Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების ეს ორი ჯგუფი მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ არის - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ბავშვების ეს ორი ჯგუფი მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ არის - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა მშობლის მხრიდან ბავშვზე ჰიპერმზრუნველობის მავნე შედეგებზე ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, მშობელი ცდილობს, რომ ბავშვი დაიცვას მაქსიმალურად, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, ბავშვების ორი ჯგუფია მრავალი შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ. პირველი ჯგუფი არის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ე.წ. ჰიპერაქტივობისა და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის პრობლემები. მეორე ის ბავშვები, რომლებიც ჰიპერმზრუნველობით იზრდებიან.“

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ადამიანი 21 წლამდე მწვავე, ხოლო 21 წლიდან 31 წლამდე არამწვავე შეცდომებით სწავლობს:

„21 წლამდე ასაკს ვეძახით მწვავე შეცდომებით გამოცდილების მიღების ასაკს. 21 წლიდან 31 წლამდე არამწვავე შეცდომებით გამოცდილების მიღების ასაკს. მხოლოდ 31 წლიდან არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა პრაქტიკულად გაანულოს შეცდომები რაოდენობა. ესეც იშვიათ შემთხვევებში გვხვდება.“

„როდესაც ბავშვი მიჩვეულია, რომ მას მშობლის სიგნალი აჩერებს, ​საკმარისია მშობელმა ყურადღება მოადუნოს და შეიძლება, ტრავმატიზმი ფატალურად დამთავრდეს. სანამ არ დაუძახებს დედა, მიცოცავს ხეზე. დედამ ან ძიძამ ყურადღება თუ მოადუნა, იქ უკვე ბევრად მეტი საშიშროება იქმნება. ამიტომ მაქსიმალურად არის საჭირო, რომ მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ ბავშვს ამ შემთხვევებში,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ ისაუბრა.

წყარო: ​„ნაშუადღევს“

წაიკითხეთ სრულად