Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

სუფთა და დალაგებული სახლი ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს

სუფთა და დალაგებული სახლი ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს

დედები სახლის მოწესრიგებას და დალაგებას გამუდმებით ცდილობენ, რაშიც ხშირად ბავშვები ხელს უშლიან. პატარებს საკუთარი სივრცის მოწესრიგება ნაკლებად ახარებთ და მშობლებს იშვიათად ეხმარებიან. ბავშვებმა არ იციან, რომ დალაგებული და სუფთა სახლი მათ მენატალურ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად აისახება.

1. სუფთა და მოწესრიგებული სივრცე კონცენტრაციის უნარს აუმჯობესებს

სახლში თუ უწესრიგობა და ქაოსია, მშობლებს და ბავშვებს საქმეზე კონცენტრირება ძალიან უჭირთ. არეულობა გონებას კონკრეტულ ამოცანაზე კონცენტრაციაში ხელს უშლის. არეულობა განსაკუთრებით უშლის ხელს ბავშვებს, როდესაც ისინი საშინაო დავალების მომზადებას ცდილობენ ან ძილის წინ გარკვეულ რუტინას ასრულებენ. პრობლემის მარტივად მოგვარებისთვის, სახლის დალაგება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. საჭირო არ არის, რომ ყველაფერი ძირფესვიანად მოაწესრიგოთ. 10-წუთიანი დალაგების პროცესი თქვენი შვილის კონცენტრაციის უნარს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

2. სუფთა სახლი განწყობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს

შესაძლოა, სახლის დალაგების პროცესი სტრესული იყოს, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული სახლი ყველა ადამიანის განწყობას აუმჯობესებს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სუფთა საცხოვრებელი სახლი ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკებს ამცირებს და დაღლილობას ხსნის. დალაგებულ სახლში განტვირთვისა და დამშვიდების მეტი შესაძლებლობაა. ქაოსი კი ბევრ ადამიანში შფოთვას და გაღიზიანებას იწვევს. გარდა ამისა, თავად დალაგების პროცესიც ბევრისთვის განტვირთვის ერთ-ერთი გზაა. ბავშვებზე განმეორებითი მოქმედებები: ტილოთი ზედაპირის გაწმენდა, ნივთების დალაგება დამამშვიდებლად მოქმედებს.

3. მოწესრიგებული ოთახი ბავშვს თავდაჯერებას სძენს

მოწესრიგებულ და სუფთა ოთახში ბავშვს თავდაჯერება ემატება. ის ფიქრობს, რომ საკუთარ ცხოვრებას მეტად აკონტროლებს. ქაოსში მყოფი ბავშვი კი გაურკვევლობაშია და უსიამოვნო განცდები აწუხებს. მაშინაც კი, თუ თქვენს შვილებს დალაგება თავად არ უყვართ, დალაგებული და სუფთა სახლი მათთვის ბევრი სარგებლის მომტანია. დროა, ყველამ შესაბამისი ინვენტარი მოიმარჯვოთ, თქვენი საყვარელი მუსიკა ჩართოთ და სახლი ერთად დაალაგოთ. ასე თქვენს საცხოვრებელ გარემოს მარტივად და სწრაფად მოაწესრიგებთ, რაც გადაღლას აგარიდებთ.

წყარო: ​moms.com

წაიკითხეთ სრულად