Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ჭამის დროს 500 მლ წყლის დალევა წონაში კლებას უწყობს ხელს

ჭამის დროს 500 მლ წყლის დალევა წონაში კლებას უწყობს ხელს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკვების მიღების დროს წყლის დალევაზე საუბრობს.

„კუჭი მთელი დღის განმავლობაში წარმოქმნის 1 400-1 500 მლ-მდე კუჭის წვენს, სადაც არის:

მარილმჟავა, რომელიც ანადგურებს კუჭში მოხვედრილ ყველანაირ პათოგენს, მიკრობს, მეორე მხრივ, იწვევს საკვებში არსებული ცილების დენატურაციას, გაშლას და მესამე მხრივ, ააქტიურებს კუჭში არსებულ სხვა ფერმენტებს;

1. კუჭის ლიპაზა;

2. კუჭის პეპსინი, რომელიც ცილებს შლის.

თუ ჩვენ საკვების მიღების დროს დავლევთ წყალს, ეს შეაფერხებს მარილმჟავის აქტივობას?

თუ კუჭს შიგნიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ საკვების მოხვედრის შემდეგ კუჭი დაიწყებს მარილმჟავის გამოყოფას. როგორც კი მარილმჟავა იმოქმედებს საკვებზე, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დაიწყება მონელება. თუ ადამიანი ამ დროს დალევს წყალს, თითქოს ერთი შეხედვით მიღებულმა წყალმა ეს მჟავა უნდა განაზავოს, მაგრამ არა. ჩვენ კუჭის ქვედა ნახევარში, ახლოს წვრილ ნაწლავთან გვაქვს პატარა სექცია, რომელსაც ჰქვია ანტრუმი. ის მაშინვე გრძნობს, რომ კუჭში მჟავიანობა საკმარისი არ არის, დაიწყებს სპეციალური G უჯრედებით გასტრინის გამოყოფას, ეს გასტრინი გადავა სისხლში, იმოქმედებს კუჭის სხეულზე და აიძულებს მას, რომ კიდევ თავიდან, ახალი ულუფა დაამატოს მარილმჟავისა“.

მისი თქმით, საკვების მიღების დროს წყლის დალევა არ არის პრობლემა, მჟავიანობა არ განზავდება, თუ ადამიანი ჯანმრთელი და მისი კუჭი ნორმალურია. ასევე, ჩვენ ისედაც ვიღებთ ისეთ საკვებს, რომელშიც ძალიან ბევრი წყალია, მაგალითად, ფორთოხალი, ანანახი, ჟოლო(87% წყალი), საზამთრო, ნესვი(90% წყალი), თუმცა ადამიანს მათი მონელება არ უძნელდება.

აქ საუბარი იყო მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანზე, რომელსაც დაავადებები არ აწუხებს.

„მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოხუც ადამიანზე, რომელსაც უჭირს კუჭში მჟავიანობის შენარჩუნება, ვისაც აწუხებს ატროფიული გასტრიტი, ან ვინც სვამს კუჭში მჟავიანობის დამაქვეითებელ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში, მართლაც შეიძლება საკვების მიღების დროს წყლის დალევამ გამოიწვიოს მჟავიანობის განზავება და საკვების მონელების შეფერხება. ასევე, თუ თქვენ გაწუხებთ გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ჭამის დროს წყლის დალევა გულძმარვას გამოიწვევს.

ძალიან პატარა კვლევა იყო ჩატარებული, რომლის განმავლობაშიც ნახეს, რომ როცა ადამიანი საკვების მიღების დროს წყალს სვამდა(500 მლ), აღენიშნებოდათ წონის კლება. წყლის სმის დროს ჩვენ სიმაძღრის შეგრძნება გვრჩება, აქედან გამომდინარე მეტ საკვებს აღარ ვიღებთ, შესაბამისად საკვების მიღების დროს წყლის დალევამ შეიძლება დაგვიქვეითოს მადა. ამასთან, კიდევ ერთი სარგებელი არის შეკრულობის პრობლემის მოგვარება.“

ექიმი გვირჩევს, თუკი ჩვენ საკვების მიღების დროს წყალს ვსვამთ, შევეცადოთ, რომ წყალი არ იყოს ძალიან ცივი. 

წყარო: ​,,მთავარი დიაგნოზი''

წაიკითხეთ სრულად