Baby Bag

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

ფსიქოლოგმა მეგი საჯაიამ დედების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედებმა საკუთარ თავზე მეტი უნდა იფიქრონ:

„დედების დანაშაულის გრძნობა აქვთ ხოლმე: „როგორ ვიფიქრო ჩემს თავზე? როგორ გავიდე სასეირნოდ? როგორ დავტოვო ცოტა ხნით?“ ეს ყველაფერი არის მათთვის დამაბრკოლებელი. მინდა დედებს ვთხოვო, რომ უფრო მეტი იფიქრონ საკუთარ თავზე. შვილს სჭირდება ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჯანსაღი დედა. დედებმა უნდა მისცენ თავს უფლება გამოიძინონ, დაისვენონ, ისეირნონ, შეხვდნენ მეგობრებს. ის აქტივობები, რომლებიც დედობამდე მათთვის იყო სასიამოვნო და სასურველი, ისევ განახორციელონ და თავი არ შეიზღუდონ იმიტომ, რომ ახლა დედები გახდნენ.“

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა. სწორად მინდა გამიგოს საზოგადოებამ. საკუთარი მე არ უნდა დავკარგოთ. შვილი ამ ყველაფერს გრძნობს. ბავშვისთვისაც ძალიან რთულია, როდესაც დედა არის გადაღლილი, ემოციებშია, არ არის ფსიქოლოგიურად ჯანსაღად. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გაგხდით კარგად. ეცადეთ, რომ დრო გქონდეთ დასვენებისთვის, ძილისთვის და დამხმარე პერსონა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ დედებმა. გადაანაწილონ ბავშვზე მზრუნველობა პარტნიორზე, ოჯახის წევრებზე, თუნდაც ძიძაზე,“- აღნიშნულ საკითხზე მეგი საჯაიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „კომერსანტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში და როგორ ავირიდოთ პრობლემის გამწვავება თავიდან? - გიორგი ღორობერიძის რჩევები

რა იწვევს სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში და როგორ ავირიდოთ პრობლემის გამწვავება თავიდან? - გიორგი ღორობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ფეხებში სიმძიმის შეგრძნების პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრა:

„ეს ძალიან შემაწუხებელი ჩივილია, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება საღამოს საათებში. მიხვალ სახლში, გეგონება ფეხებზე ორკილოგრამიანი სიმძიმე გაქვს მობმულიო. როგორც კი წამოწვები უკვე გრძნობ შვების განცდას. რა შეიძლება იყოს ქვედა კიდურებში სიმძიმის მიზეზი? პირველი ეს არის მდედრობითი სქესი. ქალების შემთხვევაში ეს პრობლემა ხშირია. ამის მიზეზი უნდა იყოს ჰორმონი ესტროგენი. ​როდესაც ორგანიზმში ესტროგენის ჰორმონის შემცველობა იკლებს, სისხლძარღვების კედლები თხელდება, სარქვლები უფრო მიდრეკილი ხდება დაზიანებისკენ და ვითარდება ქვედა კიდურებში სიმძიმის გრძნობა.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას ასაკის მატებაც იწვევს:

„მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი. 50 წელს ზემოთ ადამიანებში ასაკის გამო ვენების კედლები სუსტდება და სისხლისთვის ქვედა კიდურებში დაგუბება იოლია, ამიტომ ადამიანს აქვს სერიოზული სიმძიმის განცდა. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს მწეველობა. მეოთხე მიზეზი არის ხანგრძლივად ფეხზე დგომა და ხანგრძლივი ჯდომა. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. როდესაც ადამიანი დგას ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, კანჭის კუნთები ძალიან დაჭიმულია. ამავე პრობლემის წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებსაც აცვიათ უქუსლო ფეხსაცმელი.“

​ვენური უკმარისობა შეიძლება გართულდეს ტროპიკული წყლულებით. ეს წყლულები ძალიან პრობლემურია, იმიტომ, რომ მათი განკურნება ძალიან, ძალიან რთულია. ძალიან ბევრს ასევე აწუხებს კრუნჩხვები ქვედა კიდურებში. ეს მდგომარეობა ქირურგამდე რომ არ მივიყვანოთ, ამიტომ რამოდენიმე წესი დავიცვათ. პირველი და მნიშვნელოვანი არის წონის კორექცია, მეორე არის მოწევისთვის თავის დანებება ან მაქსიმალურად შემცირება. თუ ხანგრძლივად ვდგავართ ფეხზე, შევეცადოთ, რომ ვიმოძრაოთ. ამერიკელებს აქვთ ასეთი ჩვევა, თუ მათ უწევთ ფეხზე დგომა, ისინი ყოველ ნახევარ საათში იწყებენ ათწუთიან ვარჯიშებს. ქალები უნდა მოერიდონ ძალიან მოტკეცილ ტანსაცმელს, ძალიან მაღალქუსლიან ან უქუსლო ფეხსაცმელს. ბოლო რჩევა იქნება ის, რომ როდესაც მივალთ სახლში, დაწოლის დროს ქვედა კიდურები გვქონდეს უფრო მაღლა, ვიდრე გვაქვს გული,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“

წაიკითხეთ სრულად