსადენი მილი უფრო მოკლეა, ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ბაქტერიები უფრო ადვილად შედიან შარდის ბუშტში.

მწვავე ცისტიტის სიმპტომები:

  • შარდის ბუშტის არასრულო დაცლის შეგრძნება
  • სხეულის ტემპერატურის მატება
  • შარდის შეუკავებლობა
  • წვის შეგრძნება შარდსადენის არეში
  • სისუსტე და თავბრუსხვევა
  • ხშირი შარდვა
  • ტკივილი

​ტკივილი ცისტიტის დროს ლოკალიზდება უპირატესად მუცლის ქვედა არეში და მენჯში. ასევე ხშირია წელის ტკივილი. ცისტიტის დროს შარდის შეფერილობა იცვლება და იღებს მოწითალო ფერსა და უსიამოვნო სუნს.

​ქრონიკულ ცისტიტს ახასიათებს იგივე სიმპტომები, ოღონდ ნაკლები ინტენსივობით.

​რა მიზეზები იწვევს ცისტიტს განვითარებას?

​ცისტიტის გამომწვევი მიზეზებია:
  • უხარისხო ჰიგიენის საშუალებები (ტამპონი, პაკეტი - მათი შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება პროდუქტს გავლილი აქვს თუ არა დერმატოლოგიური ან ჰიგიენური ტესტირება)
  • შარდის ბუშტის ხანგრძლივი კათეტერიზაცია
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება (სიმსუქნე)
  • არასაკმარისი ინტიმური ჰიგიენა
  • ორგანიზმის გადაციება

​რა მოხდება, თუ დროულად არ მივმართავთ ექიმს?
თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, მივიღებთ შემდეგ გართულებებს:
  • შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (როდესაც შარდი შარდის ბუშტიდან ბრუნდება უკან შარდსაწვეთებში)
  • პიელონეფრიტი
  • შარდის მწვავე შეკავება

​გისურვებთ ჯანმრთელობას.

წაიკითხეთ სრულად