Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ცალმხრივი სიყვარული ცოდვა არ არის" - მამა საბა ჭიკაიძე

,,ცალმხრივი სიყვარული ცოდვა არ არის" - მამა საბა ჭიკაიძე

არის თუ არა ცოდვა ცალმხრივი სიყვარული და რით განსხვავდება უსაფუძვლო ეჭვიანობა საფუძვლიანი ეჭვიანობისგან - ამის შესახებ მამა საბა ჭიკაიძე ​საუბრობს.

,,ცალმხრივი სიყვარული ცოდვა არ არის. უბრალოდ, ასეთ დროს თვითონ ეს ადამიანია ცოდო, რადგან ვერ იღებს საპასუხოდ იმავეს თავისი სიყვარულის ობიექტისგან. შენ შეგიძლია, გიყვარდეს ნებისმიერი ადამიანი. ცალმხრივი სიყვარულიც კი აკეთილშობილებს ადამიანს შინაგანად. თუმცა, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს, ყოველთვის სასურველია, რომ საპასუხო გრძნობასაც იღებდეს. 

რაც შეეხება ეჭვიანობას - ერთმანეთისგან კარგად უნდა გავმიჯნოთ საფუძვლიანი და უსაფუძვლო ეჭვიანობა. უსაფუძვლო ეჭვიანობა სიყვარული არ არის, ის გამომდინარეობს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებიდან - როდესაც ადამიანი საკუთარ თავს არ მიიჩნევს საკმარისად ლამაზად, ნიჭიერად, საკუთარი მეუღლის შესაფერისად, ასეთ შემთხვევაში ეწყებათ ხოლმე უსაფუძვლო ეჭვიანობა. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ თავიდან ეს ასე არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე იწყება უსაფუძვლო ეჭვიანობა. ანუ, რაღაც გარემოებების გამო, უქვეითდება ერთ-ერთს თვითშეფასება (სამწუხაროდ, ხშირად ამის მიზეზია, რომ თვითონ მეუღლე აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ა.შ), შესაბამისად, ეწყება ეჭვიანობების გამოვლინებები. ეს არის პათოლოგიები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა - საუკეთესო შემთხვევაში, ამ ადამიანმა უნდა მიმართოს მოძღვარს, მაგრამ თუკი მოძღვარი არ ჰყავს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს მაინც ან ვინმე ჭკვიან ადამიანს.

რაც შეეხება საფუძლიან ეჭვიანობას - როდესაც ეჭვიანობა საფუძვლიანია, ამას უკვე ეჭვიანობაც აღარ ჰქვია. ეჭვი როდის არის საფუძვლიანი? როდესაც ის დაგიდასტურდება. გონივრული ეჭვის შემთხვევაში, ადამიანმა უნდა გაარკვიოს - იქნებ, ცდება კიდეც. ასეთ დროს ადამიანმა კი არ უნდა დაიწყოს ურთიერთობის დანგრევა, არამედ, ძალიან დიდი სიფრთხილით, ნელ-ნელა უნდა დაიწყოს სიტუაციის გარკვევა. თუ დადასტურდა ფაქტი, მაშინ ის, რომ მეუღლემ მას უღალატა, არ ნიშნავს, რომ მანაც მსგავსი სამაგიერო უნდა გადაუხადოს ან შეუფერებლად მოიქცეს - ეს უკვე მის პირად ღირსებას შეურაცხყოფს და ღვთის წინაშე  არც ის იქნება მართალი", - აღნიშნავს მამა საბა ჭიაკიძე.

წაიკითხეთ სრულად