Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ასეთი ლოცვით შევხვდებით ახალ წელს, ახალი წელი ყველაზე უკეთესი იქნება, ყველა წარსულ წელს გადააჭარბებს,”- შალვა ამონაშვილი

„თუ ასეთი ლოცვით შევხვდებით ახალ წელს, ახალი წელი ყველაზე უკეთესი იქნება, ყველა წარსულ წელს გადააჭარბებს,”- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა საახალწლოდ საინტერესო რჩევები მოგვცა და გვირჩია, რომ ახალ წელს საკუთარი თავის განახლების სურვილით შევხვდეთ:

„როდესაც საქმეს უყურებ შენი თავის განახლებით, ჩათვალე, რომ შენს ირგვლივ სამყარო განახლდება, შენი წილი ველი შეიცვლება. შენს ეზოში, სახლში რაღაც შეიცვლება ისე, რაც მომსვლელს გაახარებს. რაში გვჭირდება სახლი და სასახლეები, თუ იქ ვიღაც არ მოგვივა და არ გაიხარებს ამით ჩვენთან ერთად?!“

შალვა ამონაშვილის თქმით, ღმერთის მიმართ ჩვენი თხოვნები უნდა შევცვალოთ:

​ახალი წელი შეხვდება მას, ვინც განიახლებს თავს. განიახლებს იმით, რომ ახედავს ღმერთს და ეტყვის: „აქამდე ხომ გეხვეწებოდი: მომეცი ეს, მომეცი ის, დამიხსენი, მიშველე, ახლა გეუბნები: მე შენ ძალიან მიყვარხარ და აი, შემოგწირე ჩემი უხიაგი ხასიათი, შემოგწირე ჩემი წყენა, გულისწყრომები, ჩემი სიძულვილები მეზობლისა და ვიღაცის მიმართ... აღარ მინდა ეს მამძიმებდეს მე... შენ წაიღე.“ როგორ ფიქრობთ, როგორი საჩუქარი იქნებოდა ეს უფლისთვის?!“

„თუ ასეთი ლოცვით შევხვდებით ახალ წელს, ახალი წელი ყველაზე უკეთესი იქნება, ყველა წარსულ წელს გადააჭარბებს. თუ ახალი წელი გასულზე უკეთესი არ იქნება, მაშინ რა გვიცხოვრია ისეთი, რომ ვიამაყოთ იმით? ყოველი წელი უნდა აჭარბებდეს წასულს. ეს ისეა, როგორც მამა და შვილი. რაც უნდა კარგი იყოს მამა, შვილმა ცოტათი უნდა გადააჭარბოს მამას. ასე გაზრდილი შვილი იქნება ნამდვილი საჩუქარი ქვეყნისა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად