Baby Bag

რძის პროდუქტის როლი ბავშვთა კვებაში

რძის პროდუქტის როლი ბავშვთა კვებაში

ჯანმრთელი ბავშვი ძლიერი იმუნიტეტით, ალბათ, ყველა დედის ოცნებაა. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი მუცლადყოფნის პერიოდში იწყება და დაბადების პირველი წუთებიდან მის ზრდასრულობამდე გრძელდება. განსაკუთრებული როლი კი ამ ყველაფერში ეკოლოგიასთან და გარემო პირობებთან ერთად, რა თქმა უნდა, სწორ კვებას ენიჭება. რა მიკროელემენტები და ვიტამინები სჭირდება ბავშვს და რა როლი უკავია ბავშვთა კვებაში რძეს და რძის პროდუქტებს ამაზე პედიატრს, მედიცინის აკადემიური დოქტორს მაია ჩხაიძეს ვესაუბრეთ.

ქალბატონო მაია, რომელი პროდუქტებია ბავშვთა კვებაში აუცილებელი და რა ადგილი უკავია ამ პროდუქტებში რძეს და მის ნაწარმს?

- რძე და რძის პროდუქტები ბავშვთა კვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, წარმოადგენენ ცილების და ენერგიის შესანიშნავ წყაროს. ასევე შეიცავენ ვიტამინების და მინერალების ფართო სპექტრს.

რძე და რძის ნაწარმი არის ენერგიის, ცილების, ცხიმების (ძირითადად ნაჯერი), ვიტამინების (რიბოფლავინი, B12, Aდა D ვიტამინი) და მინერალების (კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია) წყარო. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და ჯანსაღი კბილებისათვის.

ცილას აქვს ყველა უჯრედში, სტრუქტურული და ფუნქციური როლი და უმნიშვნელოვანესია ზრდისთვის. ცილაზე მოთხოვნილება შეესაბამება სხეულის ზომებს და ასაკს. მისი კარგი წყაროა: უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული და მცენარის თესლები.

რას იღებს ბავშვი რძითა და რძის პროდუქტებით?

- რძის პროდუქტებთან ერთად ბავშვის ორგანიზმი ღებულობს ყველაზე მეტად ვიტამინ D-ს და კალციუმს. ვიტამინი D აძლიერებს კალციუმის შეწოვას, რაც მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის და ჯანმრთელი კბილებისთვის. მისი ნაკლებობა ბავშვებში ძირითადად რაქიტის სახით გამოვლინდება. ვიტამინი D-ს საკვები წყაროები ცოტაა, ამიტომაც ვიტამინი D-ს ადექვატური რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვებით რთულია. მზის სხივები ან ულტრაიისფერი სხივები ვიტამინი D-ს კიდევ ერთი წყაროა. ამიტომ პედიატრები ხშირად ვურჩევთ მშობლებს მზის აბაზანებს, სუფთა ჰაერზე ბავშვის გასეირნებას... ჩვილი ბავშვებისათვის ასევე რეკომენდებულია ვიტამინი D-ს 400 ს.ე. (10 მკგ) მიღება დღეში ერთხელ

საკვები პროდუქტების უმეტესობა D ვიტამინს არ შეიცავს. შედარებით მდიდარია ამ ვიტამინით ცხიმიანი თევზი. ვეგეტარიანელი ბავშვისთვის D ვიტამინის ალტერნატიულ წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს D ვიტამინით გამდიდრებული რძე ან მარცვლოვნები.

ასევე უმნიშვნელოვანესია რძის მიღება კალციუმის თვალსაზრისით. კალციუმი აუცილებელია ძვლებისთვის და კბილებისთვის. რძე და ზოგიერთი რძის ნაწარმი (მაგ. იოგურტი, მაწონი და ყველი) კალციუმის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რძეს კალციუმის საბადოსაც ვეძახით.

ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ. დაბალცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი შეიცავს იმდენ ან იმაზე მეტ კალციუმს, რამდენიც არის ჰომოგენიზებულ და ცხიმმოუხდელ რძეში.

ბავშვებისთვის ვინც ვერ/არ იღებს ძროხის რძეს, რეკომენდებულია კალციუმით გამდიდრებული ალტერნატიული რძე. რძის შაქრის, ლაქტოზის აუტანლობისას ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვმა მიიღოს ულაქტოზო რძე და მისი ნაწარმი. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი კალციუმით და ვიტამინი D მდიდარ პროდუქტებს მაინც არ იღებს, საჭიროა ამ პრეპარატების დამატებით მიცემა.

კალციუმის წყაროს 75 პროცენტს რძე და რძის ნაწარმი შეადგენს. ვეგეტარიანელი ბავშვების შემთხვევაში თუ ის რძეს არ სვამს, ყოველდღიურად უნდა იღებდეს კალციუმით მდიდარ საკვებს (ბროკოლი, ჩინური კომბოსტო, თხილეული, თესლეული) ან კალციუმით გამდიდრებულ მარცვლეულს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო რძის პროდუქტებში მაწონი, რომელიც ენდემური პროდუქტია. მაწონი ტრადიციული ქართული რძემჟავა პროდუქტია. რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების გამო. აღნიშნული ბაქტერიები - პრობიოტიკები - ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკები ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებენ. პრობიოტიკებს ხშირად კეთილ ბაქტერიებს უწოდებენ, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ცუდ ბაქტერიებს ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან, ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.

პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი, რომელიც ენდემურ დედოზეა დამზადებული, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული რძემჟავა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაწვნის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.

მაია ჩხაიძე - პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობის თავმჯდომარე

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი იღებს ბოსტნეულს და ასაკის მიხედვით დღეში 800 გრამიდან ორ ლიტრამდე წყალს, ეს იგივე წვნიანი გამოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ბავშვთა კვებაში წვნიანის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„წვნიანი ჩვენი გადმოსახედიდან არის ზოგ შემთხვევაში თერმულად სწორად დამუშავებული ბოსტნეული და ადუღებული წყალი. ზოგ შემთხვევაში არის დამატებული ხორცის წვნიანი, რომელიც ზოგჯერ არასწორად არის თერმულად დამუშავებული და მან შეიძლება მეტეორიზმის პრობლემები წარმოქმნას ბავშვებში. თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინგრედიენტებს ცალკე მოვამზადებთ, მაგალითად, ცალკე მოვამზადებთ ბოსტნეულის პიურეს, იქ უფრო კარგად იქნება თერმულად დამუშავებული. ე.წ. წვნიანი სწორად უნდა შევაზავოთ საგემოვნო ნივთიერებებით, რომ ბავშვს მოეწონოს, ან მას მივაღებინოთ მომზადების პროცესში მონაწილეობა. თუ ბოსტნეული იქნება ცალკე მომზადებული და ბავშვი ასაკის მიხედვით მიიღებს 800 გრამიდან 2 ლიტრამდე წყალს, იგივე წვნიანი გამოვა.

პედიატრებს გვაქვს სპეციალური კვებითი რეჟიმები, რომლებსაც ბავშვებს ვთავაზობთ. ადრეული ასაკის ბავშვებში ოქროს სტანდარტი არის დედის რძე. ადრეულ ასაკში სწორად წარმართული ძუძუთი კვება ეპიგენეტიკურად განსაზღვრავს ბავშვმა მოზრდილობაში რა საკვები უნდა მიიღოს. ჩემი მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორი კვების პროპაგანდა. სწორი კვება გულისხმობს, რომ მთელი რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი და 20% ხორცი, ხორცის პროდუქტები, ცილა, რძე, რძის პროდუქტები.

წვნიანი თერმულად სწორად უნდა დავამზადოთ. ცალკე ბოსტნეულის მომზადება თერმულად 5-7 წუთში შეიძლება. წვნიანის მომზადებისას წყალი ზოგჯერ შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში ადუღო. ამ დროის განმავლობაში იქ არსებული ინგრედიენტების ბიოლოგიური ღირებულება იკარგება, არც ვიტამინი გექნებათ, არაფერი აღარ გექნებათ. დაგრჩებათ გამომშრალი უჯრედისი და წყალი. სწორი კვება იქნება წვნიანით თუ წვნიანის გარეშე, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ჩემი სამი შვილი არ იღებს ამ წვნიანს. ზოგჯერ შეიძლება თვითონაც მოუნდეთ და თვეში ერთხელ სპეციალურად მოვუმზადოთ. ბებიები განსაკუთრებით კარგად ამზადებენ წვნიანებს. ახალი თაობის მშობლები მეტ-ნაკლებად ვეღარ ამზადებენ ამ წვნიანებს. მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ ერთი ულუფის მომზადებას 2 საათამდე დრო უნდა. ყოველდღე ამის გაკეთება, როდესაც სწორად გააკეთებ, არ არის მარტივი. თვეში ერთხელ წვნიანის მიღება ნორმალურია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები იღებენ 2 ლიტრამდე წყალს და ბოსტნეულს. ტერმინი „წვნიანი“ ბავშვთა კვებაში არ არსებობს. თუ მშობელს უნდა, თუ ბავშვს მოსწონს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. თუ ბავშვს არ მოსწონს, მაგრამ მშობელს უნდა, რომ მაინცდამაინც მიაღებინოს წვნიანი, თუ სჯერა, რომ წვნიანით მოგვარდება გასტროენტეროლოგიური პრობლემები (არ მოგვარდება, მაგრამ მაინც), ბავშვსაც უნდა მიაღებინოს მის მომზადებაში მონაწილეობა. ბებიებმა მშვენივრად იციან, როდის დაამატონ მწვანილი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, სტაფილო. წვნიანი მარტივი მოსამზადებელი არ არის. უნდა იცოდეთ, კონკრეტულ ბოსტნეულს მომზადების რა ტემპერატურული რეჟიმი აქვს,“ - მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად