Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

არასდროს შეწყვიტოთ თქვენი შვილების გაღიმების მცდელობა… ეს ყველა დედისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს

არასდროს შეწყვიტოთ თქვენი შვილების გაღიმების მცდელობა…  ეს ყველა დედისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს

დედების დღის გრაფიკი ძალიან დატვირთული და დამღლელია. მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი უმთავრესი მიზანი, რომლის შესრულება ნებისმიერმა მშობელმა ყოველდღიურ აუცილებლობად უნდა მიიჩნიოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, არასდროს შეწყვიტოთ თქვენი შვილების გაღიმების მცდელობა.

ერთი გაღიმება ბავშვის მთელი დღის განწყობას ცვლის. როდესაც საქმეში ხართ გართული და თქვენი შვილების კვებაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობთ, ერთი წამით შეჩერდით, ბავშვებთან მიდით და ეცადეთ, რომ ისინი გააღიმოთ.

შვილის ერთი გაღიმება თქვენს ყურადღებას დროებით გადაიტანს იმ უამრავი პრობლემისგან, რომლითაც ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა ნამდვილად დახუნძლულია. პრობლემებისგან მცირე შესვენება ყველასთვის აუცილებელია.

სიცილი და ღიმილი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარება, როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებსაც.

თქვენი ერთი გაღიმება ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მოგწონთ, გიყვართ. თქვენი ღიმილი და დამოკიდებულება მასაც გადაედება. ოჯახში ღიმილისა და სიცილის საოცარი ჯაჭვი შეიქმნება, რაც ყველას გაგაბედნიერებთ.

ბავშვის ღიმილიანი სახე დედის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს. არასდროს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ თქვენი შვილები გააღიმოთ და გააცინოთ. მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გაქვთ, ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა ყოველდღიურად ღირს.

წყარო:​ imom.com

წაიკითხეთ სრულად