Baby Bag

„რატომ ვაძლევთ ჯანმრთელ, ფიზიკურად აქტიურ ბავშვებს მობილურებს და პლანშეტებს? კატასტროფაა, უმოძრაობაა ბავშვებში,“ - ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

„რატომ ვაძლევთ ჯანმრთელ, ფიზიკურად აქტიურ ბავშვებს მობილურებს და პლანშეტებს? კატასტროფაა, უმოძრაობაა ბავშვებში,“ - ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებში წონის პრობლემის საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა გაჯეტების მოხმარების ზრდის პრობლემას. მისი თქმით, მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდანვე აჯილდოვებენ პლანშეტებითა და მობილურებით, რის გამოც პატარებში უმოძრაობის პრობლემა დგას. ეს ყოველივე კი ბავშვების ჯანმრთელობასა და წონაზე ნეგატიურად აისახება:

„წონაზე რაკი ვსაუბრობთ, ასეთ პატარა ამბავს მოვყვები. ჩემი ქალიშვილი ახლა მესამე კლასშია. ერთხელ მოვიდა შარშან, როდესაც მეორე კლასში იყო. ისიც მედიკოსების ოჯახში იზრდება და ასეთ საკითხებს ყურადღებას აქცევს. მითხრა: მამა, რა ხდება? ძალიან ვწუხვარ. კლასელი ბიჭები ადრე სულ ეზოში თამაშობდნენ დიდ შესვენებაზე ფეხბურთს. მე ვკითხე, ახლა რას აკეთებენ-მეთქი. ახლა კლასში სხედან და მობილურებში თამაშობენო. მთელი კლასი ასე იქცევა.

ბავშვებმა გარკვეულ ასაკს რომ მიაღწიეს, მშობლებმა მობილური ტელეფონებით დაასაჩუქრეს. გოგონებმა ახლა მიიღეს საჩუქრად მობილურები მესამე კლასში. იცით რა არის? ეს კატასტროფაა, უმოძრაობაა. კი ბატონო, მესმის, როდესაც სხვა საშუალება არ აქვს ადამიანს, როდესაც ფიზიკურად შეზღუდულია, მაგრამ პატარა, ჯანმრთელი, ფიზიკურად აქტიური ბავშვები არიან. რატომ ვაძლევთ ამ მობილურებს, პლანშეტებს, ამ სათამაშოებს?! არ სჯობს, ბავშვებმა ერთმანეთთან იურთიერთონ,ითამაშონ, გარეთ გავიდნენ, მზის სხივებს მიუშვირონ კანი?! ზედმეტი წონის პრობლემაც ნაკლებად აქტუალური გახდება ამ შემთხვევაში. ამას ვუსურვებდი უბრალოდ მშობლებს,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ახლა რაღაც მედიკამენტს სვამს, ამ ვიდეოს ყურადღებით მოუსმინე,“ - გიორგი ღოღობერიძე

„თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ახლა რაღაც მედიკამენტს სვამს, ამ ვიდეოს ყურადღებით მოუსმინე,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ პაციენტებში საკვები დანამატების დიდი რაოდენობით მიღების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უმრავლეს შემთხვევაში სარგებელი არ მოაქვთ:

„ძალიან ბევრ პაციენტს, ასაკს მნიშვენლობა არ აქვს, გინდა იყოს ახალგაზრდა ან მოხუცი, ასევე მნიშვნელობა არ აქვს დაავადებას, დანიშნული აქვთ ერთი და იგივე რაღაც, რაც არავითარ შემთხვევაში გამართლებული არ არის. თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ახლა რაღაც მედიკამენტს სვამს, ამ ვიდეოს ყურადღებით მოუსმინე. არის მედიკამენტები, რომელშიც ფულის გადახდა და რომლის მიღება არ არის სწორი.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, მან მიიღო პაციენტი, რომელსაც 5 საკვები დანამატი ერთდროულად ჰქონდა დანიშნული:

„ერთ-ერთი მსგავრი რამ არის საკვები დანამატები. დღეს მყავდა პაციენტი, რომელსაც დანიშნული ჰქონდა 15 წამალი. ჯერ 15 წამალი რომ იყო დანიშნული, ეს ხომ კატასტროფაა. ყურადღება მიიქცია იმან, რომ ამ 15 წამლიდან 5 იყო საკვები დანამატი. ეს პრეპარატები საკმაოდ ძვირი ღირს. ეს არ არის 5 და 10 ლარიანი მედიკამენტები. ეს იყო 55 ლარიანი, 90 ლარიანი მედიკამენტები. ეს რეალობაში მედიკამენტიც არ არის, უბრალოდ მედიკამენტის სახელი აწერია. ეს საკვები დანამატია, რომელიც პაციენტს რაღაცის გამო აქვს დანიშნული.“

გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ ის საკვები დანამატების მიღებას არ მიესალმება:

„მე არ მივესალმები ამას. პაციენტებს საკვები დანამატები არაფერში არ სჭირდებათ, თუ ამის ჩვენება არ აქვთ. მე დღეს რა პაციენტებიც მყავდა, არცერთ მათგანს არ ჰქონდა საკვები დანამატების მიღების ჩვენება. თუ შენ ხარ პაციენტი, რომელსაც გაქვს გამოწერილი მედიკამენტების სია, მოძებნე ეს წამლები. თუ აწერია, რომ ეს საკვები დანამატია, დიდი ალბათობით ის შენ არ გჭირდება. დღეს პაციენტს ვუთხარი: ეს არ გინდა, ეს არ გინდა, გადავხაზე ეს მედიკამენტები და არაფერი არ შემრჩა ხელში. 15 წამლიდან რეალობაში დავიტოვე მხოლოდ ორი. პაციენტი მეუბნება, გავიყიდეო. გაიყიდება, აბა რას იზამს?!დანამატი იცი ვის სჭირდება? ვინც საკვებს საერთოდ ვერ იღებს. დანამატი შეიძლება დასჭირდეს ადამიანს, რომელიც არის 50 წელზე მეტი ასაკის. მას დასჭირდება მარტო D ვიტამინი, ან მარტო Vitamin B12. შეიძლება დანამატი შესთავაზო ქალბატონს, რომელიც აპირებს დაფეხმძიმებას. დანამატი შეიძლება დასჭირდეს 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგალითად A ვიტამინი, D ვიტამინი. შეიძლება ვიტამინი დასჭირდეს ადამიანს, რომელიც ხორცს არ ჭამს. აქ საქმე ეხება B12 ვიტამინსა და ფოლიუმის მჟავას.“

„თუ შენ ხარ პაციენტი, რომელსაც ხელფასი არც ისე დიდი აქვს და გიწევს წამლების ყიდვა, რომელიც გრძელი სიის სახით არის მოწოდებული და ფიქრობ აქედან რომელი გჭირდება ან რომელი არ გჭირდება, მოძებნე თითოეული წამლის სახელი. თუ ამოგივარდება, რომ ეს დანამატია, დიდი ალბათობით შენ ეს არ გჭირდება. 100 ლარის მაგ წამალში გადახდას, შეგიძლია წახვიდე, იყიდო 100 ლარის ხილი, 100 ლარის თევზი. უფრო მეტი იქნება სარგებელი,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ Usmle მოსამზადებელი ცენტრი 

წაიკითხეთ სრულად