Baby Bag

თუ ბავშვი საათობით არ ითხოვს საკვებს, შეგვიძლია თუ არა, რომ მას საკვები არ მივცეთ? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

თუ ბავშვი საათობით არ ითხოვს საკვებს, შეგვიძლია თუ არა, რომ მას საკვები არ მივცეთ? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობლის კითხვას უპასუხა, რომელსაც აინტერესებდა უნდა მიეცა თუ არა საკვები ბავშვისთვის, რომელიც საათობით არ ითხოვს საკვებს:

„წარმოიდგინეთ, რომ ბოლო კვებიდან 10 საათი გავიდა. ბავშვი კანკალებს, მშიერია და გთხოვთ, რომ საკვები მისცეთ. თუ ბავშვი დაიღალა, მშიერია და უენერგიოდაა, ცხადია, მშობელი მას გამოკვებავს. ვითარება განსხვავებულია, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში უჭმელი ბავშვი ენერგიულად დარბის, თამაშობს და არაფერზე წუხს.

თქვენ გსურთ, რომ ევგენი კომაროვსკისგან აიღოთ ნებართვა გამოკვებოთ თუ არა ბავშვი, რომელსაც არ შია? თუ ადამიანს საკვების მიღება არ სურს, მან არ უნდა მიირთვას. თუ ადამიანს არ წყურია, მან წყალი არ უნდა დალიოს. თუ ბავშვს ქოთანზე დაჯდომის სურვილი არ აქვს, ვალდებული არ არის ქოთანზე იჯდეს. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები მათი არსებობის შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნული წესებიდან გამონაკლისები ძალიან ცოტაა. თუ საქმე ეხება მოავადე ბავშვს, რომელსაც საკვების მიღების ძალა არ აქვს, ცხადია, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. ასე უნდა მოიქცეთ მაშინაც, თუ ბავშვი წყლის მიღებას ვერ ახერხებს.

როდესაც აღნიშნავთ, რომ ბავშვი ჯანმრთელია და აქტიურად მოძრაობს, მაშინ მას საკვები არ უნდა დააძალოთ, თუ საკვებს თავად არ გთხოვთ,“ - წერს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი თვიდან შევთავზოთ პატარას მწყრის ხორცი და როგორ მოვამზადოთ? - პედიატრი თამარ ობგაიძე დეტალებზე

რომელი თვიდან შევთავზოთ პატარას მწყრის ხორცი და როგორ მოვამზადოთ? - პედიატრი თამარ ობგაიძე დეტალებზე

რატომ უნდა მივცეთ ბავშვს მწყრის ხორცი? - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:

„გემრიელი, კალორიული, სასარგებლო - ეს მწყრის ხორცია. ჰოდა, თუ ყველა ამ თვისებას ფლობს, რატომ არ უნდა მივცეთ ის პატარას?! 
და მაინც, რითია გამორჩეული ამ მცირე ზომის ფრინველის ხორცი?
  • საკმაოდ კალორიული პროდუქტია. მისი ყოველი 100 გრამი 134 კკალ ენერგიას შეიცავს.
  • დიეტურია და ალერგიული ადამიანებისათვისაც ადვილი ასატანი. მწყრის ხორცი, ისევე როგორც მისი კვერცხი ხომ ოვომუკოიდს შეიცავს, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
  • მწყრის ხორცში ცილა 21-22%-ია, ხოლო ცხიმი 2,5-4%.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი ცილის შემადგენლობაა. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და ამავდროულად, ამინომჟავები ისეთი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რაც ბავშვის ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას უწყობს ხელს.
  • მწყრის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების ნამდვილი საბადოა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს B6, B1, B6 B3, B12 ვიტამინებს.
  • ამ პატარა ფრინველის ხორცში ბევრი A ვიტამინია, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარებისათვისაა აუცილებელი.
  • ეს ხორცი გამორჩეულია D ვიტამინის მაღალი შემცველობითაც. ის გაცილებით მეტია, ვიდრე იმავე რაოდენობის ქათმის ან ინდაურის ხორცში. ლიზოციმი, რომელსაც მწყრის ხორცი შეიცავს, იმუნურ რეაქციებში მონაწილეობს.
  • რკინის მაღალი შემცველობა ანემიის პროფილაქტიკისათვისაა მნიშვნელოვანი.
  • მწყრის ხორცი სხვა აუცილებელ და სასარგებლო ნუტრიენტებსაც შეიცავს - სპილენძს, კობალტს, მანგანუმს, თუთიას. ეს ნივთიერებები აუცილებლია ორგანიზმში მიმდნარე 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისათვის, რადგან ისინი ამ რეაქციებისათვის საჭირო ფერმენტული სისტემების ნაწილია.
  • ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი კალციუმი და ფოსფორი ასევე დიდი რაოდენობითაა წამოდგენილი მწყრის ხორცში.
  • და მთავარი - ყველა ეს ნუტრიენტი ისეთი თანაფარდობითაა წარმოდგენილი, რომ ორგანიზმის მიერ ერთმანეთის ათვისებას ხელს უწყობს.
  • მწყრის ხორცს არ აქვს უკუჩვენებები, თუ პატარას მისი ინდივიდულური აუტანლობა არ აქვს.

როგორ ავარჩიოთ და მოვამზადოთ?
ნუ დაგაბნევთ ხორცის მუქი ფერი - მწყერი სხვა ფრინველისაგან განსხვავდება. თუ ხორცზე ხელის დაჭერისას ჩანაჭდევი მალე გასწორდა, ნიშნავს, რომ ხორცი ახალია.
ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში აუცილებლად გადაღვარეთ - მწყრის ხორცი დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს, რაც პატარასთავის სასარგებლო სულაც არ არის.
მწყრის ხორცის მიცემა (ნახარშის გარეშე) 8 თვიდან შეიძლება ბოსტნეულთან ან ბრინჯთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ მწყრის ხორცი სწრაფად, დაახლოებით 30 წუთში იხარშება.
არ მისცეთ პატარას მწყრის ხორცი, თუ მისი წარმომავლობა არ იცით - მწყერი შეიძლება პარაზიტებით ან მიკრობებით, მაგალითად, სალომონელათი იყოს ინფიცირებული, რაც ბავშვის დაავადებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ სჯობს, ბავშვს ფერმაში გაზრდილი, სერტიფიცირებული ფრინველის ხორცი სჯობს შესთავაზოთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად