Baby Bag

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გოგოა თუ ბიჭია, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ... ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება,“- ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მუცლადმყოფ ბავშვთან მშობლების ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვს მუცელში ესაუბრები, სულ გამოხატავ, რომ შენ ის გიყვარს, რომ მასზე ზრუნავ, საუბრობთ, როგორ იყოს ის დაცული, როგორ ელოდებით სიხარულით. ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ, გოგოა თუ ბიჭია. ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება. ამ დროიდან განიცდის ადამიანი. როდის, როგორ გამოიხატება შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ეს არ ვიცით, ფსიქოლოგიურად მერე ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს.

მუცლადყოფნის პერიოდიდან დედა-შვილის, მამა-შვილის ურთიერთობის ჰარმონიას, ოჯახში სიტუაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. სადაც აყალმაყალია, ჩხუბია, იქ ბავშვი ყოველთვის დათრგუნულია. განვითარების პრობლემებიც კი შეიძლება შეიქმნას, იმიტომ, რომ შეშინებულია შიგნიდან ეს ადამიანი. ის ყოველთვის დაძაბულია. ბავშვი არის საოცარი ქმნილება. მუცლადყოფნის პერიოდის ბავშვობაც არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გაჩენის შემდეგ ბავშვობა,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად