Baby Bag

„მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. მშობელი ღელავდა, რადგან მისი ოთხი წლის შვილი მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს იმეორებდა სტერეოტიპულად, თუმცა წინადადებებს არ წარმოთქვამდა. ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მსგავს შემთხვევაში ბავშვი სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, რათა დადგინდეს აქვს თუ არა ბავშვს კომუნიკაციის დეფიციტი:

„როდესაც ოთხი წლის ბავშვი სტერეოტიპულად იმეორეს სიტყვებს, მაგრამ წინადადებებს არ წარმოთქვამს, ეს უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ. მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვი პედიატრთან, ბავშვთა ნევროლოგთან ან განვითარების ფსიქოლოგთან. სპეციალისტმა უნდა ნახოს, რამდენად აქვს ბავშვს კომუნიკაციის დეფიციტი, იმიტომ, რომ მეტყველება კომუნიკაციური ფუნქციაა. მან უნდა განსაზღვროს უნდა თუ არა ბავშვს საერთოდ ჩარევა. იქნებ არ უნდა?! იმიტომ, რომ მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა.

ადრე ასე ვიცოდით, რომ ბავშვმა ორ წლამდე უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ეს საკმაოდ გაფართოვდა. აქ მნიშვნელობა აქვს ბავშვის კომუნიკაცია როგორია, როგორია მისი ურთიერთობები, სოციალიზაცია და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ მეტყველებას, სიტყვათა მარაგი, მიზანმიმართული გამოყენება ამ სიტყვებისა, რაც მთავარია ამ სიტყვებიდან გამომდინარე არსის აღქმა და გადმოცემა მნიშვნელოვანია. ესეც სპეციალისტის საქმეა და მან უნდა შეაფასოს,“- აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლებელია, რომ გვიან ღამე ჭამო და წონაში დაიკლო კიდეც,“- ფიტნეს-ინსტრუქტორი სანდრო გოგოხია

„შესაძლებელია, რომ გვიან ღამე ჭამო და წონაში დაიკლო კიდეც,“- ფიტნეს-ინსტრუქტორი სანდრო გოგოხია

ფიტნეს-ინსტრუქტორმა სანდრო გოგოხიამ წონაში კლებაზე ღამით კვების გავლენის შესახებ ისაუბრა:

„ზოგს ისეთი ცხოვრების სტილი აქვს, რომ დღისით ვერ ახერხებს ჭამას და გვიან უწევს დიდი რაოდენობით საკვების მიღება. შესაძლებელია, რომ გვიან ღამე ჭამო და წონაში დაიკლო კიდეც. წონის დაკლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის ჭამ, არამედ მთელი დღის განმავლობაში რამდენს ჭამ.“

სანდრო გოგოხიას თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს საკვებს დღის პირველ ნახევარში ვიღებთ თუ მეორე ნახევარში, მთავარია კალორიები საჭირო რაოდენობით მივიღოთ:

„თუ მთელი დღის განმავლობაში იმ რაოდენობის საკვებს იღებთ, რამდენიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება იმისთვის, რომ წონის კლება მოხდეს, ​მნიშვნელობა არ აქვს ამას დღის პირველ ნახევარში მივიღებთ, თუ მეორე ნახევარში. კალორიების საჭირო რაოდენობის საერთო ჯამს თუ არ გადაცდებით, თუნდაც ძილის წინ ჭამოთ, წონის კლება მაინც მოხდება. თუნდაც ძილის წინ ტკბილი ჭამოთ, ეს წონის კლებას ხელს არ შეუშლის.“

„რაც უფრო ასაკი ემატება ადამიანს, მით უფრო ცოტა საკვები სჭირდება, რომ წონაში დაიკლოს. კალორიების რაოდენობას თუ იცავთ, ეს ყველაზე მთავარია. 1500 კალორიას ორ ჭამაზე გაჰყოფთ, შვიდზე, თუ ერთ ჭამაზე მიირთმევთ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა,“ - აღნიშნულ საკითხზე სანდრო გოგოხიამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად