Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში იმუნიტეტის შეძენა ხშირი ავადობით ხდება, ასე ყალიბდება იმუნოლოგიური მეხსიერება ვირუსების მიმართ,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბავშვებში იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ საუბრობს:

„ბავშვი ნულიდან ერთ წლამდე, ფაქტობრივად, არ ავადობს, თუ ავადობს, ძალიან იშვიათად იმიტომ, რომ მას დედისგან გადაცემული იმუნიტეტი აქვს. ერთი წლის შემდეგ ბავშვი იწყებს ხშირ ავადობას, განსაკუთრებით, რესპირატორული, ვირუსული ინფექციებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს სააღმზრდელო დაწესებულებაში. მას აქვს ბევრი კონტაქტი, აქედან გამომდინარე ის იწყებს ავადობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ამერიკის პედიატრთა აკადემიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ავადობის უფლება აქვს წელიწადში ექვსჯერ ან რვაჯერ. ვირუსული ინფექციებით ავადობასაც გააჩნია. ერთია ხშირი ავადობა და მეორეა ხანგრძლივი ავადობა. თუ ბავშვს ვირუსული ინფექცია აქვს და ხუთი დღის განმავლობაში თვითონვე ალაგდა ყველაფერი, დარეგულირდა ტემპერატურა, გაქრა რესპირაციული სიმპტომები, ე.ი. საქმე გვაქვს ნორმალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებასთან.“

ინგა მამუჩაშვილის თქმით, შეუძლოდ მყოფ ბავშვს ექიმის ყურადღება აუცილებლას ესაჭიროება:

„ექიმის ყურადღება ყოველთვის აუცილებელია. ტემპერატურიდან მეორე-მესამე დღეს ბავშვი აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუმცა მედიკამენტის მიცემა აბსოლუტურად არ წარმოადგენს აუცილებლობას. ეს არის ნორმა. ასე ხდება იმუნიტეტის შეძენა. ასე ყალიბდება გარკვეული ვირუსების მიმართ იმუნოლოგიური მეხსიერება, ხშირი ავადობით. იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე სხვა უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს. განსაკუთრებით მოქმედებს ეკოლოგიური სიჯანსაღე. პროდუქტები არ უნდა იყოს გაჯერებული ნიტრატებით. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, სწორი და დარეგულირებული ძილი, ამასთან ერთად ნაკლები სტრესი, ნაკლები ძალადობა ბავშვებზე, თუნდაც იმით, რომ აი, ეს აუცილებლად უნდა ჭამოს.“

ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, რომ ექიმის ნებართვის გარეშე ბავშვისთვის ვიტამინის მიცემა არ შეიძლება:

„ვიტამინი, ისევე როგორც სხვა მედიკამენტები, შეიძლება, იყოს ორგანიზმისთვის შხამი. თუმცა ვიცით, რომ ვიტამინები შეუცვლელი და აუცილებელია. ვიტამინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, ამიტომ, ის სწორი, ბალანსირებული კვებით უნდა მივიღოთ. ზოგიერთი ბავშვი პრინციპულად არ იღებს ხორცს, არ იღებს თევზს, ბოსტნეულს, ხილს და ა.შ. მიუხედავად ამისა, ყველა კონკრეტულ შემთვევაში ვიტამინების დანიშვნა უნდა გადაწყვიტოს ექიმმა.“

„არსებობს კვლევა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ D ვიტამინს 25-ჯერ შემცირდა კოვიდით გამოწვეული სიკვდილობა. თუმცა ეს კვლევა ბავშვებზე არ ჩატარებულა, მხოლოდ მოზრდილებზე. D ვიტამინი მონაწილეობას იღებს იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად, მე ამ კვლევას ვეთანხმები,“- აცხადებს ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად