Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელმა, შესაძლოა, ვერ მოახერხოს დიფერენცირება ხველა ფილტვის და ყელის პრობლემით არის გამოწვეული, თუ წიკია,“ - პედიატრი თეა ჯანაშია

„მშობელმა, შესაძლოა, ვერ მოახერხოს დიფერენცირება ხველა ფილტვის და ყელის პრობლემით არის გამოწვეული, თუ  წიკია,“ - პედიატრი თეა ჯანაშია

პედიატრმა თეა ჯანაშიამ ბავშვებში წიკების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენეტიკას ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ბავშვებში წიკების წარმოშობის მიზეზი უცნობია, თუმცა ძალიან დიდი პროცენტული წილი გენეტიკურ ფაქტორებს ეკუთვნის. ბავშვებში ჰიპერკინეზებით არ არსებობს მემკვიდრულ რიგში არ ჰქონდეს ეს ვინმეს. არ არის აუცილებელი ეს დედ-მამას ან დედმამიშვილს ჰქონდეს. 10%-ში ეს არის აბსოლუტურად ჯანმრთელ პოპულაციაში და თავისთავად უკუგანვითარდება. ძალიან ხშირად ხდება წიკების აღრევა სხვა პათოლოგიებთან.“

თეა ჯანაშიას თქმით, ზოგჯერ თვალის ხამხამით მიმდინარე წიკის გამო ბავშვები ოფთალმოლოგთან მიჰყავთ, რაც შეცდომაა:

„თვალის ხამხამით მიმდინარე წიკებს ხშირად მიაწერენ ხოლმე თვალის პათოლოგიას. ასეთ ბავშვებს ხშირად უწევთ სპეციალისტთან ზედმეტად მისვლა. ჩვენს პრაქტიკაში დაფიქსირდა გახანგრძლივებული ხველის გამო პულმონოლოგთან ვიზიტი. დაინიშნა გარკვეული მედიკამენტოზური მკურნალობაც, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტიანი აღმოჩნდა. საბოლოოდ ხველა აბსოლუტურად სპონტანურად უკუგანვითარდა.“

„მშობელმა, შესაძლოა, ვერ მოახერხოს დიფერენცირება ხველა ფილტვის და ყელის პრობლემის გამოა,თუ წიკია. მან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პედიატრს უნდა მიმართოს. შესაძლოა, ნევროპათოლოგის ჩართულობაც გახდეს საჭირო. თუ მარტივ წიკთან გვაქვს საქმე, ეს დროის ამბავია და მოცდა უნდა. ის სპონტანურად უკუგანვითარდება. მოტორული წიკი მარტივ წიკებში ერთიანდება. თუ მას თანდართული აქვს ხმოვანი წიკი, ეს უკვე რთული წიკია,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა ჯანაშიამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად