Baby Bag

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

ფსიქოლოგმა მეგი საჯაიამ დედების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედებმა საკუთარ თავზე მეტი უნდა იფიქრონ:

„დედების დანაშაულის გრძნობა აქვთ ხოლმე: „როგორ ვიფიქრო ჩემს თავზე? როგორ გავიდე სასეირნოდ? როგორ დავტოვო ცოტა ხნით?“ ეს ყველაფერი არის მათთვის დამაბრკოლებელი. მინდა დედებს ვთხოვო, რომ უფრო მეტი იფიქრონ საკუთარ თავზე. შვილს სჭირდება ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჯანსაღი დედა. დედებმა უნდა მისცენ თავს უფლება გამოიძინონ, დაისვენონ, ისეირნონ, შეხვდნენ მეგობრებს. ის აქტივობები, რომლებიც დედობამდე მათთვის იყო სასიამოვნო და სასურველი, ისევ განახორციელონ და თავი არ შეიზღუდონ იმიტომ, რომ ახლა დედები გახდნენ.“

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა. სწორად მინდა გამიგოს საზოგადოებამ. საკუთარი მე არ უნდა დავკარგოთ. შვილი ამ ყველაფერს გრძნობს. ბავშვისთვისაც ძალიან რთულია, როდესაც დედა არის გადაღლილი, ემოციებშია, არ არის ფსიქოლოგიურად ჯანსაღად. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გაგხდით კარგად. ეცადეთ, რომ დრო გქონდეთ დასვენებისთვის, ძილისთვის და დამხმარე პერსონა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ დედებმა. გადაანაწილონ ბავშვზე მზრუნველობა პარტნიორზე, ოჯახის წევრებზე, თუნდაც ძიძაზე,“- აღნიშნულ საკითხზე მეგი საჯაიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „კომერსანტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის სწორედ ის უახლესი ონკოლოგიური პრეპარატი, რომელმაც 12 პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში მოგვცა განკურნების 100-პროცენტიანი შედეგი,“- გიორგი ღოღობერიძე

„ეს არის სწორედ ის უახლესი ონკოლოგიური პრეპარატი, რომელმაც 12 პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში მოგვცა განკურნების 100-პროცენტიანი შედეგი,“- გიორგი ღოღობერიძე

ნიუ-იორკში კიბოს სამკურნალო და კვლევით დაწესებულებაში პაციენტებში სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობის ექსპერიმენტული კვლევა ჩატარდა. პაციენტები 6 თვის განმავლობაში სამ კვირაში ერთხელ პრეპარატ დოსტარლიმაბს იღებდნენ. ყველა პაციენტი სიმსივნისგან განიკურნა და უკვე ერთი წელია სიმსივნის დიაგნოზი აღარ აქვთ. დოსტარლიმაბი მონოკლონური ანტისხეულია და ის იმუნურ სისტემას სიმსივნური უჯრედების აღმოჩენაში ეხმარება.

ნიუ-იორკში ჩატარებულ კვლევას და დამაიმედებელი პრეპარატის აღმოჩენის ფაქტს ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძეც გამოეხმაურა:

„ეს არის სწორედ ის უახლესი ონკოლოგიური პრეპარატი, რომელმაც 12 პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში (ამ პაციენტებს ჰქონდათ სწორი ნაწლავის ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) მოგვცა განკურნების 100%-იანი შედეგი. არცერთ პაციენტს შემდგომში კვლევებზე აღარ აღმოაჩნდათ არანაირი ონკოლოგიური ჩივილი.

სიმსივნე ჩვენს სხეულში ყოველთვის ემალება იმუნურ სისტემას და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რომ ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ის ვერ დაინახოს. ეს ანტისხეული იმუნურ სისტემას სიმსივნისგან შეფერხებაში ხელს უშლის. იმუნური სისტემა ამ ანტისხეულის ფონზე ონკოლოგიურ უჯრედებს დროულად პოულობს და ანადგურებს. რა თქმა უნდა, 12 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ჩვენ განვაზოგადოთ, მაგრამ შედეგი იმედისმომცემია. მით უმეტეს, რომ საქართველოში, ჩვენს რეალობაში მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნეები გავრცელებით ძალიან ხშირია,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად