Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება; ეს არ არის ამბის მიტანა“

„ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება; ეს არ არის ამბის მიტანა“

„საზოგადოებაში ბავშვის თავის დამკვიდრება, მიკუთვნების განცდა არის ყველაზე მთავარი მას შემდეგ, რაც ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოხდება“, - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ პირველი არხის გადაცემაში  „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.

„ასე ორი წლის ასაკიდან ბავშვი გამოეჯაჭვება ოჯახს და აღმოაჩენს, რომ საკუთარი „მე“ გააჩნია. აქედან უკვე იწყება მისი მოგზაურობა სრულიად სხვა სამყაროში., როდესაც მან ამ სამყაროს კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროს. უკვე მას უყურებს უკუკავშირის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმარია - როგორი ვარ მე, კარგი თუ ცუდი. ეს მოგზაურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის შემდგომ პიროვნულად ჩამოყალიბებაში. აქ გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბავშვები მიმბაძველი არსებები არიან. ისინი უნდა წავახალისოთ, რომ მშობელს მოუყვნენ, რა ხდება. ეს არ არის ამბის მიტანა. გადავიტანოს ეს გულწრფელობის რანგში იმიტომ, რომ შემდეგ ხდება ხოლმე ძალიან სერიოზული პრობლემები, როდესაც ბავშვი ვერ ამბობს რაიმეს ვერავისთან და ამას მოჰყვება ხოლმე კატასტროფული შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. ის უნდა იყოს შემეცნებითი - რა მოხდა? ეს უნდა გავარკვიოთ და გადავიტანოთ აღწერით პლანში. ბავშვი უნდა მოჰყვეს, რა მოხდა, რა იგრძნო. ცხადია, ეს მისი ინტერპრეტაციაა. 

სკოლასა და საბავშვო ბაღთან მშობლის თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ფაქტორი ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაგvეზაროს, არა იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვენ რაიმე დავაბრალოთ სკოლას, მასწავლებელს, სხვა მშობელს, უბრალოდ, უნდა გამოვიძიოთ - რა ხდება. იქიდან ხშირად შესაძლოა, მტრული დამოკიდებულება იყოს სხვა მშობლისგან, მასწავლებლისგან, რადგან ყველას აქვს თავდაცვითი მომენტი, რომ ვინმემ რამე არ დამაბრალოს და ვინმემ არ იფიქროს, რომ მე შეცდომა დავუშვი. აქ მივდივართ საზოგადოებაში ყველაზე მთავარ ღირებულებასთან - შეცდომის უარყოფასთან“, - აღნიშნა გაგოშიძემ.

წყარო: ,​,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად