Baby Bag

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ბავშვს არ სჭირდება ორთოპედიული ფეხსაცმელი, მხოლოდ იმას, ვისაც აქვს რაღაც პრობლემა,“ - ორთოკინეზითერაპევტი თამარ ჭიჭინაძე

ორთოკინეზითერაპევტი თამარ ჭიჭინაძე გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბრტყელტერფიანობის პრობლემის შესახებ საუბრობს და მშობლებს მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს:

„პირველ რიგში, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ ოთხ წლამდე ბავშვი აჩვენოს ბავშვთა ორთოპედს. თუ ბავშვს პრობლემა აქვს, სპეციფიკური ჩივილებიც წამოვა. თუ ბავშვი ამბობს: „დავიღალე,“ ითხოვს ხელში აყვანას, აკლია სისწრაფე, ე.ი. არის პრობლემა. ამ დროს ამბობენ, რომ ბავშვი ზარმაცია. არა, ბავშვი არ არის ზარმაცი, ის არის ძალიან მგრძნობიარე, ის მართლა იღლება, უბრალოდ არ იცის, რა გააკეთოს, როგორ გითხრას, როგორ გაგაგებინოს. ამ დროს ბავშვი აჩვენეთ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგს. დააკვირდით ბავშვის სიარულის მანერას. ეს არ არის რთული. ამას ჰქვია ჩაპლინის სიარული. ოთხ წლამდე თაღი არ არის განვითარებული, ის მხოლოდ ოთხი წლიდან იწყებს განვითარებას. ბავშვი სპეციფიკურად, ჩაპლინის მსგავსად დადის. მეორე პრობლემა არის ჰიპერსუპინაცია, დათვივით რომ დაბაჯბაჯებს ბავშვი, პირიქით შეწეული ფეხებით. ასეთ დროს ოთხ წლამდე მიდიხართ ორთოპედ-ტრავმატოლოგთან და მის დანიშნულებას მიჰყვებით. ოთხი წლიდან უკვე შესაძლებელია, რომ ჩატარდეს სკანირება. ამის გაკეთება კონტროლის მიზნითაც შეგიძლიათ. შესაძლოა, ბავშვს ჩივილი არ ჰქონდეს, მაგრამ აღმოაჩნდეს პრობლემა. ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული. ზოგს მეორე, მესამე ხარისხის ბრტყელტერფიანობა აქვს და ისე გადის წლები, რომ ამას ვერ იგებს.“

თამარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა სახისაა და პრობლემა ბავშვებში განსხვავებული სიმწვავით ვლინდება:

„ბრტყელტერფიანობა არის სრული, ნაწილობრივი, კომბინირებული, სიგრძივი, განივი. თითოეულ ამ ტიპს აქვს კიდევ სამი ხარისხი. ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, არის მესამე ხარისხი. რამდენიმე წელია მესამე ხარისხის ბრტყელტერფიანობაზე ხდება ქირურგიული ჩარევაც. პრევენციის საშუალება არის ტერფის დროული დიაგნოსტიკა. უნდა გამოვლინდეს პრობლემა და დავამზადებინოთ ინდივიდუალური სამკურნალო-საკორექციო ღაბაში. ღაბაში არ არის მხოლოდ სუპინატორი, რომელსაც ბრტელტერფიანობის დროს თაღის ასაწევად ვიყენებთ. ჩვენ დროულად თუ მივხედავთ ბავშვს საუკეთესო შედეგი გვაქვს ოთხიდან რვამდე, ნაწილობრივ 12 წლამდეც. შემდეგ ვმუშაობთ შედეგის შენარჩუნებაზე. ღაბაში შეიძლება იყოს სუპინატორი, ორთოკორექტორი, სპორტული კორექტორი. ცალკე არის პათოლოგია დიაბეტური ტერფი, რომელიც ძალიან რთული პათოლოგიაა და დროულად მისახედია, რომ არ მოხდეს ამპუტაცია.“

თამარ ჭიჭინაძის თქმით, ბავშვმა თორმეტიდან თვრამეტ წლამდე სუპინატორის გამოყენება უნდა განაგრძოს:

„ბავშვს შეუძლია ყველანაირი სპორტული დატვირთვა, თუ არ აქვს ხერხემლის გამრუდება. ნუ ეშინია ხოლმე მშობელს, როდესაც ბავშვი ბრტყელტერფიანია. არა ფეხბურთი, არა კალათბურთი, შეწუხებულია მშობელი. რა თქმა უნდა, ცურვა და ჯირითი არის ძალიან კარგი ხერხემლისთვის. შეიძლება ბავშვს აქვს რაიმე ტერფის პათოლოგია, მაგრამ მონდომებულია, კალათბურთი უნდა, ფეხბურთი უნდა. არ უნდა დავუშალოთ ეს აქტივობა. ის ატარებს სუპინატორს და პრობლემა საერთოდ არ ექნება. რატომ უნდა დავწყვიტოთ გული? როდესაც თორმეტ წლამდე შედეგს ვიღებთ, მქონია შემთხვევა, რომ ყველაფერი კარგადაა და ანებებენ თავს: აღარც სუპინატორი, აღარც ვარჯიში. რა ხდება თორმეტი წლის შემდეგ? ჰორმონალური ცვლილება, ტანის აყრა, გარდატეხის პერიოდი. ბავშვი იყო მიდრეკილი ბრტყელტერფიანობისკენ, ჩვენ შევაჩერეთ, მოვერიეთ, მაგრამ გავიდა ორი-სამი წელი და უკან დაგვიბრუნდა ყველაფერი. თუ დავიწყებთ ამაზე მუშაობას, კი ბატონო, რთულია, შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად თვრამეტ წლამდე უნდა მივიყვანოთ. შემდეგ აღარაფერია საჭირო.“

თამარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ოთხ წლამდე ასაკის ბავშვს თაღი ჩამოყალიბებული არ აქვს და მისი პრობლემის იდენტიფიცირება მხოლოდ ორთოპედს შეუძლია:

„ოთხ წლამდე ბავშვს თაღი არ აქვს. თაღის ჩამოყალიბება ოთხი წლიდან 7-8 წლამდე ხდება. ამიტომ მხოლოდ ორთოპედი მიხვდება ბავშვს პრობლემა აქვს თუ არა. თქვენ მხოლოდ ჩივილით მიხვდებით, ბავშვი წუხს და იღლება. არის შემთხვევები, რომ ბავშვს წვივის კუნთები ტკივა და მშობელს სთხოვს, რომ ღამით მასაჟი გაუკეთოს. აქ ორი ფაქტორი უნდა გამოირიცხოს: ყელისა და ტერფის პრობლემები. ხშირია, როდესაც ეს არის თანმხვედრი, ამიტომ არ უნდა გამოგვეპაროს, ყურადღება უნდა მივაქციოთ დეფორმაციას, როდესაც კოჭი მოდის ოდნავ შიგნით, ქუსლი გადის გარეთ. ამას მიხვდებით ფეხსაცმლით, სიარულის მანერით, ფეხსაცმლის ცვეთაზე შეატყობთ. თუ ეს პროცესი არის, იქ ჩვენ გვექნება პრობლემა. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც რთული ბრტყელტერფიანობა იქნება. შესაძლოა, მოვიდეს 3-4 წლის ბავშვი, არ იყოს ბრტყელტერფიანი, თაღი ვითარდებოდეს, მაგრამ წონა მოიმატა, გაიზარდა დატვირთვა გადმოატრიალა ფეხი, ეს არის შეძენილი დეფორმაცია.“

„მასაჟს ნიშნავს ორთოპედი. ვარჯიშიც არის სხვადასხვანაირი და ჩვენ ვუხსნით რა გააკეთოს ბავშვმა. ვარჯიში ყოველდღიურად გასაკეთებელია. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ყველა ბავშვს არ სჭირდება ორთოპედიული ფეხსაცმელი. მშობლების ამბავი ხომ იცით, ორთოპედიულს რომ აცმევენ შვილს, მშვიდად არიან. არა, არ სჭირდება ყველა ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი, მხოლოდ იმას, ვისაც აქვს რაღაც პრობლემა. თუ ბავშვს აქვს თუნდაც მინიმალური სუპინაცია, წინა ტერფის მიდამო ოდნავ შედის, მაგრამ ეს არ აწუხებს ბავშვს, თქვენ როდესაც ჩააცვით სუპინატორიანი ფეხსაცმელი, თაღი ასწიეთ, რამდენიმე თვეში ფეხი საერთოდ შემოტრიალდება, მერე მოგიწევთ ექიმთან მისვლა, რომ ეს ვარუსი და ჰიპერსუპინაცია გაასწოროთ. როდესაც ბავშვი ფეხს აიდგამს, მიეცით საშუალება, რომ იაროს ფეხშიშველმა. ის ამით შეიგრძნობს სამყაროს, განვითარებული აქვს სენსორები. თქვენ რომ ბავშვს მძიმე ფეხსაცმელი ჩააცვათ, ის სიმძიმის ცენტრს ვერ არეგულირებს. ამის რეგულაცია ოთხი წლიდან იწყება და ცხრა წლისთვის მთავრდება,“ - აცხადებს თამარ ჭიჭინაძე.

 წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად