Baby Bag

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვთან კომუნიკაცია არ უნდა ხდებოდეს ტელეფონში ყურების ან სადილის კეთების პარალელურად'' - თამარ გაგოშიძე

,,ბავშვთან კომუნიკაცია არ უნდა ხდებოდეს ტელეფონში ყურების ან სადილის კეთების პარალელურად'' - თამარ გაგოშიძე

​ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ბლოგი, რომელიც www.helloblog.ge-ზე გამოქვეყნდა დასაქმებული მშობლების შვილებთან უერთიერთობის თემას ეხება. 

გთავაზობთ ბლოგიდან ამონარიდს:

,,თანამედროვე სამყაროში დედისა და მამის ტრადიციული როლები ნელ-ნელა რადიკალურად იცვლება. თუმცა, თუკი საქართველოში დასაქმებული მშობლისა და შვილების ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ასოციაციურად მშობელში პირველ რიგში ჯერ დედას წარმოვიდგენთ. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც საზოგადოებასთან ერთად, ქალბატონებს თავად აქვთ საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნა, რომ პროფესიული წინსვლისა და თვითრეალიზების პარალელურად, საუკეთესო მშობლებიც იყვნენ. სწორედ მას შემდეგ, რაც ამ საუკუნის სამუშაო ძალაში ქალების ჩართულობამ მკვეთრად იმატა, დასაქმებული მშობლების გავლენა შვილების განვითარებაზე ბავშვთა ფსიქოლოგებისა და ექსპერტების კვლევის საგანი გახდა.

დღევანდელი დინამიური და დატვირთული სამუშაო გარემოს გარეთ, საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისის სტატუს-შეხვედრების ფარგლებში, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე თიბისის სტატუსის მოხმარებლებს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და კონკრეტული რჩევებიც გაუზიარა. ფსიქოლოგმა შეხვედრა პირველი და უმთავრესი წესით დაიწყო: დანაშაულის განცდა - შეგრძნება, რომელიც ყველა დასაქმებულ მშობელს აწუხებს, ყოველმა მათგანმა უნდა დაივიწყოს და ამოიგდოს გონებიდან. ის, რომ მშობელი დაკავებულია, არსებული მოცემულობაა და მხოლოდ ამ რეალობის მიღების შემდეგ მოახერხებს დასაქმებული მშობელი მომდევნო რჩევების შესრულებას.

მთავარი პრობლემა - დრო

მართალია, ორმაგი შემოსავლის ოჯახში ბავშვი ფინანსურად ორმაგად უზრუნველყოფილია, თუმცა, ჯანსაღი სოციალურ-ემოციური განვითარებისათვის სულ სხვა, არამატერიალური ფაქტორებია გადამწყვეტი. ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადების მომენტიდან მისი მშობლებთან დაწყებული კავშირია.

ისეთი ეპოქაა, რომ დროს ვერ ვიმორჩილებთ. სულ რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, გარკვეულ ამოცანებზე ვართ ორიენტირებული. სწორედ დროის უქონლობა იწვევს მშობელში დანაშაულის განცდას.

ხშირად ამის რაციონალიზაციას ვახდენთ - „მე არ მაქვს დრო, მაგრამ გამოვიმუშავებ ფულს და დროის კომპენსირებას ჩემი შვილების მატერიალური უზრუნველყოფით ვახდენ.“ ამის მიუხედავად, უკმაყოფილებისა და დანაშაულის განცდა მაინც ჩნდება. ამ განცდის ექვივალენტი მატერია არ არის, ამიტომ სინდისის ქენჯნას მშობლები ვერ გავცვლით ძვირფას ტელეფონში. ამას ეფექტი არ აქვს, ბავშვი კი ასეთი მომხარებლური ურთიერთობით მხოლოდ მანიპულირებას ეჩვევა. შეგიძლიათ შვილებთან უბრალო კომუნიკაციის შემთხვევა გაიხსენოთ? ოღონდ ისეთი, როდესაც არაფერი მოითხოვეთ მათგან? გაგიკვირდებათ და ასეთი ურთიერთობა ძალიან იშვიათია დღეს, იმიტომ, რომ ოჯახშიც მუშაობის რეჟიმში ვართ. მთელი დღე დრო არ გვაქვს გავიგოთ, რას საქმიანობს ჩვენი შვილი. ამიტომ, დღის ბოლოს სასწრაფოდ გვინდა გავარკვიოთ: იმეცადინა? ხელები დაიბანა? ჭამა? ეს მოთხოვნითი კითხვებია და ამით მთავრდება ჩვენი კომუნიკაცია შვილთან.“

მშობლის 2 საათი

,,უამრავი ინფორმაციისა და სწრაფად ცვალებადი მოვლენების ტალღებში გაჩერება და საკუთარ თავთან ჩარღმავება აუცილებელი წინპირობაა იმისა, რომ ჩვენს შვილებთან ვიყოთ ჰარმონიულ ურთიერთობაში. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისთვის და რაზე ვხარჯავთ დროსა და ენერგიას.

ხშირად რაღაცას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვებიც ასე აკეთებენ, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. ჩვენ მომხმარებლური საზოგადოება ვართ

კითხვა ასეთია: ყოფნა თუ ფლობა? ჩვენ გვინდა ფლობა. ჩვენ გვინდა ვფლობდეთ ყველაფერს. არადა, თუ ვერ ფლობ დროს, ვერ ფლობ ვერაფერს. ჩვენს შვილებსაც არ ვასწავლით იმას, რომ დინებას არ მიჰყვნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც მომხმარებლებად ყალიბდებიან. მშობლისთვის საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა აუცილებელი რეცეპტია. ეს შეიძლება იყოს კვირაში, ან თუნდაც 2 კვირში 2 საათი, მაგრამე ეს უნდა იყოს მხოლოდ თქვენი 2 საათი, სხვისი არავისი - არც თქვენი შვილების, არც თქვენი მეგობრების.“

ჯადოსნური ნახევარი საათი

თუკი დასაქმებული მშობელი ხართ და ამ ყველაფერს კითხულობთ, ალბათ აქ ნახსენები ყველა გრძნობა და სიტუაცია გეცნოთ და შვების ნაცვლად, პირიქით, მეტი სინდისის ქეჯნა იგრძენით. მაგრამ მალე დამშვიდდებით, როდესაც გაიგებთ, რომ გამოსავალი არსებობს და ის იმაზე მარტივია, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ. გამოსავალი რაოდენობის ხარისხით ჩანაცვლებაა. უცნაურია, მაგრამ დადგენილია, რომ ბავშვთან ნახევარი საათი სრულფასოვანი ურთიერთობა სრულიად საკმარისია მასთან საჭირო კომუნიკაციის დასამყარებლად.

ეს არ უნდა ხდებოდეს ტელეფონში ყურების ან სადილის კეთების პარალელურად. ეს უნდა იყოს უშუალო კომუნიკაცია ბავშვთან

ისეთი ნახევარი საათის გამოყოფა, როდესაც სხვა არაფერი გაინტერესებთ და არც მოთხოვნის რეჟიმში ხართ, თქვენთვისაც ერთგვარი ფსიქოთერაპიაა. როდესაც სახლის ტერიტორიაზე გადადიხართ, გამორთეთ ტელეფონი და ინტერნეტი 1 საათით მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ კონცენტრირდებით თქვენს შვილებთან.“

ადამიანის პირველი და საბაზისო მოთხოვნილება უსაფრთხოების, მეორე კი - მიკუთვნების განცდაა. ეს შეგრძნებები სწორედ 2-3 წლამდე ყალიბდება, როდესაც ბავშვს ნდობა და ხალასი დამოკიდებულება უნდა გაუჩნდეს გარემოს მიმართ და უნდა იგრძნოს, რომ მიეკუთვნება ჯგუფს, ანუ ოჯახს, რომელიც მას დაიცავს.

სწორედ ამ პერიოდში სჭირდება ბავშვს ოჯახის მხარდაჭერა. დასაქმებულ მშობლებს კი მათი ძიძასთან ან ბაღში დატოვება უწევთ. სწორედ ცალ-ცალკე გატარებული დროის ამანაზღაურებელი არის თამაში, რომელსაც შეუფასებელი წვლილი აქვს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაში,'' - აღნიშნულია ბლოგში. 

ბლოგის სრული ვერსია იხილეთ ​აქ
წაიკითხეთ სრულად