Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის საჭირო" - ინფექციონისტი

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის  საჭირო" - ინფექციონისტი

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ თავი აარიდოს არასასურველ პროცესებს? ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ,,იმედის" გადაცემაში - ,,ჩვენი ოჯახი" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებითია, მშობელმა ექიმს მიმართოს, როდესაც არ იცის, რასთან აქვს საქმე.

,,ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.

ხანდახან შესაძლოა,  ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე - ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

წყარო: ​,,ჩვენი ოჯახი"

წაიკითხეთ სრულად