Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასურველია, რომ განსაკუთრებით ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო," - ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

„სასურველია, რომ განსაკუთრებით ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო," - ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

„სასურველია, რომ განსაკუთრებით ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. მეუღლეები ხან იკამათებენ, ხან შერიგდებიან, ხან ნეგატიურ ემოციებს გამოხატავენ, ხან პოზიტიურს. ამის გაკეთება, როდესაც იქ სხვა არავინ არ არის, გაცილებით იოლია. როდესაც კიდევ ვიღაცები არიან, მათი გათვალისწინება გვიწევს, მაგალითად, დილას ადგომისას, აბაზანაში შესვლისას, კამათისას, ლაპარაკისას.“

ზაზა ქოიავას თქმით, მრავალთაობიან ოჯახებში წყვილის თვითმყოფადობა იზღუდება:

​ოჯახური თანაცხოვრება ნიშნავს იმას, რომ შენთან ყველაზე თვითმყოფადი ვარ. ჩემს მეორე ნახევართან ერთად ბოლომდე გახსნილი, ბოლომდე ღია ვარ. ეს თვითმყოფადობა, როდესაც კიდევ ვიღაცები არიან, მაინც იზღუდება. საბოლოო ჯამში გაღიზიანების მომენტია და მერე შეიძლება ბრაზი ასაკოვან დედ-მამაზე გადავიტანო, შესაძლებელია პარტნიორზე გადავიტანო. შეიძლება აბსოლუტურად სხვა რაღაც მაღიზიანებდეს და სხვა რამეს დავაბრალო.“

„საქართველოში ეს პრობლემა იკვეთება ძალიან. კონსერვატიული ქვეყანა ვართ და ცალკე გასვლის პრობლემა არსებობს. სოციალურად არ ვართ მდიდარი ქვეყანა, რის გამოც იშვიათია ცალკე გასვლის საშუალება. შეხედულებები არის აბსოლუტურად სხვადასხვა დედამთილის, მამამთილის, ცოლის, სიდედრის, სიმამრის, რძლის, მულის. მე ჩემს ოჯახში ჩემი შეხედულებით მინდა ცხოვრება,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ქოიავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად