Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დასჯას ძალიან დიდი ტაქტი და ცოდნა სჭირდება და ის გადაიქცევა ყველაზე კარგ, მნიშვნელოვან სააღმზრდელო მომენტად,"- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„დასჯას ძალიან დიდი ტაქტი და ცოდნა სჭირდება და ის გადაიქცევა ყველაზე კარგ, მნიშვნელოვან სააღმზრდელო მომენტად,"- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვთან დასჯის აღმზრდელობით მეთოდად გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასჯა უშუალოდ ქმედებას არ უნდა დავუკავშიროთ:

​დასჯა უშუალოდ ქმედებას არ უნდა უკავშირდებოდეს. პირველ რიგში, სიტუაცია უნდა იყოს ჩვენ მიერ შესწავლილი და გაცნობიერებული. ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ წახალისებაზე, დასჯაზე და ა.შ. თუ ბავშვი ჭირვეულია ძალიან, მაშინ ჩვენ მისი ჭირვეულობის იგნორირებას ვაკეთებთ. შეიძლება ამის საფუძველი იყოს მოთხოვნილება იმისა, რომ ბავშვმა მიიქციოს მშობლის ყურადღება.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვის ჭირვეულობის იგნორირება ეფექტიანი მეთოდია:

„როდესაც ჩვენ ბავშვის ჭირვეულობას არ მივაქციეთ ყურადღება, იგნორირება გავუკეთეთ, ინსტრუმენტად ქცეული ჭირვეულობა გავაუფასურეთ. ჭირვეულობას მნიშვნელობა უნდა დავუკარგოთ. წავახალისოთ ბავშვი, თუ ის ისეთ რამეს გააკეთებს, რაც მის ასაკს წინ უსწრებს. ვთქვათ, ბავშვი ჰიგიენას არ იცავს, კბილებს არ იხეხავს დილას, სჭირდება სულ შეხსენება. ერთხელაც თავისით გაიხეხა კბილები, მაშინ უნდა წავახალისოთ, ვუთხრათ: „ყოჩაღ, შენ შეგიძლია ამის გაკეთება.“ ეს შექებაც არ უნდა იყოს გადაჭარბებული.“

„ყოველ საყვედურში, დასჯაში ბავშვის პიროვნულობა თუ იქნება არათუ ხელყოფილი, არამედ პირიქით, უფრო მეტად მივანიჭებთ ღირსებას, მაშინ დასჯასაც აზრი აქვს და რა თქმა უნდა, წახალისებასაც. ​დასჯას ძალიან დიდი ტაქტი და ცოდნა სჭირდება და ის გადაიქცევა ყველაზე კარგ, მნიშვნელოვან სააღმზრდელო მომენტად. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყოველთვის, რომ პიროვნება არ უნდა იყოს ხელყოფილი. რაღაც ისეთი თუ გააკეთა, კი არ ვეუბნებით: „რატომ გააკეთე?“ ვეუბნებით: „ეს შენ როგორ მოგივიდა?!“ ამით ჩვენ მას ნდობას ვუცხადებთ და ვაგრძნობინებთ, რომ მისი ცუდი ქცევა გამონაკლისია,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად